Facebook Twitter

№ას-634-597-2012 5 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება, იპოტეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის – 12 000 აშშ დოლარისა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ბოლო 7 თვის პროცენტის 4200 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, დავალიანების ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის სახით 5400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. კ-ს, მოსარჩელე ჟ. ხ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 10 100 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 6 600 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო 3 500 აშშ დოლარს. მოსარჩელე ჟ. ხ-ს უარი ეთქვა მოპასუხე დ. კ-სათვის სესხის ძირითადი თანხის სახით 5 400 აშშ დოლარის დაკისრებაზე და პირგასამტეხლოს სახით 700 აშშ დოლარის დაკისრებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა დ. კ-ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისში, გ-ის მე-.. მ/რ, კორპუსი 5, ბინა №42, საკადასტრო №...;

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჟ. ხ-ის სასარგებლოდ დ. კ-ს მიერ პირგასამტეხლოს სახით 3500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. კ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. კ-ს მოსარჩელე ჟ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7062 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 6 600 აშშ დოლარს, ხოლო ზიანი 462 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 1 მარტს ერთის მხრივ, დ. კ-სა და მეორეს მხრივ, ჟ. ხ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დ. კ-მ ჟ. ხ-ისაგან ისესხა 12000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 01 ივნისი. სესხზე დარიცხული სარგებლის ოდენობა მხარეთა მიერ განისაზღვრა 5%-ით, რომლის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენდა 6000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების პირველი პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

დ. კ-მ ჟ. ხ-ს ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში 2011 წლის მარტის ჩათვლით გადაუხადა 7200 აშშ დოლარი. ამ თანხიდან 1800 აშშ დოლარი მიჩნეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი თვის სარგებლის თანხად; ხოლო დარჩენილი 5400 აშშ დოლარი კი, ჩაითვალა გადახდილი ძირითადი თანხის ანგარიშში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის დავალიანება განისაზღვრა 6600 აშშ დოლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ეს ფაქტობრივი გარემოებები აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, მე-400, 404-ე, 411-412-ე, 414-ე მუხლები და გამომდინარე იქიდან, რომ დ. კ-სა და ჟ. ხ-ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა მსესხებლის - დ. კ-ს მიერ, კერძოდ, მსესხებელმა ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სრულად არ დააბრუნა ჟ. ხ-ისაგან ნასესხები თანხა, პალატამ ჩათვალა, რომ ვალდებულების დაჩენილი ნაწილის დათქმულ ვადაში შეუსრულებლობით გამსესხებელს მიადგა ზიანი. ზიანის მიყენების პერიოდი კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენსდა შვიდ თვეს და გამოითვლება ვალდებულების შესრულების შეწყვეტის დღიდან, კერძოდ, 2011 წლის აპრილიდან სარჩელის შეტანამდე - 2011 წლის ნოემბრამდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის კუთვნილ თანხას საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში საშუალო სარგებელის სახით დაერიცხებოდა ყოველთვიურად ანაბარზე განთავსებული თანხის 1%. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჟ. ხ-ისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 6 600 აშშ დოლარს, ამ თანხაზე დარიცხული 1%-იანი სარგებლი ყოვეთვიურად გამსესხებელს მოუტანდა 66 აშშ დოლარის სარგებელს, რომლის ოდენობა ვალდებულების შესრულების მთელ ვადაგადაცილებულ პერიოდზე იქნებოდა 462 აშშ დოლარი, პალატის განმარტებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ზიანის სახით გამსესხებელს მიადგა 462 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი, რომელიც როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვული ზიანი უნდა ანაზღაურეგბულიყო მოსარჩელის სასარგებლოდ. ამდენად, შვიდი თვის პერიოდზე სარგებლის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 3500 აშშ დაკისრების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა არც ჟ. ხ-ის სარჩელი და არც თავისი შესაგებელი, რომელთა თანახმადაც, არცერთი მხარე არ საუბრობდა და არც ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რომელ 462 აშშ დოლარის ზიანზე იყო საუბარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით დ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. კ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ. კ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ძ-ის მიერ 2012 წლის 11 მაისს №5133255 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.