გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-507-481(კ-06) 29 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 23 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. დ-ამ მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მუშაობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე სამუშაოდან გათავისუფლებამდე იყო ფილიალის ზონის .... მთლიან საშტატო განაკვეთზე. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსის 2005წ. 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და 36-37-ე მუხლების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბრძანება გამოიცა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან მოპასუხეს არ უმსჯელია სამუშაოზე მისი უპირატესი დარჩენის შესახებ. აღნიშნული მუხლის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ, ხოლო თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლეოდა ოჯახის მეპატრონეს, თუ კმაყოფაზე ჰყავდა ორი ან მეტი პირი. მოსარჩელეს ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი იყო ბავშვობიდან ინვალიდი. ამასთან, მოსარჩელეს ჰქონდა 17 წლამდე მუშაობის სტაჟი, რის გამოც სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესობით.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაციამ ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაო ადგილით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში. მოპასუხეს კი მისთვის არ შეუთავაზებია სხვა სამუშაო, მაშინ‚ როდესაც ორგანიზაციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელების შემდეგ დარჩა 16 საშტატო ერთეული, რომელთაგან 2 იყო ვაკანტური. აქედან გამომდინარე, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებოდა სამუშაოზე მისი აღდგენის საფუძველი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, მართალია, სამუშაოდან გათავისუფლდა 2005წ. 25 იანვარს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე იგი მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რის გამოც ითხოვდა გაშვებული ერთთვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: საპატიოდ ჩაეთვალა სასამართლოსადმი მიმართვისათვის გაშვებული ვადა; გაუქმდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსის 2005წ. 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანება მ. დ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მ. დ-ა აღდგენილ იქნა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის ზონის ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება; მ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/163 ბრძანებით განხორციელდა ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაცია. 2004წ. 14 დეკემბერს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ იქნა ახალი ბრძანება ¹01/168, რომლითაც ცვლილება შევიდა 2004წ. 3 დეკემბრის ბრძანებაში. ამ ბრძანების მიხედვით, განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და დამტკიცდა მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები, სულ _ 19 საშტატო ერთეული. 14 დეკემბრის აღნიშნული ბრძანებით მთავარი და წამყვანი სპეციალისტების თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრა უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება. მ. დ-ა მუშაობდა ზონის ინსპექტორად. რეორგანიზაციის შედეგად კი ეს თანამდებობა გაუქმდა. შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია ადმინისტრაციას უფლებას აძლევდა, შეეწყვიტა მუშაკთან შრომის ხელშეკრულება. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მ. დ-ა გაფრთხილებულ იქნა ადმინისტრაციის მიერ, რითაც დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, რადგან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა მუშაკის სამუშაოზე უპირატესი დარჩენის პირობებს მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების დროს, მოცემულ შემთხვევაში კი, რეორგანიზაციის შედეგად, ზონის ყველა ინსპექტორი იქნა დათხოვნილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 2 მარტის განჩინებით მ. დ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა;' გაუქმდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის უფროსის 2005წ. 25 იანვრის ¹09/მ ბრძანება მ. დ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მ. დუნდუა აღდგენილ იქნა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული ფილიალის .... თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მ. დუნდუას გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დაირღვა საქართველოს შკკ-ის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია: ა) სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში; ბ) დანიშნული პროფესიის სპეციალობის, კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაოს მიცემით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის უქონლობისას სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადოებრივ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალი ვალდებული იყო, რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილ საშტატო ერთეულებზე, პირველ რიგში, დაესაქმებინა ფილიალში რეორგანიზაციამდე დასაქმებული მუშაკები, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საშტატო ერთეულების რაოდენობა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი, მუშაკების დანიშვნის საკითხი გადაეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გზით, თუმცა რაიმე შეთავაზება მ. დ-ას დასაქმების მიზნით ადმინისტრაციას არ განუხორციელებია. საქმეში არსებული სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსის 2005წ. 10 მარტის ¹484 წერილით კი დასტურდება, რომ ფილიალში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ განსაზღვრული 16 საშტატო ერთეულიდან დაკომპლექტდა 14 საშტატო ერთეული, ხოლო ორი საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური, სადაც თითქოს განიხილებოდა მოსარჩელის დასაქმების საკითხი, რაც ასევე მ. დუნდუას საწინააღმდეგოდ გადაწყდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დაზღვევის სამტრედიის ფილიალში რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ არ განხორციელებულა საშტატო ერთეულების შემცირება (კერძოდ, ზონის ინსპექტორის თანამდებობა, რომელიც 5 საშტატო ერთეულით განისაზღვრებოდა, გარდაიქმნა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობად, რომელიც 8 საშტატო ერთეულით განისაზღვრა), სადავო საკითხების გადაწყვეტა შეიძლებოდა მოსარჩელის სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გარეშეც, რადგანაც ადმინისტრაციას იგი, პირველ რიგში უნდა დაესაქმებინა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საშტატო ერთეულებზე თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად, რადგანაც არსებობდა საკმარისი საშტატო ერთეულები.
ხოლო, რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ. დ-ას არ გაუშვია სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ერთთვიანი გასაჩივრების ვადა, ვინაიდან სკ-ის 138-ე მუხლის თანახმად: «ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან/და მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის, ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ». ანუ, სარჩელის წარდგენის გარდა, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევს პირის მიერ მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადების შეტანა სახელმწიფო ორგანოებში ან სასამართლოში.
საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მ. დ-ამ გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადმინისტრაციას დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად, რაც დასტურდება გენერალური დირექტორის 2005წ. 5 თებერვლის ¹05/01-817, 2005წ. 7 მარტის ¹07/07-454 და სამტრედიის ფილიალის უფროსის 10.03.05 ¹484 წერილებით. სარჩელი მ. დ-ამ სასამართლოში შეიტანა 2005წ. 23 მარტს, ანუ ზემოთ დასახელებული წერილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 8 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არასწორადაა დადგენილი, რომ მ. დ-ა აკმაყოფილებდა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნას, კერძოდ, გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლება, აგრეთვე, მინიჭებული აქვს კომპიუტერის ოპერატორის კვალიფიკაცია.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მის მიერ ნ. ნ-ის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიიდან წარმოდგენილ 2005წ. 14 მარტის ¹26 ცნობას მ. დ-ას იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლის თაობაზე. იგი ამჟამადაც მესამე კურსის სტუდენტია. ამდენად, სასამართლოს მიერ არ ყოფილა შესწავლილი და სათანადოდ შეფასებული მ. დ-ას კვალიფიკაციის შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არასწორია.
გარდა ამისა, მ. დ-აზე კომპიუტერის ოპერატორის მოწმობა გაცემულია 2005წ. 20 აპრილს, შესაბამისად, მ. დ-ას სამუშაოდან გათავისუფლების დროს, 2005წ. 25 იანვარს, ამ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ ექნებოდა წარმოდგენილი.
სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე არასწორად იქნა დადგენილი, რომ დ. დ-ათვის ფილიალის ხელმძღვანელობას სხვა სამუშაო არ შეუთავაზებია. აღნიშნულზე წარმოდგენილ იქნა ფილიალსა და მოსარჩელეს შორის 2005წ. 31 იანვარს გაფორმებული შრომითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მ. დ-ას მიღებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი. ამასთან, მოცემულ შეთანხმებაზე მხარის ხელმოწერით, გამოთქმულია მისი ნება, დამსაქმებელთან შეთანხმების პირობებით შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე და სადავოდ არ გაუხდია ადრინდელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ის, რომ ზონის ინსპექტორის თანამდებობას შეეცვალა მხოლოდ სახელი, მაშინ, როდესაც ფილიალში განხორციელდა რეორგანიზაცია და ახლად შექმნილი წამყვანი სპეციალისტის ფუნქციები არსებითად განსხვავდებოდა ზონის ინსპექტორისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, არასწორადაა შესწავლილი და შეფასებული საქმეზე არსებული მტკიცებულებები, დაუსაბუთებელია საქმის გარემოებები, დარღვეულია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი, სრულად არ არის შესწავლილი საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2004წ. 3 დეკემბერს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ¹01/163-ო ბრძანებით განხორციელდა ერთიანი სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაცია.
2004წ. 14 დეკემბერს მიღებულ იქნა ახალი ბრძანება ¹01/168-ო, რომლითაც ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში. მითითებული ბრძანებით განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება, დამტკიცდა მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები: უფროსი-1; უფროსის მოადგილე _ 1; მთავარი ბუღალტერი-1; მთავარი ბუღალტრის მოადგილე-1; მთავარი სპეციალისტი-1, წამყვანი სპეციალისტი-10, სპეციალისტი-4; სულ 19 საშტატო ერთეული.
იმავე 2004წ. 14 დეკემბრის ბრძანებით მთავარი და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრა უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება.
დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ა ზონის ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2005წ. 25 იანვარს, ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანების შესაბამისად განხორციელებულული რეორგანიზაციის გამო, შკკ-ის 36-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შკკ-ის 34-ე მუხლის განმარტების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირების გამო, არ გულისხმობს საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ მუშაკის უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას. მუშაკის დათხოვნა შეუძლებელია, თუ არ გამოირიცხა რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს შკკ-ის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის შესაბამისადაც, გათავისუფლებული მუშაკის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მუშაკის დათხოვნა დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხა რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუ მუშაკი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ამასთან, სავალდებულო არ არის მუშაკი დაინიშნოს იმავე თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო, მართალია, ადმინისტრაციის ვალდებულების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მაგრამ, იმავდროულად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია საქმეში დაცული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებების გამოკვლევა-შეფასება.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას მ. დ-ას დასაქმების მიზნით არანაირი ქმედება არ განუხორციელებია. საქმეში, წარმოდგენილია სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალსა და მ. დ-ას შორის 2005წ. 31 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 3 თვით. ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას და მიაჩნია, რომ მითითებული ხელშეკრულება უნდა იქცეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს, აღნიშნული ხელშეკრულების დადებით დაცულია თუ არა შკკ-ის ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები და რამდენად ათავისუფლებს აღნიშნული ხელშეკრულება ადმინისტრაციას შემდგომი დასაქმების ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების არსებობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ სააპელაციო სასამართლო დაუბრუნდეს ხანდაზმულობის საკითხის გამორკვევას, რის გარეშეც სააპელაციო სასამართლო მოკლებული იქნება არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 8 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.