საქმე №ას-211-204-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ლ-ე (ძირითად სარჩელში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში –მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ განქორწინება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ-ის მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2000 წლის 24 ივნისიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ. ლ-სთან, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი – 2001 წლის 22 აპრილს დაბადებული თ. გ-ა და 2006 წლის 17 აპრილს დაბადებული მ. გ-ა. ბავშვები სწავლობენ სსიპ „ბ-ის №..-ე საჯარო სკოლაში“. თ. გ-ა მე-4 კლასშია, ხოლო მ. გ-ა – პირველ კლასში.
მეუღლეთა შორის არის დაძაბული ურთიერთობა. 2010 წლის აგვისტოში მოპასუხე სახლიდან წავიდა და ორივე შვილი მამასთან დატოვა.
2011 წლის აპრილში თ. გ-ს წინააღმდეგომის მიუხედავად, ლ. ლ-მ ბავშვი წაიყვანა თავისი მამის სოფელში. აღნიშნულის გამო თ. მოსწყდა სასწავლო პროცესს და ქორეოგრაფიული ანსამბლის რეპეტიციებს.
მ. გ-ა ამჟამადაც მოსარჩელესთან ცხოვრობს.
ლ. ლ-ს სოფლად არ გააჩნია ის პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების ნორმალურად აღზრდა-განვითარებას. მოპასუხე მხარის უსაფუძვლო და გაუაზრებელი მოქმედებებისა და მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენების გამო ილახება ბავშვების ინტერესები.
მოპასუხემ სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანი შვილების – თ. და მ. გ-ების საცხოვრებელი ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
ბავშვების ასაკის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, რომ მათ იცხოვრონ დედასთან. ბავშვებს მუდმივად ესაჭიროებათ დედის მზრუნველობა და სითბო. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თ. გ-ს კატეგორიულად არ სურს ბ-ში მამასთან წასვლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. გ-სა და ლ. ლ-ს შორის 2000 წლის 24 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, 2001 წლის 22 აპრილს დაბადებული თ. გ-სა და 2006 წლის 17 აპრილს დაბადებული მ. გ-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის – გ. გ-ს საცხოვრებელი ადგილი, ლ. ლ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ლ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. გ-ა და ლ. ლ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2000 წლის 24 ივნისიდან.
ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი – 2001 წლის 22 აპრილს დაბადებული თ. გ-ა და 2006 წლის 17 აპრილს დაბადებული მ. გ-ა.
უფროსი შვილი, თ. გ-ა დარეგისტრირებულია და სწავლობს სსიპ „ბ-ის №.. საჯარო სკოლის“ მე–4 კლასში.
უმცროსი შვილი, მ. გ-ა დარეგისტრირებულია „ბ-ის №..–ე საჯარო სკოლის“ პირველი კლასის მოსწავლედ.
ორივე შვილი ამჟამად ცხოვრობს მამასთან, ქალაქ ბათუმში, ს-ის ქუჩის №17-ში. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნის თანახმად, ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვების მიმართ არის თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე დამოკიდებულება.
2010 წლის აგვისტომდე გ. გ-ა და ლ. ლ-ე შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ ბათუმში, ს-ის ქუჩის №17-ში მდებარე გ. გ-ს საცხოვრებელ სახლში. 2010 წლის აგვისტოში ლ. ლ-ე წავიდა სახლიდან, რის შემდეგაც არასრულწლოვნები საცხოვრებლად დარჩნენ მამასთან.
2011 წლის აპრილში ლ. ლ-მ თავისი არასრულწლოვანი შვილი თ. გ-ა წაიყვანა მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში.
თ. გ-ს, რომელიც სწავლობდა ბ-ის №.. საჯარო სკოლის მე-4 კლასში, 2011 წლის აპრილიდან სკოლაში არ უვლია.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1124-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 1128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1197-ე, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1201-ე მუხლის, 1199-ე, 1202-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 105-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა გ. გ-ს სარჩელი და მართებულად დაავალდებულა გ.გ-ა, ხელი არ შეუშალოს დედას, ლ. ლ-ს, შვილებთან ურთიერთობაში, უზრუნველყოს მათი დედასთან შეხვედრა და გაატანოს ბავშვები მისი მოთხოვნის შემთხვევაში შეუზღუდავად ყველა სასკოლო არდადეგებსა და დასვენების დღეებში, მამასთან დაბრუნების უფლებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადიაზე სასამართლომ მოუსმინა გ. გ-ს და ლ. ლ-ის უფროს შვილს, არასრულწლოვან (10 წლის) თ. გ-ს, რომელმაც ასევე გამოხატა მისი უმცროსი დის (5 წლის) მ. გ-ს აზრიც. თ. გ-მ, ასევე სასამართლოს მიერ მოწვეულ ფსიქოლოგ ლ. ნ-სთან გასაუბრების შემდეგ განმარტა, რომ მათი სურვილია საცხოვრებლად მამასთან დარჩენა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ლ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითაც ბავშვის ინტერესებია უპირატესი.
სასამართლო თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად უთითებს, რომ სადავო საკითხი გადაწყვიტა სსიპ მომსახურების სააგენტოს ბათუმისა და ოზურგეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მუშაკების, ფსიქოლოგთა დასკვნებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ლ. ლ-ის მოთხოვნას და განმარტა, რომ, თუ ბავშვები დედასთან საცხოვრებლად არ გადავლენ, აღნიშნული მათ სამომავლოდ გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანდა.
სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. და მ. გ-ს მიმართ გ. გ-ს ოჯახის წევრების აქვთ თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება.
საქმეში დევს ფსიქოლოგის დასკვნა, რომლის თანახმადაც თ. გ-ს აღენიშნება შფოთვა, ბებიის (მამის დედა) მიმართ უსიამოვნო მოგონებები. თ-ს სურს მშობლებთან ერთად ცხოვრება ბებიის გარეშე, რომელსაც რომელსაც შვილზე დიდი გავლენა აქვს. ამავე დასკვნის თანახმად, თ. გ-ა არის ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი. ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევისა ან ხელყოფისაგან.
გასაჩივრებული განჩინების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია თ. გ-ს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც 10 წლის თ. გ-მ მოსამართლის შეკითხვაზე, სად სურდა ეცხოვრა უპასუხა, რომ მას სურვილი ჰქონდა ეცხოვრა მამასთან. ამ პასუხთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მხოლოდ ლექსიკურ გამონათქვამს და არ შეესაბამებოდა ბავშვის შინაგან ნებას. ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვები დედასთან თავს კარგად გრძნობენ და მათი დატოვება იმ ადამიანებთან, რომლებიც დედის „მსაჯულნი“ და „ბრალმდებელნი“ არიან, ცუდ გავლენას იქონიებს მათ მომავალზე.
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი და არ შეაფასა ფსიქოლოგების დასკვნები ბავშვზე ძალადობისა და მათ მომავალზე საცხოვრებელი ადგილის გავლენის შესახებ, არ გაითვალისწინა სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია, რომელიც წარმოადგენს და იცავს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლომ სავარაუდოდ მიიჩნია, რომ გ. გ-ს უკეთესი მატერიალური მდგომარეობა აქვს, როდესაც სოციალური სააგენტოს დასკვნების თანახმად, ორივე ოჯახს ერთნაირი მატერიალური შესაძლებლობები გააჩნია. ამასთან, გაუგებარია, რომელი ნორმის საფუძველზე მივიდა სასამართლო დასკვნამდე, რომ ბავშვი უნდა მიეკუთვნოს მეტი ფინანსური სიძლიერის მქონე მშობელს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვის მამა მუშაობს და არ აქვს დრო სათანადო ყურადღება მიაქციოს ბავშვებს. ბავშვები ფაქტობრივად ბებიის აღსაზრდელები იქნებიან. სასამართლოს უნდა გაეკეთებინა არჩევანი დედასა და ბებიას შორის. ბებიასათვის უპირატესობის მინიჭება კი არღვევს საქართველოში მოქმედ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
განსაკუთრებით ყურადსაღებია სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის მიერ ლ. ლ-ის, როგორც ქალის მიმართ ტენდენციური და დისკრიმინაციული მიმართვა.
გასაჩივრებულ განჩინებაში ლ. ლ-ის სახლიდან წასვლის ფაქტი ისეა გადმოცემული, რომ ტოვებს შთაბეჭდილებას ლ. ლ-ის მიერ ბავშვების მიტოვებისა, რაც არასწორია. ლ. ლ-ისა და გ. გ-ს განშორებისას ბავშვები სოფელში იყვნენ დასასვენებლად და, ცხადია, მათ დედა თან ვერ წაიყვანდა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ლ. ლ-ე თავისი სურვილით არ წასულა ოჯახიდან, არამედ იგი აიძულა მისმა მეუღლემ ეჭვიანობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარესთან - გ.გ-სთან განქორწინების შემდეგ მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების - თ. და მ. გ-ების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.
განსახილველ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. გ-სა და ლ. ლ-ს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი – 2001 წლის .. აპრილს დაბადებული თ. გ-ა და 2006 წლის .. აპრილს დაბადებული მ. გ-ა.
თ. გ-ა დარეგისტრირებულია და სწავლობს სსიპ „ბ-ის №.. საჯარო სკოლის“ მე-4 კლასში, ხოლო მ. გ-ია - „ბ-ის №..-ე საჯარო სკოლის“ პირველი კლასში. ორივე შვილი ამჟამად ცხოვრობს მამასთან, ქალაქ ბათუმში, ს-ის ქუჩის №17-ში.
სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას გამოიკვლია სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა, სპეციალისტად მიწვეული ფსიქოლოგის - ლ. ნ-ისა და თავად არასრულწლოვანი თ. გ-ს ახსნა-განმარტებანი და მიიჩნია, რომ თ.გ-ს, რომელიც ასევე გამოხატავს თავისი უმცროსი დის პოზიციასაც, სურს იცხოვროს მამასთან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულ ანალიზს, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, 1202-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელია თავად ბავშვების ინტერესი და ნება სადავო საკითხთან დაკავშირებით. მეტიც, აღნიშნული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელი ამ ორივე კომპონენტის ურთიერთშეჯერება, რათა არასრულწლოვნის ნება მის რეალურ ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდეს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმეში სპეციალისტის სახით ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სწორედ სპეციალური კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე საქმის შედეგით დაუინტერესებელი პირის დასკვნა შეიძლება გახდეს სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის, ვინაიდან იგი წარმოადგენს ორივე მხარისა და თავად ბავშვისაგან მიღებული ინფორმაციის პროფესიული და, ამასთან, ნეიტრალური ხასიათის ანალიზის შედეგს.
აღნიშნული კუთხით მეტად საგულისხმოა ფსიქოლოგ ლ. ნ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემული განმარტება, რომ, მართალია, თ. გ-მ სიტყვიერად გამოხატა ნება, მუდმივად ეცხოვრა მამასთან, თუმცა არასრულწლოვანთან ჩატარებული მუშაობის (საუბრის, ფსიქოლოგიური ტესტების) შედეგად ფსიქოლოგი მივიდა დასკვნამდე, რომ მისი შინაგანი ნება განსხვავდება ვერბალურად გამოთქმულისაგან. თ. გ-ს უყვარს დედა, არანაირი საწინააღმდეგო არ გააჩნია მასთან ცხოვრებისა და ერთადერთ ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს მისი დამოკიდებულება ბაბუასთან (დედის მამასთან), რომელიც აუგად მოიხსნიებდა მის მამას. ამასთან, ამავე ფსიქოლოგის განმარტებით, თ. გ-სათვის საყვარელ ადამიანთა წრეში მისი ხსენებული ბაბუა მაინც მოხვდა. სპეციალისტი მიუთითებს ბავშვის ასაკზეც, რომელიც უთუოდ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტისას. ფსიქოლოგის მოსაზრებით, სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი არასრულწლოვანის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედის ავტორიტეტის შელახვა და მასთან არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ბავშვზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უგულებელყო ფსიქოლოგის განმარტების დასახელებული ნაწილი.
ზემოაღნიშნული ფაქტორები ერთიორად მნიშვნელოვანია მხარეთა უმცროსი შვილის - მ. გ-ს მიმართ, რომლისთვისაც დედის მზრუნველობა მის ასაკში შეუცვლელია.
ვერ იქნება გაზიარებული გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ 10 წლის თ. გ-მ სასამართლოში გამოხატა მისი 5 წლის დის პოზიციაც საცხოვრებლად მამასთან დარჩენის თაობაზე, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, თ. გ-სათვის რთულია საკუთარი ნების შეუცდომლად გამოხატვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მცირეწლოვანი მ-ისაგან მისი სურვილის შეტყობასა და სასამართლოსათვის გადმოცემაზე.
საკასაციო სასამართლო გარკვეულწილად ეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ ლ. ლ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში ბავშვები აღსაზრდელად გადაეცემა ბებიას (მამის დედას), რადგან გ. გ-ა, გასაგები ობიექტური მიზეზების გამო, დღის განმავლობაში მათთან არ არის, გასულია ოჯახიდან სამუშაოდ და შვილებს უტოვებს დედამისს. სასამართლოს არ სურს დააკნინოს ბებია-პაპის როლი ბავშვის აღზრდაში, მაგრამ აღნიშნული ვერანაირად ვერ შეცვლის დედასთან შვილების ურთიერთობის აუცილებლობას. მითითებულის საკომპენსაციო ვერ იქნება ვერც მამასთან გატარებული დღის მცირედი ნაწილი.
რაღა თქმა უნდა, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, გ. გ-საც გააჩნია უფლება, დაუბრკოლებლად ურთიერთობა იქონიოს შვილებთან.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ლ. ლ-სთან შვილების ცხოვრების ხელის შემშლელი რაიმე ობიექტური გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მხრიდან არ გამოთქმულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. გ-ს სარჩელს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უარი უნდა ეთქვას, 2001 წლის 22 აპრილს დაბადებული თ. გ-სა და 2006 წლის 17 აპრილს დაბადებული მ. გ-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ლ. ლ-ის საცხოვრებელი ადგილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ლ. ლ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, გ. გ-ს უნდა დაეკისროს მის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება ლ. ლ-ის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
გ.გ-ს სარჩელი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
ლ. ლ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2001 წლის 22 აპრილს დაბადებული თ. გ-სა და 2006 წლის 17 აპრილს დაბადებული მ. გ-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ლ. ლ-ის საცხოვრებელი ადგილი.
გ. გ-ს ლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 550 ლარის გადახდა.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.