Facebook Twitter

№ას-712-668-2012 12 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 226 434 ლარის ოდენობით სემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 27 სექტემბერს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ლ-ს“ შორის დაიდო ღორღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფასი იყო 3 353 069.25 შვეიცარული ფრანკი. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შპს „ლ-ს“ მოთხოვნიდან 24-72 საათში უნდა მიეწოდებინა საქონელი, მიაწოდა ვადის დარღვევით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%, რამაც მოსარცელის განმარტებით სულ შეადგინა 573 837.6 ლარი. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო „ლ. ბ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით – 167 654 შვეიცარული ფრანკით, საიდანაც მოსარჩელემ 319 146.15 ლარით ნაწილობრივ დაფარა პირგასამტეხლოს თანხა, მიწოდებული პროდუქციის ღირებულებით გაქვითა პირგასამტეხლოს ნაწილი – 28 257.58 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს დარჩენილი ანუ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 226 434 ლარს. 2011 წლის 28 აპრილს იმის გამო, რომ პირგასამტეხლოს ჯამურმა თანხამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს, მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა მოპასუხესთან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და დაადასტურა მხოლოდ საქონლის დაგვიანებით მიეოდების 4 ფაქტი და განმარტა, რომ მოსარჩელემ საბანკო გარანტიით – 319 146.15 ლარით, სრულად აანაზღაურა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო.

ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სპს „ლ-ს“, შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 41600.58 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია სემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში წარმოდგენილი საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2010 წლის 27 სექტემბერს შპს „ს. რ-ისა” და შპს „ლ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება ღორღის შესყიდვის შესახებ.

ხელშეკრულების ფასი განისღვრა 3 353 069,25 შვეიცარული ფრანკით დღგ-ს გარეშე.

ხელშეკრულების 3.3. მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდების პერიოდულობასა და რაოდენობას განსაზღვრავდა შემსყიდველი, წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, შპს ”ლ-ს” წერილობითი მოთხოვნიდან 24-72 საათში შპს ”ს. რ-ისათვის” უნდა მიეწოდებინა მოთხოვნაში მითითებული ოდენობის ღორღი.

ხელშეკრულების 3.8. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების საბოლოო ვადის დადგენა უნდა მომხადარიყო მხარეებს შორის დამატებითი წერილობითი შეთანხმებით.

ხელშეკრულების 8.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით.

2010 წლის 13 დეკემბერს შპს ”ლ-ს” ჩაბარდა მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნა 680 კუბ/მ სალიანდაგო ღორღის მიწოდების თაობაზე, საქონელი კი მიაწოდა 2010 წლის 17 დეკემბერს, ე.ი. ერთი დღის დაგვიანებით.

2011 წლის 25 იანვარს შპს ”ლ-ს” ჩაბარდა მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნა 960 კუბ/მ სალიანდაგო ღორღის მიწოდების თაობაზე, საქონელი კი მიაწოდა 2011 წლის 7 თებერვალს ე.ი. 10 დღის დაგვიანებით.

2011 წლის 27 იანვარს შპს „ლ-ს“ ჩაბარდა მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნა 960 კუბ/მ სალიანდაგო ღორღის მიწოდების თაობაზე, საქონელი კი მიაწოდა 2011 წლის 10 თებერვალს, ე.ი. 11 დღის დაგვიანებით.

2011 წლის 3 თებერვალს შპს „ლ-ს“ ჩაბარდა მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნა 1000 კუბ/მ სალიანდაგო ღორღის მიწოდების თაობაზე, საქონელი კი მიწოდებული იქნა 2011 წლის 18 მარტს, ე.ი. 40 დღის დაგვიანებით.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრის გარემოება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შპს „ლ-მა“ მოადხინა 62 დღის გადაცილებით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების თანხის გამოანგარიშება 0.1%, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონშესაბამისად განხორციელდა 62 დღეზე გადაანგარიშებით.

პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სს ”ლ. ბ-ის” მიერ გაცემული საბანკო გარანტიით – 167 654 შვეიცარული ფრანკით.

2011 წლის 28 აპრილს, შპს ”ს. რ-მ” 2010 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულება შპს ”ლ-თან” შეწყვიტა.

2011 წლის 29 აპრილს შპს ”ს. რ-მ” ლ. ბ-ისაგან მიიღო საგარანტიო თანხა სრულად 319 146,15 ლარი, რითიც შპს ”ს. რ- მიწოდებული პროდუქციის ღირებულებით გაქვითა დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა - 28 257,58 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ - ((ხელშეკრულების თანხა - 3 353 069,25 შვეიცარული ფრანკი ეროვნულ ვალუტაში 2011 წლის 28 აპრილის (ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში) შეადგენდა 6 274 263,18 ლარს (1 ფრანკი=1,87 ლარს), 62 დღის 0.1% შეადგენს 389 004,31 ლარს), - პირგასამტეხლოს მთლიან თანახას წარმოადგენდა 389 004,31 ლარი, რომელსაც კანონშესაბამისად გამოაკლდა საგარანტიო თანხა - 319 146.15 ლარი, რომელიც ბანკის მიერ ჩაერიცხა შპს ”ს. რკ-ს” და რომლითაც ამ უკანასკნელის მიერ დაიფარა პირგასამტეხლოს ნაწილი. შესაბამისად მოპასუხეზე დასაკისრებელმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 41 600,58 ლარი

სააპელაციო პალატამ ასევე სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ შპს ”ს. რ-ის” 2011 წლის 9 თებერვლითა და 2011 წლის 18 თებერვლით დათარიღებული წერილობითი მოთხოვნის 1000-1000 კუბ/მ ღორღის მიწოდების თაობაზე, შპს „ლ-ისათვის“ ჩაბარება, შესაბამისად საქონლის ვადადარღვევით მიწოდება - დაუდასტურებელია, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თარიღს, თუ როდის ჩაბარდა შპს „ლ-ს“ შპს „ს. რ-ს“ 2011 წლის 9 თებერვლითა და 2011 წლის 18 თებერვლით დათარიღებული წერილობითი მოთხოვნები. რის გამოც პალატის განმარტებით, იგი მოკლებულია შესაძლებლობას გამოიანგარიშოს ვადაგადაცილება მოთხოვნის ჩაბარებიდან - მის შესრულებამდე.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361.2-ე, მე-400-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს. რ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ს“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №337 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 29 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.