Facebook Twitter

№ას-563-531-2012 3 ივლისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სპს „ს. და კ-ი“

წარმომადგენელი - რ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ა-ი“, შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სპს „ს. და კ-მა“ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ბ-ის ა-ის“, შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ დამოითხოვა:

1. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2012 05.04.2006 წლის ბრძანების ბათილად ცნობა შპს „ბ. ა-ის“ სახელზე საჯარო რეესტრში 34505 კვ. მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში;

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 18.02.2011 წლის გადაწყვეტილების და შესაბამისი ჩანაწერების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, 1993 წლიდან სოფ. კ-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთს მართლზომიერად ფლობდა, იხდიდა მიწის გადასახადს და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. შპს „ბ. ა-ს“ კი, მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განჩინებით საქმე განსახილველად განსჯად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სპს „ს. და კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სპს „ს. და კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. აჭარის არ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 19 ოქტომბრის №1-07/134 ბრძანების საფუძველზე, სპს „ს. და კ-ს“ სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გადაეცა ქ. ბათუმის აეროპორტის საწვავ-საცხები მასალების საწყობის ნაწილი. ობიექტის გადაცემის ფორმას წარმოადგენდა ქირავნობა, რომლის ვადა შეადგენდა 9 წელს;

2. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 1998 წლის 20 ოქტომბერს აჭარის არ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სპს „ს. და კ-ს“ შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება;

3. მითითებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირდა, რომ გამქირავებელი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 14 ნოემბერს N1-3/687 ბრძანებით დაფუძნებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის წესის შესახებ დებულებისა და აჭარის არ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 19 ოქტომბრის N1-07/134 ბრძანების საფუძველზე დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც დამქირავებელს გადაეცა ბათუმის აეროპორტის საწვავ-საცხები მასალების საწყობის ნაწილი ( და არა მიწის ნაკვეთი);

4. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 2000 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სახაზინო მუნიციპალური საწარმო „ბ. ა-ი” გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 26 ივნისს შპს „ბ. ა-ის” დირექტორმა წერილით მიმართა სპს „ს. და კ-ის“ დირექტორს და აცნობა, რომ აჭარის არ ქონების მართვის სამინისტროსთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება სახაზინო მუნიციპალური საწარმო ბათუმის აეროპორტის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე უნდა გადაფორმდეს შპს „ბ. ა-ზე“, რომელიც მისი სამართალმემკვიდრეა;

5. აღნიშნული საფუძვლით 2000 წლის 1 აგვისტოს შპს „ბ. ა-ის“ დირექტორსა და სპს „ს. და კ-ის“ დირექტორს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება საწვავ-საცხები მასალების საწყობის ნაწილზე;

6. სპს „ს. და კ-მა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2008 წელს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების მიზნით გადაიხადა 71 ლარი;

7. 2007 წლის 9 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და შპს „ტ. ბ. ო-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მესაკუთრემ გადასცა მის (სახელმწიფოს) საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით შპს „ტ. ბ. ო-ს“ 20 წლის ვადით;

8. შპს „ტ. ბ. ო-ი“ არის არა წილის მესაკუთრე, არამედ დროებითი მმართველი;

9. შპს „ბ. ა-ის“ აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით სავალდებულოდ იქნა მიჩნეული მესაკუთრის, ანუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა;

10. შპს „ბ. ა-მა“ მანამდე სანამ განხორციელდებოდა მის საკუთრებაში არსებული მიწის დაზუსტება და რეგისტრაცია, წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მიეცა თანხმობა ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება-რეგისტრაციაზე.

11. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წლის 31 აგვისტოს წერილით აცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ბ. ა-ის” საკუთრებაშია 2243745კვ.მ დაუზუსტებელი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედის ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს მდებარე ნაკვეთები;

12. მიწის ორივე ფართობი (მათ შორის ის ნაწილიც, რომელზეც მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული შენობებია განთავსებული), არის შპს „ბ. ა-ის” ანუ სახელმწიფოს საკუთრება;

13. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სპს „ს. და კ-ის“ სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2008 წლის 1 მაისის №57 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით, სადავო მიწის ნაკვეთზე (მდებარე ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ კ-ში, 35 780,402 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე) სპს „ს. და კ-ის“ საკუთრების უფლების აღიარებისა და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

14. შპს „ბ-ის ა-ის“ 2006 წლის 15 მარტის პარტნიორთა სხდომაზე გადაწყდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა, კერძოდ, კრებამ დაადგინა, რომ შპს „ბ. ა-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნეს 230 ჰა მიწის ნაკვეთის ღირებულება და საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 3312000 ლარით;

15. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 05 აპრილის №603/081/01/04-1350 ბრძანებით შპს „ბ. ა-ის“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელდა ცვლილება;

16. სადავო მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრეს ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფო;

17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 თებერვლის №882011065107-05 გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ქალაქ ბათუმში, კ-ის დასახლებაში მდებარე 2025734.00 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი) მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა შპს „ბ. ა-ის“ საკუთრებად;

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „ბ. ა-ის“ მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სწორად განხორციელდა ცვლილება შპს „ბ. ა-ის” საკუთრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული ცვლილებებისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან არ არის მითითებული, რა საფუძვლით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება. სასამართლომ ცალმხრივად და არაობიექტურად შეაფასა მოსარჩელის წარდგენილი მტკიცებულებები, რიც გამოც არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა, რომელსაც კასატორი წლების მანძილზე მართლზომიერად ფლობდა. მიწის ნაკვეთი უკანონოდ გაიფორმა შპს „ბ. ა-მა“, რითაც მოსარჩელეს ზიანი ადგება, რადგანაც მომავალში ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა ესპობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს „ს. და კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასმართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სპს „ს. და კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სპს „ს. და კ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან ((სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) უ. ს-ის მიერ 18.04.2012 წლის N214 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.