Facebook Twitter

№ას-586-554-2012 5 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“, შპს „ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – აუცილებელი მისასვლელი გზის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპაუხეების: სს „ს-ისა“ და შპს „ბ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში, ყ-ის 32/34 ჩიხში მდებარე სს „ს-ისა“ და შპს „ბ-ის“ თანასაკუთრებასი არსებულ მიწის ნაკვეთის გამოყენებით აუცილებელი გზის მიცემა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მოსარჩელეს შენობამდე მისასვლელინ გზა უნდა მისცემოდა სპორტული მოედნის მხრიდან, რისთვისაც მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთულია მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარცელი არ დაკმაყოფილდა, სს „ს-ს“ უარი ეთქვა ადვოკატის დახმარებაზე გაწეული ხარჯის – 3000 ლარის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, ყ-ის ჩიხი №32/34-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებულია სს „ს-ის“ და მ. გ-ის საკუთრების უფლება. მ.გ-ის საკუთრებაშია შენობა-ნაგებობის ფართიდან 1309,74 კვ.მ. (მათ შორის მე-3 სართული 654,88 კვ.მ., მე-4 სართული 654,86 კვ.მ.) და ამ კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილი, ხოლო სს „ს-ს“ ეკუთვნის შენობა-ნაგებობის 1982,1 კვ.მ. ფართობი.

ქ. თბილისში, ყ-ის ჩიხი №32/34-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებულია სს „ს-ის“ და შპს „ბ-ის“ თანასაკუთრება.

მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) 52 კვ.მ. დატვირთულია სერვიტუტით მოსარჩელისა და სს „ს-ის“ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ.

ექსპერტიზის 2011 წლის 26 აპრილის დასკვნით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ა. ყ-ის ჩიხი 32/34-ში (კ. ქ-ის 32/34) მდებარე მ. გ-ის ფართს გააჩნია მხოლოდ ერთი მისასვლელი, რომელიც გადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის შიდა ეზოზე.

2004 წლის 29 დეკემბერს სს „ს-ის“ დირექტორს დ. გ-სა და მ.გ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ყ-ის 32/34 მდებარე შენობა-ნაგებობის მე-3 და მე-4 სართული, რაც შეადგენდა 1308 კვ.მ.. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველს შესასვლელი მიეცემოდა სპორტული მოედნის მხრიდან. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 222 360 ლარით.

2005 წლის 03 ივნისს სს „ს-ს“ და მ. გ-ს შორის გაფორმებული რექტიფიკაციის (შესწორების) შეტანის შესახებ სანოტარო აქტით (ნოტარიუსი მ. ჩ-ი), მხარეთა შორის 2004 წლის 29 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, კერძოდ, „ნასყიდობის საგანი“ _ შევიდა შესწორება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ნასყიდობის საგანია 9132,75 კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობის ნაწილი (აგრეთვე იდეალური წილი მიწის ნაკვეთისა, რომელზედაც დგას ეს შენობა-ნაგებობა), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყ-ის ჩიხი 32/34. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს შენობა-ნაგებობის ლიტ. „ბ“, მე-3 სართული, ფართით 654,88 კვ.მ. და მე-4 სართული, ფართით 7654,86 კვ.მ. სულ გაყიდულია 1309,74 კვ.მ. ხოლო სს „ს-ის“ საკუთრებაში დარჩა 7823,01 კვ.მ. შენობის ფართი. მყიდველი იძენს ინდივიდუალური საკუთრების უფლებას შენობა-ნაგებობის შესყიდულ ნაწილზე (ნასყიდობის საგანზე _ რაც მითითებულია ამ პუნქტში და თანასაკუთრების უფლებას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დგას შენობა-ნაგებობა (რომლის ნაწილი არის ნასყიდობის საგანი).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სპორტული მოედნის მხრიდან შენობის მოსარჩელის კუთვნილ ნაწილამდე მისასვლელის და კიბის უჯრედის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა–განმარტებით, რის საპირისპიროდაც მოპასუხემ წარმოადგინა ექსპერტიზის 2011 წლის 23 მაისის დასკვნა, რომლითაც ქ. თბილისში კ. ქ-ის #8–ში (ყოფილი ყ-ის ჩიხი) მდებარე სს „ს-ის“ შენობის ,,ა’’ფლიგელზე სპორტული მოედნის მხრიდან კიბის უჯრედის მოწყობა წარმოდგენილი, ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის გაბარიტებში ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კიბის უჯრედი სასურველია მოეწყოს ლენტური საძირკვლით, გადაიხუროს, ხოლო კედლები შეივსოს საკედლე მასალით, ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული ბუნებრივი განათების მოწყობით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 2005 წლის 03 ივნისს განხორციელებული შესწორების შეტანის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეუძლებელი გახდა სპორტული მოედნის მხრიდან შესასვლელის გაკეთება, რის გამოც ეს დათქმა ამოღებული იქნა ხელშეკრულებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (ს.ფ. 78–89), რომლითაც დადგენილია, რომ 2005 წლის 03 ივნისს რექტიფიკაციის (შესწორების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტის გაფორმება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მ. გ-ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა ნაყიდი ქონების – ლაბორატორიული კორპუსის მე–3 და მე–4 სართულის რეგისტრაციაზე მიწის ნაკვეთის გარეშე. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სპორტული მოედნის მხრიდან შესასვლელის გაკეთების პრობლემა არ გამხდარა ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის საფუძველი. შესწორება განხორციელდა კონკრეტული მიზნით და დაზუსტდა მხოლოდ ნასყიდობის საგანი, რათა მომხდარიყო მყიდველზე ნასყიდობის საგნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2005 წლის 03 ივნისს სს „ს-ს“ და მ. გ-ს შორის გაფორმებული რექტიფიკაციის (შესწორების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტით მხარეებმა გააუქმეს 2004 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმა სპორტული მოედნის მხრიდან შესასვლელის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, 2004 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველს შესასვლელი მიეცემოდა სპორტული მოედნის მხრიდან. შესაბამისად, აღნიშნულ პირობასთან მიმართებაში გამოვლინდა ორივე მხარის ნება, რაც აისახა ხელშეკრულებაში. რაც შეეხება 2005 წლის 03 ივნისს გაფორმებულ რექტიფიკაციის (შესწორების შეტანის) შესახებ სანოტარო აქტს, მართალია შესწორება შეეხო სწორედ იმ პუნქტს, სადაც მითითებული იყო სპორტული მოედნის მხრიდან შესასვლელზე, მაგრამ შესწორების შედეგად დაზუსტდა მხოლოდ ნასყიდობის საგანი და ხელშემკვრელი მხარეების მიერ შესასვლელთან დაკავშირებით ახალი ნება არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შესწორება განხორციელდა კონკრეტული მიზნით (საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის) პალატამ მიაჩნია, რომ მხარეებს ხელშეკრულების სხვა პირობები არ შეუცვლიათ. აღნიშნული დასკვნის საფუძველად პალატმ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) 52 კვ.მ. დატვირთულია სერვიტუტით მოსარჩელისა და სს „ს-ის“ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ. ასევე საქმეში წარმოდგენილია ა. ყ-ის ჩიხი 32/34–ში არსებულ შენობაზე კიბის უჯრედის მიშენების პროექტი, რომელიც დამტკიცებულია 2006 წელს (ს.ფ. 100–132). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები იმთავითვე შეთანხმდნენ მყიდველისათვის სპორტული მოედნის მხრიდან შესასვლელის მიცემაზე, რისთვისაც მიწის ეს მონაკვეთი დაიტვირთა სერვიტუტით და დამტკიცდა შესაბამისი პროექტი. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელი იყო და არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.

რაც შეეხება აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო მათ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნას, პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსსკ 105–ე მუხლის საფუძველზე შეაფასა საქმეში წარდგენილი ორივე საექსპერტო დასკვნა, რაც აისახა გადაწყვეტილებაში. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 26 აპრილის დასკვნით მართალია, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში ა. ყ-ის ჩიხი 32/334-ში (კ. ქ-ის 32/34) მდებარე მ. გ-ის ფართს გააჩნია მხოლოდ ერთი მისასვლელი, რომელიც გადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის შიდა ეზოში, მაგრამ 2011 წლის 23 მაისის დასკვნის საფუძველზე ასევე დასტურდება, რომ სპორტული მოედნის მხრიდან კიბის უჯრედის მოწყობა წარმოდგენილი, ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის გაბარიტებში ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 247-ე, 327-ე მუხლებით. ამასთან, სწორად შეაფასა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მისასვლელი გზის თაობაზე წარმოადგენდა 2004 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობას გამომდინარე იქედან, რომ არა მხარეთა ნების თანხვედრა აღნიშნულ პირობასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება არ დაიდებოდა. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებითი პირობის შეცვლა შესაძლებელი იყო მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების დადებისთვის გათვალისწინებული ფორმით და მიუთითა, რომ ამ პირობის შეცვლის შემთხვევაში, 2005 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა ყოფილიყო მითითებული, რასაც ხელშეკრულება არ შეიცავდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. გ-ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, მაშინ, რომდესაც სერვიტუტის არსებობა საჯარო გზასა და იმ ნაკვეთს შორის, რომელზეც განლაგებულია მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი შენობა-ნაგებობის ნაწილი, საკმარისად ჩათვალა საკუთრების ჯეროვანი გამოყენებისათვის.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, არ განიხილა და არ გამოიკვლია მტკიცებულება (27.06.2011 წერილი, რომლითაც დასტურდებოდა სპორტული მოედნის მხრიდან საკუთრებაში კიბით შესვლის შესახებ შეთანხმების არარსებობა), რომელსაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და არ გაუკეთებია შესაბამისი დასკვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. გ-ის (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 6 აპრილს №1 სალაროს შემოსავლის გადახდილი (200 ლარი) და 2012 წლის 01 მაისს №11 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი), სულ- 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.