№ას-720-676-2012 16 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ბ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ლ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ლ-ს მიმართ და მოითხოვა კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა შემდეგი დასაბუთებით: ბ. გ-ის დედა ე. ბ-მ და მისმა მეუღლე ა. გ-მ 1965 წელს ნ. გ-ისაგან შეიძინა ბ. გ-ის მიერ დაკავებული ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№34-ში მდებარე 21.67 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ლიტ „ბ“ ½ ნაწილი. ამავე მისამართზე ასევე შეიძინეს ლიტ „დ“ ½ ნაწილი, რომელიც 1994 წელს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ვერ დაიკანონეს. ა. გ-ს გარდაცვალების შემდეგ ამ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები. აღნიშნულ მისამართზე მათ ოჯახს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართიც და ამავე დროს თითოეული საცხოვრებელი ფართი დამოუკიდებელ აბონენტად არის რეგისტრირებული სს „თ-ში“, ასევე „ყ-ში“. ა. გ-ა 1978 წელს, ხოლო ე. ბ-ე 2006 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ბ. გ-მ სამკვიდრო მიიღო 2008 წლის 9 ივლისს. ამ ეტაპზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ნ. გ-მ აჩუქა შვილს - ი. ლ-ს, რომელიც ემუქრება ბ. გ-ის ოჯახს გამოსახლებით და ამიტომაც, იძულებულები არიან, მიმართონ სასამართლოს. მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის წარმოშობილია ურთიერთობა, რომელიც რეგულირდება კანონით „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“, კერძოდ, ამ კანონის მიღების დროისათვის ბ. გ-ე და მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულები არიან სადავო ფართში, ფაქტობრივად ფლობენ მათი წინაპრების მიერ ნაყიდ ფართს, მათ სახელზეა რეგისტრირებული მრიცხველები და, შესაბამისად, ისინი იხდიან ყველა კომუნალურ გადასახადს, რაც წარმოადგენს ბ. გ-ის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ ცნობის საფუძველს.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო ფართი არ არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის საგანი, ბ. გ-ს მოპასუხე განიხილავს დამქირავებლად და, შესაბამისად, ის ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ.გ-ს მოპასუხე ი. ლ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5500 აშშ დოლარის გადახდა და ბ. გ-ე ცნობილ იქნა თბილისში, ფ-ის ქუჩა #34 მისამართზე მდებარე მოპასუხე ი. ლ-ს თანასაკუთრებად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის ლიტ. „ბ-ს“ ½ ნაწილში განთავსებული, მოსარჩელე ბ. გ-ის მფლობელობაში არსებული და 21,67 მ2 საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის განჩინებით ი.ლ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ფ. გ-ა გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სადგომში - თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში მდებარე სახლის ლიტ. ”ბ”-ს ½ (ერთიმეორედ) ნაწილში განთავსებულ ფართში. დღეისათვის სადავო საცხოვრებელ სადგომს უშუალოდ ფლობენ ბ. გ-ე და მისი ოჯახის წევრები. ა. გ-ა და ე. ბ-ე დაქორწინდნენ 1965 წლის 12 თებერვალს. ა. გ-ა არის ფ. გ-ს შვილი, მოსარჩელე ბ. გ-ე ე. ბ-ის შვილია პირველი ქორწინებიდან. ა. გ-ა გარდაიცვალა 1978 წლის 16 სექტემბერს, ფ. გ-ა –1982 წელს, ხოლო ე. ბ-ე – 2006 წლის 21 ნოემბერს. ა. გ-ა თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში მუდმივ მცხოვრებლად ჩაწერილია 1959 წლის 25 დეკემბრიდან. ე. ბ-ე ქმართან ა. გ-სთან საცხოვრებლად გადავიდა და თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში მუდმივ მცხოვრებლად ჩაეწერა 1965 წლის 16 თებერვალს და გარდაცვალებამდე ამ მისამართზე იყო რეგისტრირებული. ბ. გ-ე თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში 1963 წლის პირველი ივლისიდან დღემდე ჩაწერილია, ხოლო, საბინაო წიგნის მონაცემთა მიხედვით, ბ. გ-ე 1965 წლის პირველი აგვისტოდან იმავე მისამართზე მუდმივად ჩაეწერა და საცხოვრებლად გადავიდა მაცხოვრებლად არის რეგისტრირებული. ფ. გ-ა თბილისში, თ-ის ქუჩა #15 მისამართიდან მუდმივად ჩაეწერა და საცხოვრებლად გადავიდა 1965 წლის 21 სექტემბერს თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში. ფ. გ-ს რეგისტრაცია ამ მისამართზე 1986 წლის 5 თებერვალს, გარდაცვალების გამო, გაუქმდა. ფ.გ. სს „თ-ში“ დღემდე რეგისტრირებულია თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში მცხოვრებ აბონენტად ნომრით 2895665 და ის ჯერ კიდევ 1980 წლისათვის წარმოადგენდა ხსენებულ მისამართზე მდებარე ბინით სარგებლობასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელ პირს.
ა. გ-ა სს „თ-ში“ დღემდე რეგისტრირებულია თბილისში, ფ-ის ქუჩა #34 მისამართზე მცხოვრებ აბონენტად ნომრით 2895709. 1994 წლის 27 დეკემბერს მოპასუხე ი. ლ-ს დედას - ნ. გ-სა და მოსარჩელე ბ. გ-ის დედას - ე. ბ-ს შორის სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ნ. გ-მ გაყიდა და ე. ბ-მ იყიდა თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ. „დ-ს“ ½ ნაწილი. ე. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრე ბ. გ-მ მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება და აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წლის 9 ივლისს ნოტარიუს თ. ვ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ბ. გ-ე დღეისათვის წარმოადგენს თბილისში, ფ-ის ქუჩა #34-ში მდებარე სახლის (საკადასტრო კოდი ...) ლიტ. „დ-ს“ ½ (ერთიმეორედის) ნაწილის მესაკუთრეს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ გ-ების ოჯახს თბილისში, ფ-ის ქუჩა #34 მისამართზე მდებარე სახლში ჰქონდათ ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სადგომი, რომელთაგან პირველში ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი ა. გ-ა და ე. ბ-ე, ხოლო მეორეში – ფ. გ-ა. აღნიშნულის დასტურად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ფ. გ-ა და ა. გ-ა სს ,,თ-ში“ რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებელ აბონენტებად. დამოუკიდებელ აბონენტად რეგისტრაციისა და სადავო მისამართზე ფატულა გულდედავას რეგისტრაციის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება არსებობდა ფ. გ-სთან.
საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილი ურთიერთობები, მათი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, წესრიგდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით, საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით. ამავე კანონის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დადასტურდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ანდა მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება, შეიძლება არსებობდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევებში, როდესაც მფლობელობის უფლება მოპოვებულია 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე პერიოდში მესაკუთრესთან დადებული გარიგების საფუძველზე ან ადმინისტრაციული აქტით. ამავე კანონის მეორე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში. დადგენილია, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით დადგენილი უფლებები წარმოეშვა ფატულა გულდედავას, რომლის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო იმ უფლებაზე, რომელიც დადგენილია სპეციალური კანონით. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1336-ე მუხლების შესაბამისად, ბადრი გაბრიჭიძეს ვერ ექნება პრეტენზია საცხოვრებელ სადგომზე, ვინაიდან ის არ წარმოადგენს არც ერთი რიგის მემკვიდრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბ. გ-ე მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე ფლობს სადავო საცხოვრებელ სადგომს, რაშიც მას საქმის აღძვრამდე არავინ ედავებოდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია ის ფაქტი, რომ ის კომუნალურ გადასახადებს, კომუნალური მომსახურების ფარგლებში, ფაქტობრივად, იხდის ბ. გ-ე. აღნიშნულს თან ერთვის ის გარემოებაც, რომ იგი ჩაწერილია ამ მისამართზე, სადაც მდებარეობს სადავო ფართი, რაც ერთობლრობაში ქმნის იმ გარემოებათა შემადგენლობას, რომლებიც წარმოშობს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსს და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარანტიებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული სადავო საცხოვრებელ სადგომზე ფ. გ-ს მფლობელობის ფაქტი და მოსარგებლეობა, სააპელაციო სასამართლოს ბ. გ-ც იმავე სტატუსის მქონე სუბიექტად უნდა მიეჩნია სადავო ფართთან მიმართებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება, რომ ბ. გ-ე სადავო ფართის მფლობელს დღემდე წარმოადგენს, ხოლო მისი მფლობელობის უფლება წარმოშობილია იმ პერიოდიდან, როდესაც იგი თავის დედასთან ე. ბ-სთან, მამინაცვალ ა. გ-სთან და ამ უკანასკნელის დედასთან, ფ. გ-სთან ერთად, სადავო ფართში ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე უდავოა, რომ ბ. გ-ე განხილულ უნდა იქნეს სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ - როგორც დამოუკიდებელი პირი.
2012 წლის 13 ივლისს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ერთი მხრივ, ბ. გ-ე, მისი წარმომადგენელი პ. კ-ე და, მეორე მხრივ, ი. ლ-ა, მისი წარმომადგენელი მ. ბ-ე, სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმეს, რომელზეც დავის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, წყვეტენ მორიგებით, შემდეგ პირობებზე შეთანხმებით:
1. ბ. გ-ე ი. ლ-ს გადაუხდის 10 000 (ათი ათას) აშშ დოლარს წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინების დამტკიცების დღიდან 02 თვის ვადაში არა უგვიანეს 2012 წლის 12 სექტემბრამდე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს ვადამდეც.
2. წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდისთანავე ბ. გ-ე ცნობილ იქნეს ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №34-ში ი. ლ-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან – ლიტერ „ბ-ს“ 1/2½ ნაწილიდან (საკადასტრო კოდი №...) 21,67 კვ.მ ფართის მესაკუთრედ, რის შედეგადაც ი. ლ-ს საკუთრებაში რჩება 7.13 კვ.მ. ფართი.
3. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუფერხებლად შესრულების მიზნით ი. ლ-ა ვალდებულია გადასცეს ბ. გ-ს თავისი კუთვნილი საბანკო რეკვიზიტები წერილობითი ფორმით 2012 წლის 1 სექტემბრამდე, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ი. ლ-ს, ხოლო არასწორი საბანკო რეკვიზიტების მიწოდების შემთხვევაში ბ. გ-ს ეხსნება ყოველგვარი პასუხისმგებლობა.
4. წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტის საფუძველზე ბ. გ-ის საკუთრების უფლებით უპირობოდ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №34-ში ი. ლ-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან – ლიტერ „ბ-ს“ 1/2 ნაწილიდან (საკადასტრო კოდი №...) 21.67 კვ.მ. ფართზე. საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდეს ბ. გ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რა მიზნითაც მან მარეგისტრიებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაურთოს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო საბუთი ან სხვ.), ხოლო თუ საკუთრების უფლების სარეგისტრაციო პროცედურაში წარმოიქმნება ი. ლ-ს მონაწილეობის აუცილებლობა, ეს უკანასკნელი ვალდებულია, განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება (სარეგისტრაციო განცხადების წარდგენა, საჭირო დოკუმენტაციაზე ხელმოწერის შესრულება სხვ.) ბ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უძრვ ქონებაზე ბ. გ-ის საკუთრების უფლების წარმოშობა განხორციელდეს იძულებითი აღსრულების წესით.
5. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდისათვის დადგენილი ვადის 05 დღით გადაცილების შემთხვევაში ბ. გ-ე ოჯახის წევრებთან ერთად დაუყოვნებლივ გამოსახლებული იქნეს ი. ლ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მდებარე ქ.თბილისი, ფ-ის ქ.№34-ში ლიტერ „ბ-ს“ ½ ნაწილიდან, ბ. გ-ის საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემს მესაკუთრეს ი. ლ-ს უძრავ ქონებას მდებარე ქ,თბილისი ფ-ის ქ.№34-ში ლიტერ „ბ“-ში მის მიერ დაკავებულ ფართს, ბ. გ-ის მიერ უძრავი ქონების გამონთავისუფლების დროისათვის სრულად გადახდილი უნდა იქნეს კომუნალური გადასახადები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცეს მესაკუთრეს ი. ლ-ს.
6. მორიგების აქტის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბ. გ-ის მიერ საცხოვრებელი ფართის ი. ლ-სათვის თავისუფალ მდგომარეობაში და საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე გადაცემა განხორციელდეს იძულებითი აღსრულების გამარტივებული წესით.
7. ი. ლ-ს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი ფ-ის ქ.№34, ლიტერ „ბ“-ში ნაწილის (საკადასტრო კოდი №...) გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა, აგრეთვე სხვა უფლებებითა და ვალდებულებებით დატვირთვა, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომამდე. აღნიშნული აკრძალვა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ხოლო მისი გაუქმება განხორციელდეს წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ბ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე. ასევე ბ. გ-ის მიერ საცხოვრებელი ფართის ი. ლ-სთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემისთანავე.
8. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული შეთანხმება გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და მორიგების აქტის პირველი და მე-2 პუნქტებით ასევე მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დადგომა ემსახურება მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. გ-ისა და ი. ლ-ს შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს მორიგება ერთი მხრივ, ბ. გ-სა და მეორე მხრივ, ი. ლ-ს შორის შემდეგი პირობებით:
1. ბ. გ-ე ი. ლ-ს გადაუხდის 10 000 (ათი ათას) აშშ დოლარს წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინების დამტკიცების დღიდან 02 თვის ვადაში არა უგვიანეს 2012 წლის 12 სექტემბრამდე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს ვადამდეც.
2. წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდისთანავე ბ. გ-ე ცნობილ იქნეს ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №34-ში ი. ლ-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან – ლიტერ „ბ-ს“ 1/2½ ნაწილიდან (საკადასტრო კოდი №...) 21,67 კვ.მ ფართის მესაკუთრედ, რის შედეგადაც ი. ლ-ს საკუთრებაში რჩება 7.13 კვ.მ. ფართი.
3. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუფერხებლად შესრულების მიზნით ი. ლ-ა ვალდებულია გადასცეს ბ. გ-ს თავისი კუთვნილი საბანკო რეკვიზიტები წერილობითი ფორმით 2012 წლის 1 სექტემბრამდე, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ი. ლ-ს, ხოლო არასწორი საბანკო რეკვიზიტების მიწოდების შემთხვევაში ბ. გ-ს ეხსნება ყოველგვარი პასუხისმგებლობა.
4. წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტის საფუძველზე ბ. გ-ის საკუთრების უფლებით უპირობოდ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №34-ში ი. ლ-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან – ლიტერ „ბ-ს“ 1/2 ნაწილიდან (საკადასტრო კოდი №...) 21.67 კვ.მ. ფართზე. საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდეს ბ. გ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რა მიზნითაც მან მარეგისტრიებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაურთოს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო საბუთი ან სხვ.), ხოლო თუ საკუთრების უფლების სარეგისტრაციო პროცედურაში წარმოიქმნება ი. ლ-ს მონაწილეობის აუცილებლობა, ეს უკანასკნელი ვალდებულია, განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება (სარეგისტრაციო განცხადების წარდგენა, საჭირო დოკუმენტაციაზე ხელმოწერის შესრულება სხვ.) ბ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უძრვ ქონებაზე ბ. გ-ის საკუთრების უფლების წარმოშობა განხორციელდეს იძულებითი აღსრულების წესით.
5. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდისათვის დადგენილი ვადის 05 დღით გადაცილების შემთხვევაში ბ. გ-ე ოჯახის წევრებთან ერთად დაუყოვნებლივ გამოსახლებული იქნეს ი. ლ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მდებარე ქ.თბილისი, ფ-ის ქ.№34-ში ლიტერ „ბ-ს“ ½ ნაწილიდან, ბ. გ-ის საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემს მესაკუთრეს ი. ლ-ს უძრავ ქონებას მდებარე ქ,თბილისი ფ-ის ქ.№34-ში ლიტერ „ბ“-ში მის მიერ დაკავებულ ფართს, ბ. გ-ის მიერ უძრავი ქონების გამონთავისუფლების დროისათვის სრულად გადახდილი უნდა იქნეს კომუნალური გადასახადები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცეს მესაკუთრეს ი. ლ-ს.
6. მორიგების აქტის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბ. გ-ის მიერ საცხოვრებელი ფართის ი. ლ-სათვის თავისუფალ მდგომარეობაში და საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე გადაცემა განხორციელდეს იძულებითი აღსრულების გამარტივებული წესით.
7. ი. ლ-ს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი ფ-ის ქ.№34, ლიტერ „ბ“-ში ნაწილის (საკადასტრო კოდი №...) გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა, აგრეთვე სხვა უფლებებითა და ვალდებულებებით დატვირთვა, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომამდე. აღნიშნული აკრძალვა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ხოლო მისი გაუქმება განხორციელდეს წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ბ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე. ასევე ბ. გ-ის მიერ საცხოვრებელი ფართის ი. ლ-სთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემისთანავე.
8. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული შეთანხმება გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და მორიგების აქტის პირველი და მე-2 პუნქტებით ასევე მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დადგომა ემსახურება მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ფარგლებში.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ბ. გ-ის სარჩელისა გამო ი. ლ-ს მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.