Facebook Twitter

№ას-628-591-2012 5 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ი, ა. ბ-ე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური, სს „პ. ბ-ის“ გორის ფილიალი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ხ-ის, ა. ბ-ის, სს „პ. ბ-ისა“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) თ. ხ-სა და სს „პ. ბ-ს“ შორის გორში, ს-ის ქ.№12/3-ში მდებარე ბინაზე 2008 წლის 23 ივლისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ბ) თ. ხ-სა და ა. ბ-ს შორის გორში, ს-ის ქ. №12/3-ში მდებარე ბინაზე 2008 წლის 29 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხე სს „პ. ბ-მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, მესაკუთრეს წარმოადგენდა თ. ხ-ი და შესაბამისად, ბინა კანონის დაცვით დაიტვირთა იპოთეკით.

თ. ხ-მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ბინა თავის სახელზე გაიფორმა სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 31 მაისის განკარგულების საფუძველზე, რის შემდეგაც ბინა იპოთეკით დატვირთა, ხოლო შემდეგ გაასხვისა და ა. ბ-ე კეთილსინდისიერი შემძენია. ბინის გასხვისების შესახებ ზ. მ-ისათვის ცნობილი იყო, რადგან ტელევიზიით გააკეთა გაყიდვის შესახებ განცხადებები, რის გამოც ზ. მ-მ მორიგება შესთავაზა, მორიგებას დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ თვითონ ზ. მ-ე აღარ გამოჩნდა და ბინაც სხვაზე გაასხვისა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზ. მ-ის სარჩელს თ. ხ-ისა და სს ,,პ. ბ-ის“ მიმართ 2008 წლის 23 ივლისს, გორში, ს-ის ქ. №12/3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; ზ. მ-ის სარჩელს თ. ხ-ის, ა. ბ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ თ. ხ-სა და ა. ბ-ს შორის 2008 წლის 29 ივლისს გორში, ს-ის ქ. №12/3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

გორის რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. მ-ს თ. ხ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4 600 აშშ დოლარი (ტ. I. ს.ფ. 186).

დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2005 წლის 27 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაზეც შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურომ ჩაატარა აუქციონი ზ. მ-ის ბინაზე, მდებარე: გორში, ა-ის ქ. №172/3-ში და აღმასრულებლის 2006 წლის 31 მაისის განკარგულებით, სახლი, საკუთრების უფლებით, ნატურით გადაეცა თ. ხ-ს (ტ. I. ს.ფ. 187, 189).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: გორში, ა-ის ქ. №172/3, 2006 წლის 19 ივნისიდან საკუთრების უფლებით ირიცხება თ. ხ-ის სახელზე (ტ. I. ს.ფ. 192).

2008 წლის 23 ივლისს თ. ხ-სა და სს ,,პ. ბ-ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გორში, ს-ის ქ. №12/3-ში (იგივე ა-ის ქ. № 172/3) მდებარე თ. ხ-ის კუთვნილი ბინა (ტ. I. ს.ფ. 164-169).

2008 წლის 29 ივლისს თ. ხ-სა და ა. ბ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გორში, ს-ის ქ. №12/3-ში (იგივე ა-ის ქ. № 172/3) მდებარე თ. ხ-ის კუთვნილი ბინა საკუთრებაში გადაეცა ა. ბ-ს; ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურში (ტ. I. ს.ფ. 37).

გორში, ს-ის ქ. №12/3-ში იპოთეკის უფლება შეწყდა 2010 წლის 20 სექტემბერს (ტ. I. ს.ფ. 309-310).

გორში, ს-ის ქ. №12/3-ში მდებარე, ა. ბ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება 2010 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა მ. ბ-ს 2010 წლის 20 სექტემბერს (ტ. I. ს.ფ. 316).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 31 მაისის განკარგულება N06-09 გორში, ს-ის ქ. №12/3-ში (იგივე ა-ის ქ. № 172/3) მდებარე, ზ. მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების თ. ხ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ტ. I. ს.ფ. 255-265).

სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 183-ე მუხლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 477-ე და 312-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ 58-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 62-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ ზ. მ-ის სარჩელი, როგორც უსაფუძვლო მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქოს საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ განჩინების მიღებისასა სასამართლომ არ შეისწავლა და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ ყოველგავრი გამოკვლევის გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უსწორობას დაამტკიცებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. (სსკ-ის 56-ე მუხლის განმარტებასთან მიმართებაში იხ. სსუგ №ას-571-879-09).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (415.45 ლარი) 70% – 290.81 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ზ. მ-ის (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მიერ 2012 წლის 28 მაისს №5184061 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -415.45 ლარის 70% – 290.81 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.