საქმეას-725-681-2012 2 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. მ-ი
მესამე პირი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და დ. ნ-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ. ქ-ს მიერ დაყადაღებულ იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი ,,ENIEM”, თეთრი გაზქურა და ტელევიზორი ,,TCL”. აღნიშნული ნივთები არა დ. ნ-ის, არამედ მოსარჩელის საკუთრებაა, რის გამოც ისინი უკანონოდ დაყადაღდა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა ჯ.მ-ის კუთვნილი დაყადაღებული ნივთები: მაცივარი ,,ENIEM”, თეთრი გაზქურა და ტელევიზორი ,,TCL”. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ნ-მა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით განჩინებით დ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავებში დასაშვებია, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. კონკრეტულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2011 წლის 9 ივნისის აქტით ჯ.მ-ის კუთვნილი დაყადაღებული მოძრავი ნივთები: მაცივარი ,,ENIEM”, თეთრი გაზქურა და ტელევიზორი ,,TCL”. მოპასუხე დ.ნ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა. დ. ნ-მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან, სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს და შეადგენს მხოლოდ 100 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ნ-მა შემდეგი დასაბუთებით: დ.ნ-ს არ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან, იგი „ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს, დავა წარმოადგენს თუ არა ქონებრივსამართლებრივს და დავის საგანი აღემატება თუ არა 1000 ლარს. თავისი ხასიათის მიხედვით, დავა ნამდვილად ქონებრივსამართლებრივია, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ეხებოდა პროცესუალური ნორმების არასწორ გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეცვალოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის არაკანონიერად დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ნ-ს, რომელიც „ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ. ნ-ი საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროს წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარეს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის საჭიროება არ იყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ.ნ-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ დ.ნ-ს განცხადებით უნდა მიემართა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის და შესაბამისი მტკიცებულების დართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება უნდა მოეთხოვა, რომელიც გადაწყვეტილებაში არსებული ხარვეზის გამოსწორების საშუალებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.