ბს-508-482(კ-06) 21 ნოემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელე) – დ. და ც. გ-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): იმერეთის სააღსრულებო ბიურო, გ. გ-ძე, ა. ც-ლი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – ყადაღისგან ქონების გათავისუფლება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
დ. და ც. გ-ებმა სარჩელი აღძრეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, გ. გ-სა და ა. ც-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება /იხ.ს.ფ. 2-3/
საქმის გარემოებები:
საჩხერის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ, გ. გ-ეს ჩამოერთვა და მოპასუხეებს გადაეცა მიწის ნაკვეთები. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით გ. გ-ეს დაეკისრა გ. გ-ის სასარგებლოდ 696 ლარის, ხოლო ა. ც-ის სასარგებლოდ 695 ლარის გადახდა. იმის გამო, რომ გ. გ-ემ ნებაყოფლობით არ შეასრულა აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა იძულებითი აღსრულების წესით მოახდინა გ. გ-ის ოჯახის კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება. ყადაღა დაედო არა გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას, არამედ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ქონებას, ვინაიდან მოსარჩელე გ. გ-ძე გამოყოფილია ცალკე კომლად.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
აღმასრულებლის მიერ აღწერილი ქონებიდან დაყადაღებულიაD მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი პირველ სართულზე, სასიმინდე, ხის ურემი და ხელის სახნავი ტრაქტორი «პერმი», ასევე ორი სული შავი ხარი, რომლებიც მოსარჩელეს მისმა ძმამ აჩუქა და იყენებდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის. აღნიშნული გარემოების გამო მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები, რამდენადაც კანონით აკრძალულია სოფლის მეურნეობისათვის საჭირო საშუალებების დაყადაღება, მით უფრო, რომ მოსარჩელე ეწევა სოფლის მეურნეობას და იხდის შესაბამის გადასახადებს.
რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე გ. გ-ემ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 30-32/.
ასევე არ ცნო სარჩელი მოპასუხე ა. ც-მა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 32-33/.
რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. და ც. გ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2005 წლის 27 ივნისის აქტის თანახმად, დაყადაღებულ იქნა საჩხერის რაიონის, სოფელ ---ში მცხოვრები გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი პირველ სართულზე, რომელიც შედგება ორი ოთახისაგან, კორიდორისაგან, აგრეთვე ტრაქტორი «პერმი,» 1990 წელს შეძენილი, ორი ხარი 10 წლის და 6 წლის, პირუტყვის თავლა, ხის მარანი, სასიმინდე, ახალი საცხოვრებელი სახლი 1991 წელს აშენებული. არგვეთის საკრებულოს 2005 წლის 8 ივლისის ცნობის თანახმად გ. გ-ძე ნამდვილად ცხოვრობს სოფელ ---ში და მის სახელზე ირიცხება ბოსელი, მარანი, 2 სული ფური, ორი სული ხარი. საკრებულოს ცნობის თანახმად, დ. გ-ძე სოფელ ---ში ფლობს საცხოვრებელ სახლს, რომელიც აგებულია 1992 წელს, საერთო ფართით 100 კვ.მ, ხოლო აღნიშნული სახლის მონაცემები არ ემთხვეოდა დაყადაღების აქტში მითითებულ მონაცემებს, ასევე საჩხერის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად გ. და დ. გ-ების ქონება გაყოფილია.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელეების მიერ სასამართლოსათვის ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ სარჩელში მითითებული ნივთები და პირუტყვი ეკუთვნოდათ მათ, ნაცვლად გრიგოლ გვიანიძისა /იხ.ს.ფ. 69/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. და ც. გ-ებმა, რომლითაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
საჩხერის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ, გ. გ-ეს ჩამოერთვა და მოპასუხეებს გადაეცა მიწის ნაკვეთები. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით, გ. გ-ეს გ. გ-ის სასარგებლოდ 696 ლარის, ხოლო ა. ც-ის სასარგებლოდ 695 ლარის გადახდა დაეკისრა. იმის გამო, რომ გ. გ-ემ ნებაყოფლობით არ შეასრულა აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა იძულებითი აღსრულების წესით მოახდინა გ. გ-ის ოჯახის კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება, კერძოდ, ყადაღა დაედო არა გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას, არამედ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ქონებას, ვინაიდან მოსარჩელე გ. გ-ძე გამოყოფილია ცალკე კომლად.
აპელანტის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 45.1. «ა» და «დ» პუნქტების მოთხოვნები, ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტი გამოყოფილია მამის ოჯახისაგან და ცხოვრობს დამოუკიდებლად /იხს.ფ. 73-74/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დ. და ც. გ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. და ც. გ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღისაგან გათავისუფლდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2005 წლის 27 ივნისის აქტით საჩხერის რაიონში სოფელ ---ში მცხოვრები დ. და ც. გ-ების კუთვნილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1991 წელს, ხის ურემი, სასიმინდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. გ-ეს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 696 ლარის, ხოლო ა. ც-ის სასარგებლოდ 675 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და ვინაიდან მოვალემ ნებაყოფლობით არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 27 ივნისის აქტით აღიწერა და დაყადაღდა მოვალის ქონება. მოსარჩელეთა განმარტებით, დაყადაღების აქტში მოხვდა ის ქონება, რომელიც ეკუთვნის გ. გ-ეს და წარმოადგენს მის საკუთრებას, რის გამოც ქონება ექვემდებარება ყადაღისაგან გათავისუფლებას. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების 2005 წლის 27 ივნისის აქტის თანახმად, დაყადაღდა საჩხერის რაიონის, სოფელ ---ში მცხოვრები გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი პირველ სართულზე, ტრაქტორი «პერმი» 1990 წელს შეძენილი, ხარები, პირუტყვის თავლა, ხის მარანი, სასიმინდე, მეორე საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1991 წელს.
არგვეთის საკრებულოს 2005 წლის 9 ივლისის ცნობის თანახმად, გ. გ-ძე ნამდვილად ცხოვრობს სოფელ ---ში და მის სახელზე საკომლო ობიექტებით ირიცხება ბოსელი, მარანი, მასვე აწერია ორი სული ხარი და ორი სული ფური. ამავე საკრებულოს 2005 წლის 8 ივლისის ცნობის მიხედვით, დ. გ-ძე სოფელ ---ში ფლობს 1992 წელს აშენებულ საცხოვრებელ სახლს. საჩხერის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დ. გ-ძე ცალკე კომლად გამოეყო მამის _ გ. გ-ის კომლს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გ. გ-ემ, დაადასტურა, რომ ცხოვრობს ცალკე ერთსართულიან ძველ სახლში, აქვს ბოსელი, მარანი და ჰყავს ორი სული ხარი, ხოლო, რაც შეეხებოდა დაყადაღებულ ტრაქტორ «პერმს,» მეორე საცხოვრებელ სახლს, სასიმინდეს და ხის ურემს, აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონება მას არ ეკუთვნოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების 2005 წლის 27 ივნისის აქტიდან უნდა ამორიცხულიყო დ. გ-ის მფლობელობაში მყოფი საცხოვრებელი ორსართულიანი სახლი, სასიმინდე და ხის ურემი, ხოლო დანარჩენი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვებოდა სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც აღნიშნულ საგნებზე მათი საკუთრება დადასტურდებოდა, რის გამოც არ არსებობდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 45.2. და 45.4. მუხლით დაყადაღებული ყველა ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დავით და ციალა გვიანიძეებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება /იხს.ფ. 108-109/.
კასაციის მოტივი:
კასატორის მითითებით, იმის გამო, რომ მამამისმა _ გ. გ-ემ ვერ გადაიხადა რა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული თანხები, აღმასრულებელმა იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღა დაადო არა კასატორის მამის გ. რ-ის, არამედ კასატორის საკუთრებას, შესაბამისად ქონების დაყადაღების აქტშიც აღიწერა არა მოვალის, არამედ მისი შვილის საკუთრება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორი მამის კომლისგან გამოყოფილია ცალკე კომლად. ასევე, ყადაღის დადების ოქმშიც კასატორის მიერ აღნიშნული გარემოებაა მითითებული, მაგრამ აღმასრულებლის მიერ გათვალისწინებული არ იქნა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ყადაღისაგან ტრაქტორის «პერმის» და კასატორის კუთვნილი უღელი ხარის გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ტრაქტორი წარმოადგენს კასატორის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 45.1. «ა» და «დ» პუნქტები, რამდენადაც ყადაღის აქტში შესული ნივთები საჭიროა სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე დავით და ციალა გვიანიძეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია//იხ.ს.ფ. /.
ს ა მ ო ტ ი ც ა ვ ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა- კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. და ც. გ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 «ა» მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, სააპელაციო საჩივარი და სარჩელი წარდგენილი იყო თუ არა უფლებამოსილ სასამართლოში, შესაბამისად, იყო თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა უფლებამოსილი განეხილა და გადაეწყვიტა მოცემული საქმე, როგორც ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 26.2. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმე განსახილველად არ გადაუგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, ვინაიდან მოცემული საქმე არ განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას და იგი ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოებით განხილვას, რამდენადაც, კონკრეტულ შემთხვევაში, დავით და ციალა გვიანიძეების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აღმასრულებლის მიერ ქონების დაყადაღების აქტში არასწორად აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, ნაცვლად მამისის _ გრიგოლ რობაქიძის ქონებისა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. და ც. გ-ების სარჩელი წარმოადგენს სამოქალაქო და არა ადმინისტრაციულ სარჩელს, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.
ამდენად, კანონმდებელმა საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის ელემენტად განსაზღვრა სწორედ დავის საგანი და ის გარემოება, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელეთა მოთხოვნა ყადაღის აქტში შესული ქონების მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებობის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იძულებითი აღსრულება აღმასრულებლის მიერ დაწყებულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 2. «ა» მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივ დავაზე კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე.
«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებულია მესამე პირის მიერ სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ. კანონის მითითებული დებულება ადგენს მესამე პირის სარჩელის განსჯად სასამართლოს, სარჩელის სახეს /სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ, მათ შორის უკვე რეალიზებულ ქონებაზე/ და სარჩელზე მოპასუხე სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია მესამე პირების სარჩელის სასამართლო წესით განხილვის წესი, შესაბამისად, დავის განხილვაზე უფლებამოსილმა სასამართლომ _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა შეამოწმოს გვიანიძეების სარჩელის მითითებულ ნორმასთან შესაბამისობა, კერძოდ, მოსარჩელენი რამდენად უფლებამოსილნი არიან იდავონ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ აღძრული სარჩელი განეკუთვნება სამოქალაქო კატეგორიას, რამდენადაც საკუთრება კერძოსამართლებრივი, კონკრეტულად, სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ინსტიტუტია, რომლის თაობაზე დასაშვებია სამოქალაქო სარჩელის აღძვრა, რაც ექვემდებარება სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვას სსსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი, კერძოდ, დავა არ არის დაკავშირებული იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ის გარემოება, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ იმერეთის სააღსრულებო ბიურო, არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის საფუძველს, რამდენადაც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ იყო უფლებამოსილი განეხილა და გადაეწყვიტა მოცემული დავა, რაც სსსკ-ის 394 «ა» მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც სახეზეა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, II, 26-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. და ც. გ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს უფლებამოსილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.