№ას-619-582-2012 5 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ტ.. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის საცხოვრებელი ბინის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1081.18 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, იგი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება – ქ. წყალტუბოში, ბ-ის ქ. №1/2-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, სადაც პერიოდულად ცხოვრობს საქართველოში ყოფნისას. აღნიშნული ბინის მეორე სართულზე ცხოვრობს მოპასუხე ა. ს-ე, რომლის ბინიდან ჩამონადენი წყალი სისტემატურად აზიანებს მის საცხოვრებელ ფართს. აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი პოლიციის მიერ იქნა გაფრთხილებული ჯერ კიდევ 2000 წელს, თუმცა უშედეგოდ. ვინაიდან წლის ჩამონადენით დაზიანდა მისიკ საცხოვრებელი ბინის ჭერი და კედლები, მოპასუხე კი, უარს აცხადებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ტ. ა-მ მოითხოვა ა. ს-ისათვის, მის სასარგებლოდ, 1081.18 ლარის დაკისრება, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი ბინიდან მოსარჩელის სახცოვრებელ ფართში წყალი ჩავიდა 2000 წელს, რის შემდეგაც მან ჩაატარა გარკვეული სახის სამუშაოები. 2005 წელს სწორედ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში არსებული წყალგაყვანილობის მილის გახეთქვის გამო დაიტბორა არა მარტო მთლიანად ბინა, არამედ კორპუსის სარდაფიც, შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა მისი ბრალეულობით არ დაზიანებულა, რის გამოც არ არსებობს სარჩელი დაკმაყოფილების საფუძვლები.
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. ა-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ა-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ტ. ა-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ს-ს ტ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 213.5 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქალაქ წყალტუბოში, ბ-ის ქუჩა №1/2-ში პირველ სართულზე მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა 2010 წლამდე ირიცხებოდა ტ. ა-ს დის ს. ა-ს საკუთრებად, ხოლო 2010 წლის 25 ნოემბრიდან არის მოსარჩელე ტ. ა-ს საკუთრება;
ტ. ა-ა არის აზერბაიჯანის მოქალაქე და იგი საქართველოში, კერძოდ ქალაქ წყალტუბოში ბ-ის ქუჩა №1/2-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში ჩამოდის პერიოდულად, რომელიც მისი არყოფნის პერიოდში არის დაკეტილი;
2000 წელში ქალაქ წყალტუბოში ბ-ის ქუჩა №1/2-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში წყალი ჩავიდა მოპასუხე ა. ს-ის საცხოვრებელი ბინიდან, რომლის შედეგად მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში მოპასუხის მიერ ჩატარებული იქნა გარკვეული სამუშაოები;
ქალაქ წყალტუბოში, ბ-ის ქუჩის №1/2-ში მდებარე ტ. ა-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში მესაკუთრის მიერ 1999 წლიდან არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები;
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის №2061/15-2011 ექსპერტიზის დასკვნით ქალაქ წყალტუბოში, ბ-ის ქუჩის №1/2-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არსებული დაზიანებების აღმოფხვრის ხარჯებმა შეადგინა 1081,18 ლარი, ხოლო რაც შეეხება მიყენებულ დაზიანებებს: შესავლელში და კორიდორში შეიმჩნევა ჭერიდან ნალესის ჩამოშლა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ჩამონაჟონი წყლის ზემოქმედებით, დაზიანებულია იატაკი, კედლებზე წყლის ჩამონადენის კვალი არ შეინიშნება. სანიტარულ კვანძში შეიმჩნევა ჭერის მთელი ფართიდან ნალესის ჩამოშლა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ჩამოჟონილი წყლის ზემოქმედებით, კედლებზე წყლის ჩამონადენის კვალი არ შეინიშნება, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემა მოძველებულია, შეიმჩნევა ლითონის მილების კოროზია, ჭერში განთავსებული ზედა სართულის საკანალიზაციო სისტემა და საერთო საკანალიზაციო დგარიც ძლიერი დაზიანებებითაა, რის გამოც არ არის გამორიცხული გაჟონვები. სამზარეულოში შეიმჩნევა ჭერიდან ნალესის ჩამოშლა, იატაკი დაზიანებულია წყლის ზემოქმედებით, კედლებზე წყლის ჩამოდენის კვალი შეინიშნება სველი წერტილის მოწყობის მთელ სიმაღლეზე. დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა ჩატარებული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზით შეუძლებელია;
მოსარჩელე ტ. ა-ს საცხოვრებელ ბინაში (ქ. წყალტუბო, ბ-ის ქუჩა №1/2) არსებული დაზიანებების ნაწილი გამოწვეულია გასულ წლებში ბინაში არსებული წყალგაყვანილობის მილის დაზიანებით გამოსული წყლის ჭავლის შედეგად, რომლის დინება რამდენიმე დღე გრძელდებოდა, ხოლო ნაწილი-საცხოვრებელ ბინაში არსებული მოპირკეთების სიძველის და ბინის მდებარეობიდან გამომდინარე (მდებარეობს პირველ სართულზე) სინესტის ზემოქმედების შედეგად;
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. ა-ს საკუთრებაში არსებული ბინის მეორე სართულზე (მეორე სართულის მოსაზღვრე) საცხოვრებელ ბინას ფლობს ა. ს-ე. ადგილზე დათვალიერებითა და ექსპერტის (სპეციალისტის) განმარტებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ტ. ა-სა და ა. ს-ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინების სართულებს შორის მოქცეულია ა. ს-ის სარგებლობაში არსებული კომუნიკაცია, რომელიც დაძველებულია ექსპლუატაციის შედეგად (ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ჭერში განთავსებული ზედა სართულის საკანალიზაციო სისტემა დაზიანებულია) და საიდანაც მოხდა წყლის გაჟონვა. მითითებული კომუნიკაციების გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელია ა.ს-ე. ექსპერტის განმარტებით, ასევე დადგინდა, რომ წყლის გაჟონვით დაზიანდა ტ. ა-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ჭერი. რაც შეეხება საცხოვრებელი ბინის კედლებს და იატაკს, აღნიშნული ადგილები, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ის ბრალით (ქმედებით) არ ყოფილა გამოწვეული, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კედლებზე წყლის ჩამონადენის კვალი არ შეინიშნება. ამასთან ტ. ა-ს ბინაში კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემა მოძველებულია, შეიმჩნევა ლითონის მილების კოროზია. ასევე საერთო საკანალიზაციო დგარიც ძლიერი დაზიანებებითაა.
ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით დადგინდა, რომ ჭერის აღსადგენად საჭირო იყო 213.05 ლარის ღირებულების სამუშაოები (დაზიანებული ადგილებიდან ნალესის მოშორება, გაწმენდა-13,5 ლარი, შელესვა-80,38 ლარი, ჭერის შეღებვა წყალემულსიური საღებავით-119,52 ლარი. დანართი №1. პირველი, მეექვსე და მერვე პუნქტები. ტ.1. ს/ფ. 24).
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ზიანი, თუიმცა ჩათვალა, რომ პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოწვეულია არა ის ზიანი რაც სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებითაა განსაზღვრული, არამედ მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია ამ პირის ქმედებასთან.
პალატამ აღნიშნა, რომ 2012 წლის 22 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ტ. ა-ს საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში არსებული წყლის მილები მოძველებული და კოროზირებულია. შესასვლელის, კორიდორის, სანკვანძის, სამზარეულოს ჭერზე გაკეთებული ნალესი ალაგ-ალაგ ჩამოშლილია, რაც გამოწვეული არის წყლის გამოჟონვის გამო, ხოლო რაც შეეხება კედლებს და ისევე როგორც იატაკს სასამართლომ ჩათვალა, რომ მათზე არსებული დაზიანებები გამოწვეული არ იყო ამირან სოხაძის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის გაყვანილობებიდან გამოჟონილი წყლით.
საქმეში არსებული №2061/15-2011 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ.წყალტუბოში, ბ-ის ქუჩის №1/2-ში პირველ სართულზე მდებარე ტ. ა-ს ერთოთახიანი ბინის შესასვლელის, კორიდორის, სანკვანძის, სამზარეულოს ჭერზე, რომელიც შელესილ-შეღებილია, შეიმჩნევა ჭერიდან ნალესის ჩამოშლა, რომელიც გამოწვეულია ჩამოჟონილი წყლის ზემოქმედებით, ადგილობრივად ნალესთან ერთად ჩამოშლილია სართულშორისი გადახურვის ბეტონის ქვედა ფენა და ჩანს კოროზირებული არმატურა, რაც ქმნის მთლიანად გადახურვის კონსტრუქციის რღვევის საშიშროებას.
ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 2011 წლის სამშენებლო რესურსების ფასების კრებულის თანახმად, სამზარეულოს დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო შრომითი დამატერიალური დანახარჯების გაანგარიშებით (დაზიანებული ადგილებიდან ნალესის მოშორება, გაწმენდა, კედლისა და ჭერის შელესვა, ჭერის შეღებვა წყალემულსიური საღებავით) სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 213,05 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე მთლიანად უარის თქმის ნაწილში არასწორი იყო, რადგან ა. ს-ის ქმედებითა იყო (მოქმედება თუ უმოქმედობა) გამოწვეული ტ. ა-ს საკუთრებაში მყოფ ბინაში არსებული დაზიანებები (ალაგ-ალაგ) სამზარეულოს, შესასვლელის, სანკვანძის, კორიდორის ჭერზე. სართულებს შორის არსებული კომუნიკაციის შეკეთება და ნორმალური ექსპლუატაცია ექსპერტის განმარტების შესაბამისად, სწორედ ა. ს-ის მოვალეობა იყო. რაც შეეხება მოსარჩელის ბინაში არსებულ სხვა დაზიანებებს, პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე,არ იყო გამოწვეული ა. ს-ის ბრალით, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ა. ს-ის მიერ უნდა ანაზრაურებულიყო ის ზიანი, რომელიც მისივე მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იქნა გამოწვეული ე.ი. ის ზიანი, რომლის დადგომაშიც მას მიუძღოდა ბრალი. დანარჩენ ნაწილში პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ადგილზე დათვალიერების ოქმი. ასევე არასწორია სასამართლოს შეფასება თითქოს კედლებისა და იატაკის დაზიანებები არ იყო გამოწვეული ა. ს-ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის გაყვანილობიდან გაოჟონილი წყლით, ვინაიდან აღნიშნული შეფასება არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით ტ. ა-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ტ. ა-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ა-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ტ. ა-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მიერ 2012 წლის 17 აპრილს №5056302 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.