საქმე №ას-716-672-2012 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ა, მ. შ-ა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-მ და მ. შ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ უკანონოდ დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 9 სექტემბრის №022-2037/1 აქტში მითითებული ნივთები: პიანინო „ბელორუსი“ პიანინოს სკამით, საძინებელი კომპლექტი (კარადა, ორადგილიანი საწოლი, ტუმბო და ტრილიაჟი) გათავისუფლდა ყადაღისაგან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ინდივიდუალურ მეწარმე „ი. კ-ს“, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, დაყადაღებულ იქნა ქ.ფოთში, ბ-ის ქ. №18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ქონება, მათ შორის, პიანინო (ბელორუსი) პიანინოს სკამით, საძინებელი კომპლექტი, რომელიც მოიცავს კარადას, ორადგილიან საწოლს, ტუმბოსა და ტრილიაჟს.
2010 წლის 22 აპრილიდან მ. შ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ი. კ-ს შვილთან - კ. კ-სთან.
ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ზემოხსენებული მოძრავი ნივთები მოსარჩელეს აჩუქა მისმა დედამ ქორწინებასთან დაკავშირებით მზითევის სახით. აღნიშნული ფაქტი დასტურდება მოსარჩელის, მოპასუხე ი. კ-სა და მოწმეების - ბ. ე-ის, ნ. ხ-ს, ლ. ე-ის, გ. ჩ-სა და კ. კ-ს განმარტებებით. აღნიშნული პირების განმარტებით აქტში მითითებული სადავო დაყადაღებული ნივთებით სარგებლობს მოსარჩელე და არა მოსარჩელის მამამთილი – მოპასუხე ი. კ-ა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს აქტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ სადავო მოძრავ ნივთებს ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე მ. შ-ა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ სადავო ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსჯადობის წესების დარღვევაზე, ვინაიდან დავის საგანი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დარღვევიდან, ასეთ შემთხვევაში საქმე განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტების შესაბამისად.
საგადასადახო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 241-ე მუხლის პირველი ნაწილის და 2.1 ნაწილის, ასევე მე-8 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ბიურომ სავსებით სწორად დააყადაღა სადავო ნივთები, ვინაიდან ინდივიდუალურ მეწარმე იური კუკავას გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალება. 2011 წლის 6 ივლისის აქტს ქონების დაყადაღების შესახებ ხელი მოაწერეს გადამხდელის წარმომადგენელმა ნ. ყ-მ და თავად მოსარჩელე მ. შ-მ, რომელსაც დაყადაღებული ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით აქტზე რაიმე შენიშვნა არ გაუკეთებია.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, არასწორია სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მოსარჩელეს სადავო ნივთების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით არ წარუდგენია.
საქმეში სათანადო მოპასუხედ უნდა ჩართულიყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, რომელმაც უზრუნველყო სააღსრულებო მოქმედების განხორციელება და შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა კასატორის მითითება, რომ მოცემული დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.