Facebook Twitter

№ას-735-691-2012 5 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - სს „ვ. ბ. ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ. მ-ი“, ა. ფ-ი, ი. ბ.-ტ-ი, რ. ჰ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 11 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს „ვ. ბ. ჯ-მ“ და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება მოპასუხეების შპს „ვ. მ-ის“, ასევე სოლიდარული მოვალეების ა. ფ-ის, ბ.-ტ-ის და რ. ჰ-ის საბანკო ანგარიშებზე ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ - სს „ი-ი“, სს „კ. ს. ბ-ი“, თ.რ. სს „ზ. ბ-ის“ თბილისის ფილიალი, სს „ბ. ქ-უ“, სს „ს. ბ-ი“, სს „ბ. ბ-ი“, სს „თ. ბ-ი“, სს „ლ. ბ-ი“, სს „პ. ბ-ი“, სს ბანკი „რ-ა“, სს „პ-ი“, სს „ბ-ი“, სს „ა. ს. ბ.-ს-ო“, „ღ. ს. ს. კ. გ. ბ-ის“ თბილისის ფილიალი, სს „ე. ე. ბ. ს. ბ. ს-ო“, სს „პ. ბ-ი“, სს „ხ. ბ. ს-ო“, სს „ბ. კ-ა“.

თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით სს „ვ. ბ. ჯ.“–ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა. ფ-ის (პასპორტის P ...; საიდენტიფიკაციო #...), ი. ბ.-ტ-ის (პასპორტის P ...; საიდენტიფიკაციო #...) და რ. ჰ-ის (პასპორტის P ...; საიდენტიფიკაციო #...) საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 130 000 აშშ დოლარის ფარგლებში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ - სს „ი-ი“, სს „კ. ს. ბ-ი“, თ.რ. სს „ზ.ბ-ის“ თბილისის ფილიალი, სს „ბ. ქ-უ“, სს „ს. ბ-ი“, სს „ბ. ბ-ი“, სს „თ. ბ-ი“, სს „ლ. ბ-ი“, სს „პ. ბ-ი“, სს ბანკი „რ-ა“, სს „პ-ი“, სს „ბ-ი“, სს „ა. ს. ბ.-ს-ო“, „ღ. ს. ს. კ. გ. ბ-ის“ თბილისის ფილიალი, სს „ე. ე. ბ. ს. ბ. ს-ო“, სს „პ. ბ-ი“, სს „ხ. ბ. ს-ო“, სს „ბ. კ-ა“. დანარჩენ ნაწილში სს „ვ. ბ. ჯ.“–ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა „ვ. ბ. ჯ-ს“ გენერალურმა დირექტორმა ა. კ-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში განცხადების დაკმაყოფილება. საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ვ. მ-სა“ და სს „ვ. ბ. ჯ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების, კერძოდ საბანკო კრედიტის და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 3.3 და 3.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კლიენტი - შპს „ვ. მ-ი“ ვალდებულია საბანკო ბრუნვების 100% აწარმოოს სს „ვ. ბ. ჯ-ში“. აღნიშნული ადასტურებს, რომ თავად შპს „ვ. მ-ის“ ნების შესაბამისად ყველა ანგარიშბრუნვა უნდა წარმოებდეს სს „ვ. ბ. ჯ-ში“. განმცხადებელს არ მოუთხოვია სს ,,ვ. ბ. ჯ-ში“ შპს ,,ვ. მ-ის“ ანგარიშებზე ყადაღის დადება. შესაბამისად, ყადაღის დადების გარეშე რჩება ის ძირითადი ბანკი, სადაც მოპასუხე იურიდიული პირი _ შპს ,,ვ. მ-ი“ უნდა აწარმოებდეს და თუ ასე არ არის, რეალურად თავისუფლად შეძლებს შესაბამის ანგარიშბრუნვებს. ამდენად, მოპასუხე შეუზღუდავად შეძლებს მისი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით სს „ვ. ბ. ჯ-ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო სს „ვ. ბ. ჯ-ს“ “ საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის პირველი ნაწილით არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისიწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განცხადების დასაბუთების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონიძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა. განმცხადებელი ვალდებულია, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მიუთითოს არა მარტო იმაზე, თუ რომელი ღონისძიების გატარება სურს, არამედ იმაზეც, თუ რატომაა აუცილებელი მის მიერ მითითებული ღონისძიების გატარება.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული პირის – შპს „ვ. მ-ის“ ანგარიშებზე ყადაღის დადება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ დასაბუთებას, რომ იურიდიული პირის, როგორც მოვალის, ანგარიშზე ყადაღის დადებით, არათუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შესაძლოა ხელი შეეშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის, გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასმართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები, ვინაიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და სხვა ორგანიზაციული _ სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას და ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში დადებული აქვთ ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან და შესაბამისად გააჩნიათ ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი. ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით, მათ ეკრძალებათ ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას და დააბრკოლოს სამეწარმეო საქმიანობა და ფაქტობრივად, გამოიწვიოს საწარმოს პარალიზება. საბანკო ანგარიშების დაყადაღება უნდა განხორციელდეს გამონაკლის და უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში კი, განმცხადებელმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ მოპასუხის ფულად სახსრებზე ყადაღის დადება წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თავიდან აცილების აუცილებელ საშუალებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა სს „ვ. ბ. ჯ-ს“ უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ ხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ვ. ბ. ჯ-ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილისა და 2012 წლის 10 მაისის განჩინებები;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.