№ას-707-663-2012 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, რეალური წილის გამოყოფა, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჯ-ის წინაღმდეგ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება და მოსარჩელისათვის მისი წილის 11/15-ის პროპორციულად ქ. ქობულეთში, დ. ა-ის გამზირი №600-ში მდებარე საერთო საკუთრებაში რიცხული ქონებიდან - რეალური წილის გამოყოფა, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის ფარგლებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. ქობულეთში დ. ა-ის გამზირი №600-ში მდებარე მ. ჯ-ის და ნ. ჯ-ის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საზიარო უფლება რეალური გაყოფით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 24 ნოემბრის №4194-08-4 ექსპერტიზის დასკვნისა და აღნიშნულ დასკვნაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 400 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით აპელანატ მ. ჯ-ს, იმ მოტივით რომ მის მიერ არასრულად იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 7 აპრილს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 12 აპრილი, ხოლო აპელანტმა სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2012 წლის 14 აპრილს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჯ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ მან გზავნილი ხარვეზის შევსების თაობაზე ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გააგზავნა არა 2012 წლის 14 აპრილს როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 12 აპრილს – კანონით დადგენილ ვადაში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო შპს „ს. ფ-ის“-ს ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 400 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით აპელანატ მ. ჯ-ს, იმ მოტივით რომ მის მიერ არასრულად იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს, კერძოდ, მის წარმომადგენელ დ. ვ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 7 აპრილს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე დ. ვ-ის მამის - ა. ვ-ის ხელმოწერით (იხ. ტ.2, ს.ფ. 29). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5- დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 8 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 12 აპრილს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან ხარვეზი გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 14 აპრილს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან გზავნილი ხარვეზის შევსების თაობაზე ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გააგზავნა არა 2012 წლის 14 აპრილს როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 12 აპრილს – კანონით დადგენილ ვადაში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო შპს „ს. ფ-ის“ ქვითარი, შესაბამისად, მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერც კერძო საჩივარზე დართულ შპს „ს. ფ-ის“ ქვითარს მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ქვითარი არ შეიცავს მ. ჯ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის დასახელებას.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაესაბუთებინა, რომ გადახდილი სახლემწიფო ბაჟი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სასამართლოში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.