№ას-664-625-2012 2 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ბ. წ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. რ-მ“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს „ბ. წ-ის“ მიმართ და მოითხოვა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: შპს „ბ. წ-მა“ ამჟამად, შპს „ბ. წ-მა“, რომელიც წარმოადგენს შპს „ბ. წ-ის“ უფლებამონაცვლეს, 2007 წლის აგვისტოში განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. შპს „ს. რ-მ“ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დროულად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება, მაგრამ მოპასუხემ ვერ შესძლო ბათუმის რკინიგზის სადგურში ტრანსპორტირებული ტვირთის გადაზიდვის ღირებულების ანაზღაურება, რის გამოც, სარკინიგზო მომსახურებისათვის მოპასუხეს დაერიცხა გადაზიდვის საფასური 2521.34 ლარი, ხოლო 24 საათზე მეტი ვაგონით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 100 ლარი, რაც მთლიანობაში 2621.34 ლარია, აგრეთვე, მოპასუხეს სხვა სარკინიგზო გადაზიდვისათვის დამატებით დაერიცხა გადაზიდვის ღირებულების 2718.50 ლარის გადახდა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა 2007 წლის აგვისტოში, შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მოპასუხემ არ განახორციელა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, გადაზიდვის ღირებულების ანგარიშსწორება, მას მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის განმავლობაში უნდა მიემართა სასამართლოსთვის თანხის დაკისრების თაობაზე. აქედან გამომდინარე, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. საქმეზე მტკიცებულების სახით თანდართულია გადაზიდვის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია არა შპს „ბ. წ-ზე“, არამედ წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტზე. აღნიშნულ გადაზიდვასთან მოპასუხეს რაიმე სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია.
2011 წლის 4 ნოემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „ს. რ-მ“ შპს ,,ბ. წ-ის“ სასარგებლოდ განახორციელა ორი სარკინიგზო გადაზიდვა, ერთი 2006 წლის ივნისში, რომელსაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საგზაო უწყისი და მეორე გადაზიდვა განახორციელა 2007 წლის აგვისტოში, რომელსაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტი №063507. გადაზიდვის ღირებულება დაფიქსირებულია მოსარჩელე საწარმოს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის უფროსის ი.ა-ის ცნობაში, სადაც თანხის გადახდაზე ვალდებულ პირად მითითებულია წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტი. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ წარმოადგენს შპს ,,ბ. წ-ის“ და არა წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტის უფლებამონაცვლეს, რომლის მიმართაც არის შედგენილი გადაზიდვის ღირებულება. მოსარჩელის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეს არ ერთვის ანგარიშფაქტურა და ზედნადები. გაურკვეველია, რომელ სუბიექტთან არის გადაზიდვაზე ხელშეკრულება დადებული, რადგან საგზაო უწყისში მითითებულია შპს ,,ბ. წ. ა-ი“. ასევე გაურკვეველია, როგორ არის გამოანგარიშებული გადასახდელი თანხის ოდენობა. გადაზიდვის ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტზე მითითებულია წყალგაყვანილობისა და თბომეურნეობის ტრესტი, რომლის სამართალმემკვიდრესაც მოპასუხე არ წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, კერძოდ, იგი ეფუძნება გადაზიდვის ხელშეკრულებას. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია, შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 672-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. სარკინიგზო კოდექსის 11-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების (ზედნადების და სხვა) საფუძველზე. ამავე კოდექსის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი, გადაზიდვის პირობების დაცვით, მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთმიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვის და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) დადგენილი საფასური. სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შემდეგ. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან, დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე, რომელიც აღინიშნება ზედნადებში. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „ს. რ-მ“ განახორციელა ორი სარკინიგზო გადაზიდვა, ერთი 2006 წლის ივნისში და მეორე - 2007 წლის აგვისტოში. მოპასუხემ მიუთითა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე და ამასთან, სადავო გახადა ორივე გადაზიდვა.
სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი, განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება :ა)ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების, ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან; ბ)ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან, ან თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს; გ) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში - გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ეს ნიშნავს, რომ გარდა საერთო ვადებისა ცალკეული სამართლებრივი ინსტიტუტებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონით შეიძლება დაწესდეს ხანდაზმულობის სპეციალური ვადები ან უფრო ხანმოკლე ან უფრო ხანგრძლივი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დაღვევის შესახებ. ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელე თავად ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ ერთი გადაზიდვა განახორციელა 2006 წლის ივნისში, ხოლო მეორე, 2007 წლის აგვისტოში. მოსარჩელეს თანხის გადახდაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მითითებული პერიოდიდან საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად. მოთხოვნის უფლების წაროშობიდან კი ორივე გადაზიდვაზე გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ასევე გასულია ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, რომლებიც საქართველოს სარკინიგზო კოდექსითაა დადგენილი. ამდენად, სარჩელი ხანდაზმულია. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად მოსარჩელეს სრულყოფილად არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც სამოქალაქო კანონმდებელობითა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის ნორმათა დაცვით იქნებოდა შედგენილი და ცალსახად დაადასტურებდა მოცემულ გადაზიდვებთან დაკავშირებით მოპასუხის ვალდებულებას მოთხოვნილი თანხის გადახდაზე. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს როგორ და რის საფუძველზე გამოიანგარიშა სარჩელით მოთხოვნილი თანხა.
სს „ს. რ-მ“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი დასაბუთებით: შპს „ბ. წ-მა“ 2007 წლის აგვისტოში სს „ს. რ-ის“ მეშვეობით განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. სს „ს. რ-ის“ მიერ გადაზიდვა განხორციელდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დანიშნულების სადგურში ტრანსპორტირებული ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდა, რისთვისაც მას დაეკისრა გადაზიდვის ღირებულება 2521.34 ლარის, ხოლო 24 სთ-ზე მომსახურებისათვის ვაგონით სარგებლობის მომსახურების - 100 ლარისა და გადაზიდვის ღირებულების საფასური 2718.50 ლარის, სულ 5339.84 ლარის გადახდა. შპს „ბ. წ-ს“ გადახდის ვალდებულება წარმოეშვა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა საგზაო უწყისის სახით. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის მომსახურება არის სასყიდლიანი მომსახურება და მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს გადაზიდვის მოსახურების საფასური. ვინაიდან, განსახილველი დავის საგანია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა, ასევე უნდა გამოეყენებინა საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, რომელიც სპეციალური კანონია და დეტალურად არის რეგლამენტებული სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. სარკინიგზო კოდექსის 44-ე, 45-ე და 47-ე მუხლები აწესებენ, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სს „ს. რ-ის“, როგორც გადამზიდველის პასუხისმგებლობას, კანონმდებლობა, გარდა გადამზიდველისა, ასევე ითვალისწინებს მოპასუხე შპს „ბ. წ-ის“, როგორც ტვირთმფლობელის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძვლებს.
ამასთან, სს „ს. რ-მ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 12 აპრილის №1-3/269 ბრძანება, რომლის საფუძველზეც შპს „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სს „ს. რ-დ“, დამტკიცდა საზოგადოების ახალი წესდება და შპს „ს. რ-ის“ სამართალმემკვიდრედ მიჩნეულ იქნა სს „ს. რ-ა, ასევე წარმოადგინა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოცემულ დავაში შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ სს „ს. რ-ის“ დაშვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სს „ს. რ-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 12 აპრილის №1-3/269 ბრძანებითა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სს „ს. რ-დ“, დამტკიცდა საზოგადოების ახალი წესდება და შპს „ს. რ-ის“ სამართალმემკვიდრედ მიჩნეულ იქნა სს „ს. რ-ა“, დგინდება ისიც, რომ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილება დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, რითაც დაცულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა მისი შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება და მოთხოვნის ხანდაზმულობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს. რ-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 23 აპრილს სს ბ-ში საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საქმეზე შპს „ს. რ-ის“ სარჩელის გამო შპს „ბ. წ-ის“ მიმართ, გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას სს „ს. რ-ა“.
სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სს ,,ს. რ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 23 აპრილს სს ბ-ი საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი. (2012 წლის 23 აპრილი, საგადასახადო დავალება #257) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.