Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-676-636-2012 5 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე „ჯ. ბ-ე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარკინიგზო მომსახურების საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდულაურ მეწარმე „ჯ. ბ-ის“ მიმართ სარკინიგზო მომსახურების საფასურის – 1916,46 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2007 წლის მარტში შპს „ს. რ-მ” განახორციელა მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე „ჯ. ბ-ის“ ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა №23129612 და № 21376710 ვაგონებით.

მოპასუხის მიერ წარდგენილი №1385863 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შპს „ს. რ-ის“ მიერ გაცემული საბოლოო დარიცხვის №4393 ანგარიშით, წარმოდგენილი №126147 და №126148 ზედნადებებით, ასევე №ა№ 126147 და №ა№126148 ტვირთის მიღებაზე ტვირთის გადაზიდვის ქვითრებით, 2007 წლის მარტში ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება ჯ. ბ-მ სრულად აანაზღაურა და სარკინიგზო მომსახურების საფასურის დავალიანება მას არ გააჩნია.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლით, 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის მესამე ნაწილით, 699-ე, 132-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორად უთხრა უარი შპს „ს. რ-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მიიჩნია, რომ შპს „ს. რ-ს“ და ინდივიდუალურ მეწარმე „ჯ. ბ-ს“ 2007 წლის მარტში განხორციელებულ სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული ჰქონდათ. მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა ტვირთის გადაზიდვის საფასური, ხოლო შპს „ს. რ-ის“ მიმართ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული დავალიანება მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა. ამასთან, მიუხედავად მოთხოვნის უსაფუძვლობისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასული იყო როგორც ერთწლიანი, ასევე სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

განსახილველი დავის საგანია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, ამდენად, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლების გარდა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, რომელიც სპეციალური კანონია, მასში დეტალურად არის რეგლამენტირებული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. სარკინიგზო კოდექსის 44-ე, 45-ე, 46-ე და 47-ე მუხლები აწესებენ ვალდებულების პასუხისმგებლობას. მოქმედი კანონმდებლობა გადამზიდველის გარდა ასევე ითვალისწინებს მოპასუხის, როგორც ტვირთმფლობელის (ტვირთმიმღების) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძვლებს. სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის სარკინიგზო მომსახურების გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, 668-ე და 686-ე მუხლები, აგრეთვე, სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლი, რის საფუძველზეც, შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის 1916.46 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. რ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 23 აპრილს გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ სს „ს. რ-ს“ (საინდენტიფიკაციო კოდი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 23 აპრილს №259 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.