Facebook Twitter
saqme #as-571-539-2011 25 maisi, 2011 weli

№ას-675-635-2012 2 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ი-ო“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-მ“ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს შპს „ი-ს“ მიმართ და მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება შემდეგი დასაბუთებით: შპს „ი-მ“ 2007 წლის სექტემბერში განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. შპს „ს. რ-მ“ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დროულად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება, მოპასუხეს, გარდა საფასურისა, დამატებით განსაკუთრებული პირობებით, კერძოდ, სადგურ სენაკში ვაგონების დასაცლელად მიწოდების მომსახურების გამო, დაერიცხა საფასური 2,202.28 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 668-ე მუხლის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს „ს. რ-მ“ გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად, შესაბამისად, მას სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ დაურღვევია. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, ამჟამად, მას გააჩნია დავალიანება 2202.28 ლარი.

წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით: შპს „ი-ს“ შპს „ს. რ-ის“ მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნია. არ არსებობს დავალიანების დამადასტურებელი შედარების ან სხვა რაიმე აქტი. მოპასუხე, როგორც ეს მიღებულია შპს „ს. რ-ში“ მომსახურებისათვის განკუთვნილ თანხას წინსწრებით იხდიდა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რის გამო დაერიცხა შპს „ი-ს“ სარჩელში მითითებული თანხა. ამასთან, სასარჩელო განცხადებაზე დართულ სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროზე №0379353 არ არის შპს „ი-ს“ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ხელმოწერები.

2011 წლის 31 ოქტომბრის სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 22 სექტემბერს შპს „ს. რ-მ“ გარდაბნის სარკინიგზო სადურიდან სენაკის სადგურში აწარმოა მოპასუხე შპს „ი-ს” კუთვნილი დიზელის საწვავის გადაზიდვა და მისი მოპასუხისათვის მიწოდება. მოპასუხის მიერ სარკინიგზო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებულ იქნა წინსწრებით, 197.72 ლარის გადამეტებით. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი 197.72 ლარი, შპს „ს. რ-ის” მიერ აღირიცხა, როგორც შპს „ი-ს“ კრედიტი. დადგენილია, რომ დამატებითი შემოსავლების მოზიდვის მიზნით, შპს „ს. რ-ა” ახორციელებს რკინიგზის დადგენილი სადგურებიდან კლიენტის ჩიხში ვაგონების განსაკუთრებული პირობებით მიწოდება-გამოტანის სარკინიგზო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შპს „ს. რ-ის“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 21 აგვისტოს №568/გ ბრძანებით, რომლის თანახმად, რკინიგზის სადგურიდან კლიენტის ჩიხში ერთი ვაგონის მიწოდება-გამოტანის ღირებულება შეადგენს 2400 ლარს, დღგ-ს გარეშე.

დადგენილია, რომ სადგურ „სენაკიდან“ შპს „ი-ს“ ჩიხში ვაგონის მიწოდების განსაკუთრებული პირობებით მომსახურების საფუძვლით შპს „ს. რ-მ“ მოპასუხე შპს „ი-ს“ დაარიცხა დებიტორული დავალიანება 2400 ლარი. შპს „ი-ს“ კუთვნილი ტვირთის გადაზიდვა მოსარჩელემ აწარმოა გარდაბნის სადგურიდან სადგურ სენაკში. ასევე, მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა ამ მომსახურებისათვის შესაბამისი ანაზღაურების მიღების ფაქტი. მხარეთა შორის სადავო იყო, დიზელის საწვავით დატვირთული ვაგონის დაცლის მიზნით, აღნიშნული ტვირთის მიწოდების ფაქტი სადგურ სენაკიდან შპს „ი-სათვის“ სასურველ ჩიხში. მხარეთა შორის ასევე სადავო იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. 2007 წლის სექტემბერში, შპს „ი-მ“ ისარგებლა კლიენტის ჩიხში ვაგონების მიწოდების, შპს „ს. რ-ის“ მიერ დადგენილი განსაკუთრებული სახელშეკრულებო პირობებით.

სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია, შეთანხმებული საზღაურის გადაზიდვით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება: გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ: ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცილებელი დაუძლეველი ძალა; გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სწორად უთხრა უარი შპს „ს. რ-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან შპს „ს. რ-ს“ და შპს „ი-ს“ 2007 წლის სექტემბერში განხორციელებულ სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული ჰქონდათ. მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა ტვირთის გადაზიდვის საფასური და შპს „ს. რ-ის“ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული დავალიანება, მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა, ამასთან ერთად, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ, მიუხედავად მოთხოვნის უსაფუძვლობისა, მოცემულ შემთხვევაში, გასული იყო, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-მ“ შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სს „ს. რ-ის“ სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შპს „ი-მ“ 2007 წელს განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. სს „ს. რ-ის“ მიერ გადაზიდვა განხორციელდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად, რაც დასტურდებოდა წარმოდგენილი სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროთი. ზემოაღნიშნული გარემოებებზე მითითებით, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სს „ს. რ-ის“ სარჩელი. ამ შემთხვევაში შპს „ი-ს“ გადახდის ვალდებულება წარმოეშვა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა საგზაო უწყისის სახით. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი მომსახურება და მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს გადაზიდვის მომსახურების საფასური. განსახილველი დავის საგანია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა, ასევე, უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, რომელიც სპეციალური კანონია და დეტალურად არის რეგლამენტებული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. ამასთან, მოპასუხემ ვერ შესძლო დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის სარკინიგზო მომსახურების გადახდა, აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 668-ე და 686-ე მუხლები, აგრეთვე, სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლი რის საფუძველზეც, სასამართლოს შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის 2 202. 28 ლარის გადახდა.

ამასთან, სს „ს. რ-მ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 12 აპრილის №1-3/269 ბრძანება, რომლის საფუძველზეც შპს „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სს „ს. რ-დ“, დამტკიცდა საზოგადოების ახალი წესდება და შპს „ს. რ-ის“ სამართალმემკვიდრედ მიჩნეულ იქნა სს „ს. რ-ა, ასევე წარმოადგინა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოცემულ დავაში შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ სს „ს. რ-ის“ დაშვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

განსახილველ შემთხვევაში, სს „ს. რ-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 12 აპრილის №1-3/269 ბრძანებითა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სს „ს. რ-დ“, დამტკიცდა საზოგადოების ახალი წესდება და შპს „ს. რ-ის“ სამართალმემკვიდრედ მიჩნეულ იქნა სს „ს. რ-ა“, დგინდება ისიც, რომ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილება დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, რითაც დაცულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მოთხოვნები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა მისი შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება და მოთხოვნის ხანდაზმულობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს. რ-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 23 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საქმეზე შპს „ს. რ-ის“ სარჩელის გამო შპს „ი-ს“ მიმართ, გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას სს „ს. რ-ა“.

სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სს ,,ს.რ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 23 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი. (2012 წლის 23 აპრილი, საგადასახადო დავალება #258) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.