№ას-715-671-2012 2 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, დამატებითი ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე 2007 წლის .. მარტს დაქორწინდა მარტვილის რაიონის სოფელ ბ-ში მცხოვრებ ა. კ-ზე, რომლისგანაც 2007 წლის .. ივნისს შეეძინა შვილი - მ. კ-ი. 2009 წლის 21 იანვარს ა.კ-ის ინიციატივით მხარეები განქორწინდნენ. მ.ჯ-ი და მისი შვილი ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლების სახლში. ა.კ-ი მონაწილეობას არ ღებულობს შვილის აღზრდაში. ბავშვის მამას და მის ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი საკომლო მეურნეობიდან, ასევე ის ასრულებს კერძო სამუშაოებს, საიდანაც სოლიდურ ანაზღაურებას იღებს. ამასთან, პირად საკუთრებაში აქვს უცხოური ავტომანქანა. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურ დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.კ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განჩინებით ა.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განჩინება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 29 ნოემბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ჯ-მა, მოპასუხედ დაასახელა ა. კ-ი და მოითხოვა 2007 წლის 27 მარტს დაბადებული მცირეწლოვანი შვილის - მ. კ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 200 ლარის დაკისრება, ასევე შვილის მიმართ გაწეული დამატებითი ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება. სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მ. ჯ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხე ა. კ-ს სარჩელში მითითებულ მისამართზე - მარტვილის რაიონის სოფელ ბ-ში გადაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრა 5-დღიანი ვადა პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლე მიიღებდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სარჩელი და თანდართული მასალების ასლები 2011 წლის 6 დეკემბერს პირადად ჩაჰბარდა მოპასუხე ა. კ-ს.
შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი ვადა მოპასუხე ა. კ-ს ამოეწურა 2011 წლის 11 დეკემბერს. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს მითითებულ ვადაში შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. 2012 წლის 4 იანვარს ა. კ-მა საჩივრით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მოპასუხემ მიუთითა, რომ მან შესაგებელი ვერ წარადგინა, ვინაიდან მკურნალობდა ქუტირის აკადემიკოს ბ. ნ-ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრში დიაგნოზით - მწვავე და გარდამავალი ფსიქიკური აშლილობა. მოპასუხე ა.კ-მა წარმოადგინა ცნობა, იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 20 დეკემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე სტაციონარული მკურნალობის კურსს გადიოდა აკად. ბ. ნ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა შესაგებლის წარდგენას. ამასთან, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს განცხადების (შესაგებლის) წარდგენის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ამასთან მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ავადმყოფობის ცნობაში, მართალია, აღნიშნულია ა. კ-ის ავადმყოფობის თაობაზე, მაგრამ დასახელებული ცნობა არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ა.კ-ი 2011 წლის 6 დეკემბრიდან 2011 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით ავად იყო, რის გამოც ვერ შესძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარდგენა და აღნიშნულის თაობაზე წინასწარი შეტყობინება. ამდენად, საჩივრის ავტორის მითითება, რომ შესაგებლის წარუდგენლობისათვის არსებობდა საპატიო გარემოებები დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად სწორად შეაფასა, შესაგებლის წაუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებითა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა სამოქალაქო საქმეში არსებული ჯანმრთელობის ცნობა, რომლის მიხედვით, კასატორი დაავადებული იყო მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობით და მოთავსებული იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თავად ცნობაში აღნიშნულია ავადმყოფობის მიმდინარეობა, რომელიც დღესაც გრძელდება და არის პროგრესირებადი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუველზე სასამართლოს აღნიშნული უნდა მიეჩნია საპატიო მიზეზად და არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან არსებობდა საპატიო მიზეზი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლით. სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება - სამედიცინო ცნობა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კასატორი გადის ამბულატორიულ მკურნალობას სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში ექიმ ქ. ჯ-ს მეთვალყურეობის ქვეშ. იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოში შესაგებელი უნდა წარედგინა ავად იყო და ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
მოცემული დავის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საქმე №ას-385-364-2012), რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
რაც შეეხება, მოწინააღმდეგე მხარის, მ. ჯ-ის მიერ დართულ მტკიცებულებას, პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მ. ჯ-ს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 19 ივნისს წარმოდგენილ წერილობით პასუხზე დართული მტკიცებულებები 7 ფურცლად.
კასატორმა 2012 წლის 25 ივნისს წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დგინდება, რომ ა. კ-ი სოციალურად დაუცველია, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მას უნდა დაუბრუნდეს ი. გ-ის მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300 ლარი (2012 წლის 1 ივნისი, სალაროს შემოსავლის ორდერი #5200589) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ა. კ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ი. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (2012 წლის 1 ივნისი, სალაროს შემოსავლის ორდერი #5200589) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
მ. ჯ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 19 ივნისს წარმოდგენილ წერილობით პასუხზე დართული მტკიცებულებები 7 ფურცლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.