№ას-713-669-2012 16 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკუთრებაში არსებულ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიეზომა ნაკვეთი, რომელიც ამჟამად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოპასუხემ მიიტაცა ლ.ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შემოღობა იგი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიმართა პოლიციას, რომელმაც აუკრძალა მ.ხ-ს მიწის ნაკვეთით სარგებლობა, თუმცა, აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 14 ივლისს დარეგისტრირებული ნაკვეთი 1993 წლის 10 მაისის მიწის მიღება-ჩაბარების აქტით არ მდებარეობს რეგისტრაციის ადგილზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის 2009 წლის 14 ივლისის ამონაწერის მიხედვით მოსარჩელე ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა ჩოხატაური, კოდი .., სექტორი ქვენობანი კოდი .., ნაკვეთის №.., კვარტალი .., ფართობი 2450 მ2 რეგისტრაციის საფუძველი არის მიღება-ჩაბარების აქტი, გაცემული 1993 წლის 10 მაისს, ცნობა არქივიდან კომლის შემადგენლობაზე №342, გაცემული 2008 წლის 25 აგვისტოს). ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 ივლისს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ლ. ბ-ის სახელზე შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემებით – სარეგისტრაციო ზონა ჩოხატაური, კოდი .., სექტორი ქვენობანი კოდი .., ნაკვეთის №.., კვარტალი .., ფართობი 2450 მ2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
მ.ხ-მ სააპელაციო საჩივარზე, არასაპატიო მიზეზით, შესაგებელი არ წარმოადგინა, აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარე, არასაპატიო მიზეზით, არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321–ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა–განმარტებას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება დაემყაროს, მხოლოდ აპელანტის ახსნა–განმარტებას, ე.ი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება, გამოტანილ იქნეს, თუ ახსნა–განმარტებაში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ფაქტობრივი გარემოებები არის ის რაც მოხდა და რასაც შესაძლებელია მიენიჭოს სამართლებრივი მნიშვნელობა. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დადასტურებულად ითვლება, სწორედ, ზემოხსენებული ფაქტობორივი გარემოებები და არა ამ ფაქტების აპელანტისეული სამართლებრივი შეფასებები. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი, რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ მიცემული ახსნა–განმარტებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 14 ივლისს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ლ. ბ-ის სახელზე (სადავო მიწის ნაკვეთზე). ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 ივლისს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ლ. ბ-ის სახელზე შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემებით – სარეგისტრაციო ზონა ჩოხატაური, კოდი .., სექტორი ქვენობანი კოდი .., ნაკვეთის №.., კვარტალი .., ფართობი 2450 მ2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად ამდენად, ზემოაღნიშნულ მოტივირებათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული და დადასტურებულად ცნობილი ფაქტები იურიდიულად უსაფუძვლოა, რადგან დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურდიულად არ ამართლებს, შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მესაკუთრე კვლავ ლ.ბ-ა, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაზეც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად, ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდესGAგასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების - 100 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ.ბ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელიც დართული იყო, როგორც საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში, ცალსახად დასტურდება, რომ ლ.ბ-ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან (საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2010 წლის 2 მარტს გაცემული ცნობა და 2012 წლის 17 იანვრის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან). სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
ლ. ბ-მ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს ამ პრეტენზიისათვის შეფასება არ მიუცია, რაც მოცემული განჩინების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილება (განჩინება), რის გამოც საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების კანონიერებაზე. აღნიშნული კი, საქმის ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.