№ას-692-649-2012 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: დ. მ-ისა და ი. ფ-ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ფ-სა და დ. მ-ს დ. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 200 000 აშშ დოლარის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყევტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით აპელანტ დ. მ-ის წარმომადგენლის ზ. ჯ-ის განცხადება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის ერთი კვირით გაგრძელების შესახებ და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 31 მარტს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 5 აპრილი. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში დ. მ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-ის წარმომადგენელმა ზ. ჯ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლომ კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, ფაქტობრივად მოუსპო საშუალება სიმართლის დადგენისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. მ-ის წარმომადგენელ ზ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდან და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით აპელანტ დ.მ-ის წარმომადგენლის ზ. ჯ-ის განცხადება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის ერთი კვირით გაგრძელების შესახებ და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2012 წლის 31 მარტს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე დ. მ-ის ხელმოწერით (იხ. ტ.2, ს.ფ. 21). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5- დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 5 აპრილს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლომ კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, ფაქტობრივად მოუსპო საშუალება სიმართლის დადგენისა.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. მ-ის წარმომადგენელ ზ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. მ-ის წარმომადგენელ ზ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.