საქმე №ას-333-318-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ა. გ-ი, გ. გ-ი, ა. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორი თ. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ-ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა თ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ისა და შპს „კ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორების – ა. გ-ისა და ა. ბ-ის მიმართ, ა. გ-სა და გ. გ-ს შორის 2009 წლის 14 აპრილს დადებული ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამავე უძრავი ქონების შპს „კ-ის“ საკუთრებად, როგორც საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანის, აღიარების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
2002 წლის 25 ოქტომბერს თ. მ-მა და ა. გ-მა დააფუძნეს შპს „კ-ი“ 50%-50% წილობრივი მონაწილეობით. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 19 300 ლარით. შპს „კ-ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა, 50%-ის მფლობელმა ა. გ-მა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განახორციელა არაფულადი შენატანი უძრავი ქონების სახით. იმ დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.3 და 5.5 მუხლების თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალში შესატანი შეიძლება წარდგენილი ყოფილიყო არაფულადი სახით, რომელიც უნდა შეეფასებინა აუდიტორს.
არაფულადი შენატანის საზოგადოების კაპიტალში შეტანისათვის აუცილებელი იყო, ამ შენატანის შემტანი ყოფილიყო მისი მესაკუთრე.
არაფულადი შენატანი შეფასდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. დასკვნაში აღინიშნა, რომ შეფასდა 300 კვ.მ შენობა. მოგვიანებით გაიცა დამატებითი ინფორმაცია, სადაც დადასტურდა, რომ აუდიტორმა შეაფასა საწესდებო კაპიტალში შესატანი ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება. საკუთრების უფლებაში დასარწმუნებლად ა. გ-მა აუდიტორს წარუდგინა №23/214 საკუთრების მოწმობა.
სასამართლოში წარდგენილ იქნა დამფუძნებელ პარტნიორთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ასევე დასტურდება ა. გ-ის ნება, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით.
2002 წლის 1 ნოემბერს სასამართლოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა შპს „კ-ი“, რომლის საწესდებო კაპიტალში შეტანილად ჩაითვალა სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, შპს „კ-ი“ ამ შენატანის მესაკუთრე გახდა. ა. გ-ს კი არ უსარგებლია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოსილებით და არ მოუთხოვია შენატანის უკან დაბრუნება, ვინაიდან საზოგადოების საწესდებო კაპიტალი არ შემცირებულა.
2009 წლის 13 აპრილამდე სადავო ქონება რეგისტრირებული იყო ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ის სახელზე, რაც არ ცვლის 2002 წლის 25 ოქტომბერს მის მიერ გამოვლენილ ნებას, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო დადგენილების არსს, ვინაიდან ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ვადები შეზღუდული არ არის.
სადავო უძრავი ქონება 2002 წლის 1 ნოემბრიდან, ანუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან გახდა შპს „კ-ის“ და არა ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ის საკუთრება.
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია, როგორც მოჩვენებითი გარიგება. იგი დაიდო ძმებს შორის მხოლოდ იმ მიზნით, რომ ა. გ-ს თავი აერიდებინა საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანის შპს „კ-ის“ სახელზე აღრიცხვისაგან.
გარიგება დაიდო დავის პერიოდში, ა. გ-მა 2009 წლის 15 მარტიდან, ანუ კრების მოწვევიდან გარიგების დადებამდე იცოდა მოსარჩელის, როგორც პარტნიორის მოთხოვნის შესახებ, ქონება დადგენილი წესით აღრიცხულიყო საწარმოს სახელზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ დავა გაგრძელდებოდა სასამართლოში და შეეცადა, მოჩვენებითი გარიგებით გაესხვისებინა ქონება, რათა არ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება.
სამეწარმეო რეესტრშიც საწარმოს იურიდიულ მისამართად მითითებულია .. ა-ის ქუჩა №22, ანუ ის მისამართი სადაც მდებარეობს რესტორანი „კ-ი“. გ. გ-ი ვერ ისარგებლებს საკუთრების უფლებით, თუ არ მოითხოვა სადავო შენობიდან რესტორან „კ-ის“ გამოსახლება. შპს „კ-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორია ა. გ-ი. ამდენად, წარმოუდგენელია, რომ მან საკუთარი თავის საწინააღმდეგო გარიგება დადო.
მორიგების მისაღწევად პარტნიორთა კრება სამჯერ გადაიდო, მორიგების ინიციატორები მოპასუხეების წარმომადგენლები იყვნენ. მოსარჩელემ ა. გ-ს შესთავაზა საზოგადოებაში წილის გაყიდვა, წილის ფასი კი სადავო უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულებით განისაზღვრა. მოპასუხე არ დაეთანხმა შეთავაზებულ მაღალ ფასს და საზოგადოების ქონება უფრო მცირე ფასად გაყიდა.
მოპასუხე გ-ებმა სადავო გარიგება დადეს, მოსარჩელის, როგორც პარტნიორის მოსატყუებლად, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო სადავო ქონების შპს „კ-ის“ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად 2009 წლის 15 მარტიდან მოყოლებული ხდებოდა პარტნიორთა კრების ჩატარების გაჭიანურება, რათა ა. გ-ს მოესწრო დაუკანონებელი შენობის დაკანონება 30 მარტს, მისი აღრიცხვა საჯარო რეესტრში 10 აპრილს, ნასყიდობის ხელშეკრულებით სადავო უძრავი ქონების გასხვისება 11 აპრილს და 13 აპრილს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. გ. გ-ი ა. გ-ის ოჯახის წევრია და, შესაბამისად, ის ფლობდა ინფორმაციას პარტნიორთა შორის წარმოქმნილ დავაზე.
სადავო ქონების გასხვისებას ასევე ხელი შეუწყო 2009 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმამ.
მოპასუხეებმა ა. გ-მა, გ. გ-მა და ა. ბ-მა არ ცნეს სარჩელი შემდეგი დასაბუთებით:
1997 წლის 8 აპრილს ა. გ-მა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გამოისყიდა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე ცალკე მდგომი შენობა.
თბილისის სახელმწიფო მართვის დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 14 აპრილს ა. გ-ის სახელზე გაიცა №23/214 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა ა. გ-ის სახელზე.
თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამაშენებლო კონტროლის ინსპექციამ 1999 წლის 4 ოქტომბერს ა. გ-ს მისცა №373 მშენებლობის დაწყების ნებართვა, კერძოდ, ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციაზე. შედგა და დამტკიცდა შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში სახელმწიფო მიმღებმა კომისიამ 2002 წლის 26 მარტს №78 აქტით დამთავრებული ობიექტი მიიღო ექსპლუატაციაში.
2002 წლის 25 ოქტომბერს ა. გ-მა და მოსარჩელემ დააფუძნეს შპს „კ-ი“, რომლის იურიდიულ მისამართად დაფიქსირდა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №33. საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 19 300 ლარით.
დაუსაბუთებელია მოსარჩელის განცხადება, რომ შპს „კ-ის“ საწესდებო კაპიტალის დაფინანსების შემდეგ ა. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცა შპს „კ-ს“. შპს „კ-ის“ დამფუძნებელთა კრების ოქმში, წესდებაში და რეგისტრაციის დადგენილებაში არ არის მითითებული, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა შპს „კ-ის“ საკუთრებას. აუდიტორული დასკვნით კი არ დგინდება, რომელი და ვის სახელზე აღრიცხული ქონება იქნა შეფასებული 19 300 ლარად.
მოსარჩელე თ. მ-ის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
შპს „კ-ი“ არ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მას „თ-ის“ მიმართ გააჩნია 3 892 ლარის, „თ-ის“ მიმართ – 7 138 ლარის, დასუფთავების სამსახურის მიმართ – 8 100 ლარის დავალიანება. აღნიშნულის გადახდა დაეკისრა ა. გ-ს, რაც ფინანსური სირთულეების გამო ვერ შეძლო.
2009 წლის 27 აპრილიდან შპს „კ-მა“ შეწყვიტა ფუნქციონირება.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, დღეისათვის, ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით ირიცხება გ. გ-ის სახელზე.
გ. გი-მა, თავის მხრივ, სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“ მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წლის 11 აპრილს ა. გ-ისაგან შეიძინა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა, სადაც ფუნქციონირებდა რესტორანი შპს „კ-ი“.
2009 წლის აპრილში მოსარჩელემ წერილობით მიმართა შპს „კ-ის“ დირექტორს შენობის გამოთავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხე წლების განმავლობაში შეგნებულად არ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა მოსარჩელის კუთვნილ ფართს არ ათავისუფლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით ზემოხსენებული ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე გ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნეს შპს „კ-ის“ უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, გ. გ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „კ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „კ-ი“ ცნობილ იქნა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ, ბათილად იქნა ცნობილი ა. გ-სა და გ. გ-ს შორის 2009 წლის 11 აპრილს დადებული უძრავი ქონების №090041462 ნასყიდობის ხელშეკრულება, გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,კ-ის“ დამფუძნებელთა 2002 წლის 25 ოქტომბრის №1 კრების ოქმის მიხედვით, თ. მ-მა და ა. გ-მა მიიღეს შპს ,,კ-ის“ დაფუძნების გადაწყვეტილება. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 19 300 ლარით და საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა წილები განაწილდა შემდეგი სახით: თ. მ-ი – 50%, 9 650 ლარი, ა. გ-ი – 50%, 9 650 ლარი. დამტკიცდა საზოგადოების წესდება და საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ა. გ-ი.
თბილისის ისანი-სამოგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „კ-ი“, საიდენტიფიკაციო №..., რომლის დამფუძნებლები იყვნენ თ. მ-ი (50%) და ა. გ-ი (50%). თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციis) 2009 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით საზოგადოების დირექტორად ა. ბ-ის ნაცვლად დაინიშნა თ. მ-ი, რომელსაც გააჩნდა საზოგადოების სრული წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
საქმეში წარდგენილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1997 წელს გაცემული №23/214 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, ა. გ-ს საკუთრებაში გადაეცა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტთან 1997 წლის 8 აპრილს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გამოსყიდული, ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე დანგრეული ცალკე მდგომი შენობა.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ის საკუთრებად. განცხადება დარეგისტრირდა 1999 წლის 13 ივლისს.
ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1999 წლის 13 დეკემბერს გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა №373 არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. ობიექტი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული სახელმწიფო მიმღები კომისიის 2002 წლის 26 მარტის №78 აქტით.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №ლეგ-240 ბრძანების მიხედვით, ა. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, ისნის რაიონის .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ის საკუთრებაში არსებული პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა.
საქმეში წარდგენილი შპს ,,კ-ის’’ დამფუძნებელი პარტნიორების: ა. გ-ის და თ. მ-ის ერთობლივი განცხადებიდან ირკვევა, რომ საწარმოს სარეგისტრაციო განაცხადში მათ საწესდებო კაპიტალად მიუთითეს 19 300 ლარი, რომელიც შეივსო პარტნიორთა ქონებრივი შენატანების სახით.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ნოემბრის დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 19 300 ლარის ქონებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,კ-ის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 21 ოქტომბრის №103981/02-05 წერილის მიხედვით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 19 300 ლარის ქონებას (2002 წლის 15 ოქტომბრის ინდივიდუალური აუდიტორის – ლ. შ-ის აუდიტორული დასკვნა).
ინდივიდუალურ აუდიტორ ლ. შ-ის 2002 წლის 15 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, აუდიტორის მიერ მოხდა თ. მ-ისა და ა. გ-ის მიერ შპს ,,კ-ის“ საწესდებო კაპიტალში არაფულად შენატანად განსაზღვრული ქონების შეფასება, კერძოდ, 300 კვ.მ შენობა შეფასდა 18 350 ლარად, 2 ცალი კარადა-მაცივარი – 300 ლარად, გაზის ქურა – 200 ლარად, ელექტრო ქურა – 200 ლარად, კამერა-მაცივარი – 250 ლარად, სულ - 19 300 ლარად.
იმავე აუდიტორის მიერ 2009 წლის 10 თებერვალს გაცემული დამატებითი ინფორმაციის მიხედვით, 2002 წლის 15 ოქტომბერს შეფასდა ა. გ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელზეც წარდგენილ იქნა №23/214 საკუთრების მოწმობა.
2006-2007 წლების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შესაბამისი ცვეთის დარიცხვის შემდგომ შპს „კ-ის“ ქონების ღირებულება 2006 წლის მდგომარეობით შეადგენდა 15 799.31 ლარს, ხოლო 2007 წლის მდგომარეობით – 15 395.35 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხულმა მოწმემ – შპს „კ-ის“ ყოფილმა ბუღალტერმა ხ. ს-ბ-მა დაადასტურა ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, სადაც რესტორანი იყო განთავსებული წარმოადგენდა შპს „კ-ის“ საკუთრებას საწარმოს ბალანსის მიხედვით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინა წლების საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაცია, მათ შორის, საწარმოს ბალანსები შპს ,,კ-ის’’ ყოფილმა დირექტორმა ა. ბ-მა არ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში ამ უკანასკნელის დავალების მიუხედავად. მან განაცხადა, რომ საზოგადოების საბუთები გადასცა ახალ დირექტორს, რაც ამ უკანასკნელმა უარყო. ყოფილი დირექტორისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ დოკუმენტაციის და, ზოგადად, მატერიალური ფასეულობების გადაცემა, ხდება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით.
ასევე შპს „კ-ის“ ყოფილმა ბუღალტერმა ც. კ-მა განმარტა, რომ აუდიტის დასკვნის შესაბამისად, ისიც სადავო ქონებას შპს „კ-ის“ საკუთრებად მიიჩნევდა.
შპს „კ-ის“ ყოფილმა ბუღალტერმა ხ. ს-ბ-მა განმარტა, რომ ქონებაში, რომელიც ქონების გადასახადით იბეგრებოდა და გასულ წლებში საზოგადოება იხდიდა, მოიზრებოდა შენობა, სადაც განთავსებული იყო რესტორანი.
საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს „კ-ის“ პარტნიორმა ა. გ-მა აღნიშნული საზოგადოების დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალი შეავსო ფულადი სახით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „კ-ის“ საწესდებო კაპიტალში ა. გ-მა შეიტანა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება.
უძრავი ქონების ნასყიდობის 2009 წლის 11 აპრილის №090041462 ხელშეკრულების თანახმად, ინდივიდუალურმა მეწარმე ა. გ-მა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე მისი კუთვნილი უძრავი ქონება 150 000 აშშ დოლარად გადასცა მყიდველ გ. გ-ს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. გ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებულია 2009 წლის 11 აპრილს.
ა. და გ. გ-ის წარმომადგენლის განმარტებით, 2009 წლის 11 აპრილის №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის თანხა, 150 000 აშშ დოლარი, სრულად არ იქნა გადახდილი.
მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, 2009 წლის 11 აპრილის №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, შპს „კ-ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა თ. მ-მა ა. გ-ს შესთავაზა, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული წილის შეძენა 200 000 აშშ დოლარად, რაზეც ა. გ-მა უარი განაცხადა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სანამ 2009 წლის 11 აპრილს ა. და გ. გ-ებს შორის უძრავი ქონების №090041462 ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა, საზოგადოების პარტნიორებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება უძრავი ქონების შპს ,,კ-ის’’ საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე და თ. მ-ის მიერ პარტნიორთა წილის შეძენის თაობაზე, რაც უშედეგოდ დასრულდა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო პალატამ აღნიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, დავის გადაწყვეტას არასწორი სამართლებრივი შეფასება დაედო საფუძვლად. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
შპს „კ-ის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დროისათვის, 2002 წლის 1 ნოემბერს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის რეგისტრაციისათვის განცხადება უნდა შეიცავდეს საწარმოსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფომაციის დეტალურ ჩამონათვალს. ამავე კანონის 5.5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საზოგადოების განცხადებას თან უნდა ერთვოდეს არაფულადი შესატანით დაფუძნებისას, შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი.
2002 წელს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს არაფულადი სახით, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა შეაფასოს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია ინდივიდუალური აუდიტორის - ლ. შ-ის მიერ 2002 წლის 15 ოქტომბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტის მიერ შეფასებულ იქნა შპს ,,კ-ის’’ დამფუძნებლების: თ. მ-ისა და ა. მ-ის მიერ საწესდებო კაპიტალში არაფულად შენატანად განსაზღვრული ქონება. ამასთან, დადგინდა, რომ უძრავი ქონება, რომელიც აუდიტორულ დასკვნაზე გაცემულ დამატებით ინფორმაციის მიხედვით, წარმოადგენდა ა. გ-ის კუთვნილ თბილისი, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავ ქონებას, შეფასებულ იქნა 18 350 ლარად, საწესდებო კაპიტალის დარჩენილი ნაწილი კი შეივსო მოძრავი ნივთებით. მთლიანი ქონების ღირებულება განისაზღვრა 19500 ლარის ოდენობით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში 2002 წელს წარდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ხარვეზიანი იყო და მარეგისტირებელ მოსამართლეს უნდა მიეთითებინა დამფუძნებლებისათვის, რომ საზოგადოების რეგისტრაციის განხორციელებამდე საჭირო იყო მოპასუხე ა. გ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონების შპს „კ-ის“ საკუთრებად აღრიცხვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით გამოავლინა ნება, რომ შენატანი საზოგადოებაში განეხორციელებინა ხსენებული ქონების სახით.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა შპს „კ-ი“, შესაბამისად, ივარაუდება, რომ სასამართლომ სრულყოფილად ჩათვალა წარდგენილი დოკუმენტები საწარმოს დასარეგისტრირებლად.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ნოემბრის დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 19300 ლარის ღირებულების ქონებას. სწორედ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე განხორციელდა შპს „კ-ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „კ-ის“ დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალი ფულადი სახით არ შევსებულა. დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით იგი ქონებრივი სახით უნდა შევსებულიყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ დოკუმენტაცია წესრიგში ჩათვალა, რეალურად არსებობდა ხარვეზი, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება შპს „კ-ის“ სახელზე საკუთრების უფლებით არ აღრიცხულა.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი კი, დირექტორებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად გაუძღვნენ საზოგადოების საქმეებს, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წლების განმავლობაში საზოგადოების პარტნიორებს და თანამშრომლებს შეცდომით მიაჩნდათ, რომ სადავო უძრავი ქონება შპს „კ-ის“ საკუთრებას წარმოადგენდა და იხდიდნენ სადავო უძრავი ქონების გადასახადს. საგადასახადო ორგანოც სადავო უძრავ ქონებას ასევე საზოგადოების საკუთრებად მიიჩნევდა. პალატის მითითებით, 2007 წლის 1 თებერვალს, მოქმედი საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, აუცილებელი არ არის, პირს საკუთრების უფლებით ჰქონდეს აღრიცხული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში, არამედ სრულიად საკმარისია, საზოგადოებას ბალანსზე ჰქონდეს აყვანილი აღნიშნული ქონება.
მას შემდეგ, რაც შპს „კ-ის“ დირექტორებმა, მათ შორის, პარტნიორებმა – ა. გ-მა და ა. ბ-მა სხვადასხვა წლებში გაიგეს ხარვეზის არსებობის შესახებ, ისინი ხსენებული ნორმებიდან, ანუ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებული იყვნენ, ემოქმედათ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა ღონე ეხმარათ, რათა საზოგადოების დაფუძნებისას გამოვლენილი პარტნიორთა ნება, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ქონებით შევსების შესახებ, განხორციელებულიყო სრულყოფილად და თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულიყო საზოგადოების საკუთრებად.
ასეთი მცდელობა ჰქონდა შპს „კ-ის“ ახალ დირექტორ თ. მ-ს, მაგრამ მან პარტნიორთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. გაუგებარია ა. ბ-ის პოზიცია, რომელიც, კეთილსინდისერების პრინციპიდან გამომდინარე მაინც მომხრე უნდა ყოფილიყო სადავო უძრავი ქონების საზოგადოების საკუთრებაში აღრიცხვისა, მას ხომ საზოგადოებაში 25% წილი გააჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „კ-ის“ დამფუძნებლებს შორის დადებული იყო გარიგება, რადგან პარტნიორების გადაწყვეტილება და ერთობლივი განცხადებები, მათი საერთო ნება, წარდგენილ იქნა მარეგისტრირებელ ორგანოში. უფრო მეტიც, დამფუძნებელთა აღნიშნული ნების გამოვლენა დამოწმდა როგორც ნოტარიუსის, ასევე თავად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „კ-ს“ გააჩნია იურიდიული ინტერესი, რათა მის საკუთრებაში აღირიცხოს სადავო უძრავი ქონება, ვინაიდან ეს წარმოადგენდა საზოგადოების დამფუძნებელთა საერთო ნებას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით და საქმის მასალებით, რის შედეგადაც დაადგინა, რომ 2009 წლის 11 აპრილის №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ძმებს – ა. და გ. გ-ებს შორის.
ა. და გ. გ-ების წარმომადგენლის განმარტებით, 2009 წლის 11 აპრილის №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის თანხა სრულად არ იქნა გადახდილი.
მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, 2009 წლის 11 აპრილის №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, შპს „კ-ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა თ. მ-მა შესთავაზა ა. გ-ს ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული წილის შეძენა 200 000 აშშ დოლარად, რაზეც ა. გ-მა უარი განაცხადა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სანამ ა. და გ. გ-ებს შორის 2009 წლის 11 აპრილის №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა, მანამდე საზოგადოების პარტნიორებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება უძრავი ქონების შპს „კ-ის“ საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე და თ. მ-ის მიერ პარტნიორთა წილის შეძენის თაობაზე, რაც უშედეგოდ დასრულდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. გ-მა თავის დაზღვევის მიზნით, მოსაჩვენებლად დადო გარიგება თავის ძმასთან, რათა აპელანტის მიერ სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში თავი აერიდებინა სადავო ქონების საზოგადოების საკუთრებად აღრიცხვისაგან.
სააპელაციო პალატამ შპს „კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა 2009 წლის 11 აპრილის №090041462 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ აღიარა შპს „კ-ის“ უფლება სადავო ქონებაზე, ხოლო ა. და გ. გ-ებს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილად ცნო.
მოცემული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველების გამო სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „კ-ის“ მიმართ ამ უკანასკნელის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლო იყო, ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „კ-ი“ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელსა და მესაკუთრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ბ-მა, ა. და გ-ი გ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შპს „კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, თუმცა არ უმსჯელია იმის შესახებ, რომ თ. მ-საც კეთილსინდისიერად უნდა განეხორციელებინა ნაკისრი ვალდებულებები.
მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით და მხოლოდ ბუღალტრების ჩვენებების საფუძველზე მიიჩნია სადავო ქონება შპს „კ-ის“ საკუთრებად.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს საკუთრების უფლების წარმოშობის საკითხს და უძრავი ქონების შემთხვევაში ადგენს ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ სადავო ნივთი ჯერ კიდევ შპს „კ-ის“ პირველადი რეგისტრაციის დროს 2002 წლის 1 ნოემბერს ა. გ-ის სახელზე იყო აღრიცხული საჯარო რეესტრში, რაც გამორიცხავდა პარალელურ რეჟიმში სხვა პირის საკუთრებას სათანადო დოკუმენტის გარეშე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზიანად ჩათვალა შპს „კ.ის“ რეგისტრაციას და მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა სასამართლომ სრულყოფილად მიიჩნია წარდგენილი დოკუმენტაცია საწარმოს დასარეგისტრირებლად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს „კ-ის“ დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალი ფულადი სახით არ შევსებულა, დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით ის ქონებრივი სახით უნდა შევსებულიყო, თუმცა ფაქტია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ჩათვალა, რომ დოკუმენტები წესრიგში იყო და ამ დროს არსებობდა ხარვეზი და სადავო უძრავი ქონება შპს „კ-ის“ სახელზე საკუთრების უფლებით არ იყო აღრიცხული.
სააპელაციო სასამართლომ ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები და არასწორი შეფასებით მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება.
გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები თბილისში, .. ა-ის ქ. №22-ში მდებარე უძრავი ნივთის საზოგადოების საკუთრებად აღრიცხვისა და გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, დარღვეულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან საზოგადოების დამფუძნებელმა, რომელიც 2002 წელს აღირიცხა სამეწარმეო რეესტრში, მხოლოდ 2011 წელს გახადა სადავოდ მის ბალანსზე სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვის საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული დოკუმენტები და არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2002 წელს რეგისტრირებულ შპს „კ-ს“ დასჭირდა 2009 წლის 10 თებერვლით დათარიღებული დამატებითი ინფორმაცია 2002 წლის 15 ოქტომბრის აუდიტის დასკვნასა და ა. გ-ის უძრავ ქონებაზე, მაშინ, როდესაც თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №ლეგ-240 ბრძანების მიხედვით, ა. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, .. არაგველის ქ.№22-ში ინდივიდუალურ მეწარმე „ა. გ-ის“ საკუთრებაში არსებული პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა.
თუკი სადავო ქონება საზოგადოების საკუთრებაში ან მის ბალანსზე აღირიცხებოდა, მერიაში აღიშნული საკითხი ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ის საკუთრებად ვერ განიხილებოდა.
სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო სასამართლომ დააფიქსირა, რომ შპს „კ-ის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განცხადება შეიცავდა გარკვეულ პუნქტებს, რაც უნდა შევსებულიყო. მათ შორის, არის დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შესატანის შესახებ. სასამართლომ საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ არც მოსარჩელეს მოსთხოვა და არც მისი კუთვნილი 50%-ის შესატანის ოდენობაზე გაამახვილა ყურადღება. გაუგებარია, ა. გ-ს რატომ უნდა შეეტანა ერთპიროვნულად 18 350 ლარად შეფასებული კუთვნილი ქონება საწესდებო კაპიტალში და რა სამართლებრივი საფუძვლებით შეიძლება დასაბუთდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია შინაგანი რწმენით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე.
უკანონოა სასამართლოს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ნასყიდობა დადებულია ძმებს შორის, რადგან აღნიშნულს კანონი არ კრძალავს.
სასამართლო არასწორად დაეყრდნო წარმომადგენლის განმარტებას, რომ 2009 წლის ხელშეკრულების ნასყიდობის საფასური (150 000 აშშ დოლარი) სრულად არ იქნა გადახდილი. აღნიშნული განმარტება არასწორია, რადგან წარმოუდგენელია, 2011 წელს აყვანილმა წარმომადგენელმა გააკეთოს განმარტება 2009 წლეს დადებულ გარიგებაზე და ამ გარიგების შესრულების საკითხზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2009 წლის 11 აპრილის ხელშეკრულების დადებამდე, შპს „კ-ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა, თ. მ-მა აწარმოა მოლაპარაკება ა. გ-თან, რაც ასევე უსაფუძვლო არგუმენტია.
მოსარჩელე თ.მ-მა მოახერხა სასამართლოს შეცდომაში შეყვანა და ისე, რომ არანაირი შესატანი არ შეუტანია საზოგადოებაში, სასამართლოს გზით ცდილობს უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიითვისოს სხვისი უძრავი ქონება, მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა, ბუღალტრების ჩვენებების საფუძველზე შექმნა მისთვის სასურველი სურათი და შინაგანი რწმენა.
თ. მ-ის მხრიდან ა. გ-ისათვის სადავო წილის 200000 აშშ დოლარად შეძენის შეთავაზების ვარაუდი, რაზედაც ა. გ-მა უარი განაცხადა, მხარეთა შორის არსებული გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის საფუძველი არ უნდა გახდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ ა. გ-ის, გ. გ-ის და ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტიილება გაუქმდეს და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: შპს „კ-ის“ დამფუძნებელთა 2002 წლის 25 ოქტომბრის №1 კრების ოქმის მიხედვით, თ. მ-მა და ა. გ-მა მიიღეს შპს „კ-ის“ დაფუძნების გადაწყვეტილება. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 19 300 ლარით და საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა წილები განაწილდა შემდეგი სახით: თ. მ-ი – 50%, 9 650 ლარი, ა. გ-ი – 50%, 9 650 ლარი. დამტკიცდა საზოგადოების წესდება და საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ა. გ-ი.
თბილისის ისანი-სამოგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „კ-ი“, საიდენტიფიკაციო №..., რომლის დამფუძნებლები იყვნენ თ. მ-ი (50%) და ა.გ-ი (50%). თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით საზოგადოების დირექტორად ა. ბ-ის ნაცვლად დაინიშნა თ. მ-ი, რომელსაც გააჩნდა საზოგადოების სრული წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
საქმეში წარდგენილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1997 წელს გაცემული №23/214 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, ა. გ-ს საკუთრებაში გადაეცა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტთან 1997 წლის 8 აპრილს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გამოსყიდული, ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე დანგრეული ცალკე მდგომი შენობა.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ის საკუთრებად. განცხადება დარეგისტრირდა 1999 წლის 13 ივლისს.
ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1999 წლის 13 დეკემბერს გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა №373 არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. ობიექტი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული სახელმწიფო მიმღები კომისიის 2002 წლის 26 მარტის №78 აქტით.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №ლეგ-240 ბრძანების მიხედვით, ა. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, ისნის რაიონის .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ის საკუთრებაში არსებული პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა.
საქმეში წარდგენილი შპს ,,კ-ის’’ დამფუძნებელი პარტნიორების: ა. გ-ის და თ. მ-ის ერთობლივი განცხადებიდან ირკვევა, რომ საწარმოს სარეგისტრაციო განაცხადში მათ საწესდებო კაპიტალად მიუთითეს 19 300 ლარი, რომელიც შეივსო პარტნიორთა ქონებრივი შენატანების სახით.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 ნოემბრის დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 19 300 ლარის ქონებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე განხორციელდა შპს „კ-ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 21 ოქტომბრის №103981/02-05 წერილის მიხედვით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 19 300 ლარის ქონებას (2002 წლის 15 ოქტომბრის ინდივიდუალური აუდიტორის – ლ. შ-ის აუდიტორული დასკვნა).
ინდივიდუალურ აუდიტორ ლ. შ-ის 2002 წლის 15 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, აუდიტორის მიერ მოხდა თ. მ-ისა და ა. გ-ის მიერ შპს „კ-ის“ საწესდებო კაპიტალში არაფულად შენატანად განსაზღვრული ქონების შეფასება, კერძოდ, 300 კვ.მ შენობა შეფასდა 18 350 ლარად, 2 ცალი კარადა-მაცივარი – 300 ლარად, გაზის ქურა – 200 ლარად, ელექტრო ქურა – 200 ლარად, კამერა-მაცივარი – 250 ლარად, სულ - 19 300 ლარად.
იმავე აუდიტორის მიერ 2009 წლის 10 თებერვალს გაცემული დამატებითი ინფორმაციის მიხედვით, 2002 წლის 15 ოქტომბერს შეფასდა ა. გ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელზეც წარდგენილ იქნა №23/214 საკუთრების მოწმობა.
2006-2007 წლების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შესაბამისი ცვეთის დარიცხვის შემდგომ შპს „კ-ის“ ქონების ღირებულება 2006 წლის მდგომარეობით შეადგენდა 15 799.31 ლარს, ხოლო 2007 წლის მდგომარეობით – 15 395.35 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხულმა მოწმემ – შპს „კ-ის“ ყოფილმა ბუღალტერმა ხ. ს-ბ-მა დაადასტურა ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, სადაც რესტორანი იყო განთავსებული წარმოადგენდა შპს „კ-ის“ საკუთრებას საწარმოს ბალანსის მიხედვით.
ასევე შპს „კ-ის“ ყოფილმა ბუღალტერმა ც. კ-მა განმარტა, რომ აუდიტის დასკვნის შესაბამისად, ისიც სადავო ქონებას შპს „კ-ის“ საკუთრებად მიიჩნევდა.
შპს „კა-ის“ ყოფილმა ბუღალტერმა ხ. ს-ბ-მა განმარტა, რომ ქონებაში, რომელიც ქონების გადასახადით იბეგრებოდა და გასულ წლებში საზოგადოება იხდიდა, მოიზრებოდა შენობა, სადაც განთავსებული იყო რესტორანი.
საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს „კ-ის“ პარტნიორმა ა. გ-მა აღნიშნული საზოგადოების დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალი შეავსო ფულადი სახით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „კ-ის“ საწესდებო კაპიტალში ა. გ-მა შეიტანა ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ქონება.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. უფრო მეტიც, 2002 წლის 25 ოქტომბერისათვის შპს „კ-ის“ დამფუძნებელთა მიერ შპს ,,კ-ის“ დაფუძნების გადაწყვეტილების მიღებისას სამოქალაქო კოდექსის მითითებული მუხლი კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას უყენებდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის მსურველთ. კერძოდ, იმ პერიოდისათვის მოქმედი იმავე ნორმის თანახმად, საკმარისი არ იყო მხოლოდ წერილობითი გარიგების დადება. გარიგება იმავდროულად უნდა დადასტურებულიყო სანოტარო წესით და მხოლოდ ამის შემდეგ რეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში. სამოქალაქო კანონმდებლობა უძრავი ქონებაზე საკუთრების შეძენის სხვა ფორმას არ იცნობს. არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს რაიმე განსხვავებული წესს მეწარმის მიერ საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შესატანად და მასზე საკუთრების უფლების შესაძენად. შესაბამისად, შეუძლებელია, საკუთრების გადასვლა ერთი პირიდან მეორეზე განხორციელდეს რაიმე სხვა წესით, გარდა 183-ე მუხლით დადგენილი წესისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონი ანუ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი კატეგორიულად ადგენს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა მეშვეობითაც უნდა დადასტურდეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა. ასეთი მტკიცებულებებია წერილობითი ფორმით (სანოტარო წესით-საზოგადოების დაფუძნებისას) დადებული გარიგება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს ვერც ერთ აქ მითითებულ მტკიცებულებაზე, რაც თავისათავად გამორიცხავს შპს „კ-ის“ საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე. მოწმეთა ჩვენებები, საწარმოს რეგისტრაციის განაცხადში, საწესდებო კაპიტალსა თუ ქონებრივ დეკლარაციებში დაფიქსირებული ფულადი (და არა არაფულადი) შენატანები, არ შეიძლება განიხილებოდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის საფუძვლად, როგორც ამას უთითებს სააპელაციო სასამართლო. შესაბამისად, შეუძლებელია, დაკმაყოფილდეს სარჩელი ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩაზე №22-ში მდებარე ქონების შპს „კ-ის“ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, შეუძლებელია შპს „კ-ის“ სარჩელის დანარჩენ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაც, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და მის დასაკმაყოფილებლად საჭიროა, მოსარჩელეს გააჩნდეს იურიდიული ინტერესი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად. პალატა მიიჩნევს, რომ გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი სადავო ქონება აღრიცხული დარჩება ა. გ-ზე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს. მისი საკუთრების უფლება ნაკლის მქონე არ ყოფილა სადავო ნივთის გასხვისებამდე. ასეთზე ვერ უთითებს მოსარჩელე. შესაბამისად, შეუძლებელია, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი სადავო ქონება აღმოჩნდეს შპს „კ-ის“ საკუთრებაში, რაც თავისთავად მიუთითებს იურიდიული ინტერესის არქონაზე.
სააპელაციო სასამართლომ გოდერძი გიქორაშვილის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ მან შპს „კ-ი“ სადავო ქონების მესაკუთრედ და, შესაბამისად, მის მართლზომიერ მფლობელად მიიჩნია. მიღებული გადაწყვეტილებით კი შეუძლებელია, შპს „კ-ის“ ცნობა მართლზომიერ მფლობელად, რადგან სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნია გ. გ-ს. შესაბამისად, მისი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით უნდა დაკმაყოფილდეს გ. გ-ის სარჩელი, ხოლო შპს „კ-ს“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დავა გადაწყდა გ. გ-ის სასარგებლოდ, შესაბამისად, შპს „კ-ს“ გ. გ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი 120 ლარის, ხოლო ა. ბ-ის, ა. და გ. გ-ების სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე გადახდილი 6000 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ა. და გ. გ-ების, ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ქ.თბილისში, .. ა-ის ქუჩა №22-ში მდებარე უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნეს შპს „კ-ის“ უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს გ. გ-ს.
შპს „კ-ს“ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
შპს „კ-ს“ დაეკისროს გ. გ-ის სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 120 ლარის გადახდა, ხოლო ა. ბ-ის, ა. და გ. გ-ების სასარგებლოდ – საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.