Facebook Twitter

№ას-666-627-2012 12 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრებაში შეძენილი ქონების გაყოფა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) მოპასუხე ზ. ბ-ის დავალდებულება, დაუბრუნოს მისი კუთვნილი ნივთები – ე.წ. ”მზითვი”, კერძოდ, ჩეხური წარმოების ჭიქები: 6 დიდი და 6 პატარა ზომის; მუსიკალური ცენტრი ”სონი”; ბ) ქ. გორში, ი-ის ქ. № 66-ში მდებარე ბინის ½ წილზე თანამესაკუთრედ ცნობა; გ) მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ თანასაკუთრებაში შეძენილი ნივთების ღირებულების ფულადი კომპენსაციის - 1631 ლარის დაკისრება და დ) მოპასუხისათვის ქ.გორში, ი-ის ქ.№66-ში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯის - 1732 ლარისდაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 14 ივლისიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეიძინეს უძრავ-მოძრავი ქონება, აგრეთვე, მშობლებმა აჩუქეს საყოფაცხოვრებო ნივთები, ე.წ. მზითვი _ ჩეხური წარმოების ჭიქები, (ღირებული 200 ლარად) და მუსიკალური ცეტნტრი ”სონი”, (ღირებული 470 ლარად). 2007 წლის 15 მარტს ზ. ბ-მა შეიძინა ნასყიდობის გადახდის განვადებით საცხოვრებლი ბინა მდებარე ქ. გორი, ი-ის ქ. №66. ბინის ღირებულების თანხა 15 500 აშშ დოლარი გადახდილ იქნა ხელშეკრულების დადების დროს, ხოლო დარჩენილი 2000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო 2007 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამისად, მხარეებმა ერთად გადაიხადეს ბინის საფასური. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული ბინის ½ წილზე თანამესაკუთრედ ცნობასა და ბინის ნახევრის მისთვის მიკუთვნებას; მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მან მოპასუხესთან ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინა სხვადასხვა დასახელების მოძრავი ნივთები. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლის შეძენის შემდეგ მხარეებმა ერთად აწარმოეს სახლის სარემონტო სამუშაოები, რამაც შეადგინა 3524,9 ლარი, საიდანაც ითხოვს მხოლოდ 1732 ლარის დაკისრებას, რაც დასტურდება მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელემ 2011 წლის 4 აგვისტოს სახლიდან წაიღო თავისი კუთვნილი ნივთები, მათ შორის ე.წ. ”მზითვიც”, რაზეც მ. ნ-ს დაწერილი აქვს ხელწერილი. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მას საცხოვრებელი სახლი შეძენილი აქვს ქორწინებამდე და წარმოადგენს მის პირად საკუთრებას. სხვა ნივთებთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახლის ფარდები, ზეწრებისა და კონვერტის კომპლექტები შეძენილია ქორწინებამდე, ხოლო დანარჩენი ნივთები, რაც მითითებულია სარჩელში შეძენილია ქორწინების პერიოდში, ამ ნივთებიდან კომპიუტერის მაგიდა და კომპიუტერის სავარძელი შეძენილი აქვს განვადებით და მისი ღირებულება ჯერ არ აქვს გადახდილი; მართლია დანარჩენი ნივთები მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში აქვს შეძენილი, თუმცა არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფასებს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ კომპიუტერში გადახდილი აქვს 475 აშშ დოლარი, მაშინ, როცა მოსარჩელეს კომპიუტერის ფასად მითითებული აქვს 1000 ლარი ცვეთის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თანახმაა გაიყოს ნივთები არა თანხობრივად, არამედ ნატურით.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ს სარჩელი ზ. ბ-ის მიმართ თანასაკუთრებაში შეძენილი ქონების გაყოფისა და თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა ჩეხური წარმოების ჭიქებისა და მუსიკალური ცენტრის „სონის“ დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მ. ნ-ა ცნობილ იქნა ქ. გორში, ი-ის ქ. №66-ში (ს/კ №66.45.14.060) მდებარე საცხოვრებელი ბინის ½ წილზე თანამესაკუთრედ; ზ. ბ-ს, მ. ნ-ს სასარგებლოდ, დაეკისრა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულებიდან 1502 ლარის გადახდა; მოსარჩელე მ. ნ-ს მოთხოვნა მოპასუხე ზ. ბ-ის მიმართ მოძრავი ნივთების, კერძოდ: სახლის ფარდების, ზეწრებისა და კონვერტის ღირებულების – 115 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ზ. ბ-ს დაეკისრა ქ. გორში, ი-ის ქ. №66-ში, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯის – 1732 ლარის გადახდა მოსარჩელის მ. ნ-ს სასარგებლოდ.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მ. ნ-ა ცნობილ იქნა ქ. გორში, ი-ის ქ.№66-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის თანამესაკუთრედ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ნ-ს სარჩელი ქ. გორში, ი-ის ქ. №66-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. ნ-ა და ზ. ბ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 14 ივლისიდან (ტომი I. ს.ფ. 11).

2007 წლის 15 მარტს თ. ბ-სა და ზ. ბ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, რომლის საფუძველზეც ნასყიდობის საგანი, ქ. გორი, ი-ის ქ. №66–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, გაიყიდა 17500 აშშ დოლარად, საიდანაც 15500 აშშ დოლარი გადახდილი იქნა იმთავითვე, ხოლო 2000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო 2007 წლის 31 დეკემბრამდე (ტომი I. ს.ფ. 26–27);

2007 წლის 15 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 27 მარტს საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. გორი, ი-ის ქ. №66 (ს/კ №...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. ბ-ის სახელზე (ტომი I. ს.ფ. 16).

მხარეთა ერთად ცხოვრების პერიოდში საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. გორი, ი-ის ქ. №66-ში ჩაუტარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №021730-2011/03 დასკვნის თანახმად, ქ. გორში, ი-ის ქ. №66-ში, სახლის პირველ სართულზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3524,9 ლარს (ტომი I. ს.ფ. 90-94).

სააპელაციო სასამართლომ, ექსპერტის დასკვნაზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გორში, ი-ის ქ.№66-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა 3524,9 ლარი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება, მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

2011 წლის 05 აგვისტოს ინდივიდუალური აუდიტორის – ი. ბ-ის მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი სადავო მოძრავი ნივთების ღირებულებამ შეადგინა 3004 ლარი (ტომი I. ს.ფ. 18-19).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არც მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. გორში, ი-ის ქ.№66, არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. აღნიშნულთან მიმართებაში პალატამ განმარტა, რომ რომ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებისადმი ამა თუ იმ ქონების მიკუთვნებისათვის მნიშვნელოვანია ქონება მოპოვებული იყოს მეუღლეთა ერთობლივი შრომითა და საერთო სახსრებით. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგინდა, რომ 2007 წლის 15 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 27 მარტს საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. გორი, ი-ის ქ. №66 (ს/კ №...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. ბ-ის სახელზე, ქორწინების რეგისტრაცია კი მხარეთა შორის განხორციელდა 2007 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ქორწინებამდე შეძენილს და ითვლებოდა ზ. ბ-ის ინდივიდუალურ საკუთრებად.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სადაო ქონებაზე საკუთრების უფლება ზ. ბ-ს წარმოეშვა მხოლოდ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდგომ, რის გამოც სადავო ქონება უნდა ჩაითვლილიყო მეუღლეთა თანასაკუთრებად. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები მხოლოდ კისრულობენ გარკვეული მოქმედების შესრულების ვალდებულებას. შესაბამისად, როგორც ერთის მხრივ თანხის, ისე მეორე მხრივ ნასყიდობის საგნის გადაცემა, არა ხელშეკრულების დადების წინაპირობა, არამედ მისი შესრულებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის მიხედვით კი, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. შესაბამისად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველს ნივთის გადაცემის ვალდებულება წარმოეშვება მყიდველის მიერ ფასის სრულად გადახდამდე, ნივთის გადაცემით კი მყიდველზე გადადის საკუთრების უფლება და მესამე პირებთან ურთიერთობაში ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ გვევლინება უკვე მყიდველი. რაც, პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც და 2007 წლის 15 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 27 მარტს საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. გორი, ი-ის ქ. №66 (ს/კ №...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. ბ-ის სახელზე. საკუთრების უფლებაზე დაწესებული შეზღუდვები კი, პალატის განმარტებით, გარკვეული სახის უზრუნველყოფაა მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, რაც გავლენას ვერ მოახდენდა აღნიშნული ქონების სამართლებრივ რეჟიმზე.

პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება–მოვალეობები წარმოეშვათ ქორწინების რეგისტრაციის დღიდან - 2007 წლის 14 ივლისიდან. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1161-ე მუხლებზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონება ზ. ბ-მა შეიძინა ქორწინების რეგისტრაციამდე – 2007 წლის 15 მარტს, მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და მასზე ვერ გავრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებული რეჟიმი.

მოძრავი ნივთების ღირებულებისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სწორად დაადგინა მოძრავი ნივთებისა და ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა (მოპასუხე) ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც გააბათილებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტისა და ექსპერტიზის დასკვნებს, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მოძრავი ნივთების ღირებულებისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ა, მოითხოვა მისი ნაწილბრივ გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა და არ იმსჯელა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებზე, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 პუნქტზე. ამასთან, სასამართლომ დაარღვია სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპები და დაასკვნა, რომ უძრავი ქონება ზ. ბ-ის საკუთრება იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინებით მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (710 ლარი) 70% – 497 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. ნ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 27 აპრილს №5092011 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი (350 ლარი) და 2012 წლის 16 მაისს №5147676 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (360 ლარი), სულ- 710 ლარის 70% – 497 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.