საქმე №ას-711-667-2012 5 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ქ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-ის მიმართ ქ.ქუთაისში, ბ-ის ქ.№27-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი სახლის ნაწილის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. დ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. ქუთაისში, ბ-ის ქუჩის №72-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 32,76 კვ.მ 2-1 ოთახი, ზეძირკვლის სართულზე 30,52 კვ.მ 1-1 ოთახი, 9,90 კვ.მ 1-5 ოთახი და 10,29 კვ.მ 1-6 ოთახი, უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ჟ. ქ-ს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ ჟ. ქ-ი წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ბ-ის ქ.№27-ში მდებარე №1 შენობის 125,86 კვ.მ გამოყოფილი ნაწილისა და საერთო სარგებლობის აივნის მესაკუთრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. ქ-ის სახელზე რიცხულ ქ. ქუთაისში, ბ-ის ქუჩის №27-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 3/4 რეალური წილის გამოყოფა მოხდა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №698 დასკვნისა და დასკვნაზე თანდართული დანართი №1-ის მიხედვით, რომლის თანახმად ქ. ქუთაისში, ბ-ის ქუჩის №27-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ჟ. ქ-ს გამოეყო შემდეგი ფართი: საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 32,76 კვ.მ 2-1 ოთახი, ზეძირკვლის სართულზე 30,52 კვ.მ 1-1 ოთახი, 9,90 კვ.მ 1-5 ოთახი და 10,29 კვ.მ 1-6 ოთახი.
ქ. ქუთაისში, ბ-ის ქუჩის №27-ში მდებარე უძრავი ქონების –№1 შენობის 1/4 ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია აწ გარდაცვლილი დ. დ-ი, მოპასუხე ნ. დ-ის მამა.
ნ. დ-ი არ წარმოადგენს ჟ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიიჩნია, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე კოდექსის 183-ე, 311-ე მუხლების, ასევე 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ. ქუთაისში, ბ-ის ქუჩის №27-ში მდებარე №1 შენობის 125,86 კვ.მ გამოყოფილი ნაწილსა და საერთო სარგებლობის აივანზე რეგისტრირებულია ჟ. ქ-ის საკუთრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს შორის გაუქმდა საზიარო უფლება და ჟ. ქ-ს გამოეყო ზემოხსენებული სადავო ფართი. საზიარო უფლების გაუქმების შემდგომ ნ. დ-ი საკუთარ ფართთან ერთად განაგრძობს ჟ. ქ-ის ფართის ფლობას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან, ასევე სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა ნ. დ-მა ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მოპასუხე (მოსარჩელე) უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. დ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. იგი ვალდებული იყო, სწორად შეეფასებინა, ფლობდა თუ არა კასატორი სადავო ფართს მართლზომიერად. ფაქტობრივად კი, საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს 1987 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ნ. დ-ს მიენიჭა უფლება, ფლობდეს და სარგებლობდეს ჟ. ქ-ის კუთვნილი ნივთის ნაწილით.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები, ვინაიდან ზემოხსენებული სასამართლოს 1987 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟ. ქ-ისათვის კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებს და მას არ შეუძლია, მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების ხელყოფა.
სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. დ. დ-ი წარმოადგენს კასატორის მამამთილს და არა მამას.
პალატა ვერ უთითებს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც ადგენს, რომ ნ. დ-ი არ წარმოადგენს ჯ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო ფართის ნაწილს კასატორი ფლობს, როგორც მისი ამშენებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.