საქმე №ას-741-697-2012 5 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – უ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ც-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ც-ისა და ლ. ჩ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნების შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით უ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი.ც-ს უ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო სარჩელი ლ. ჩ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც ი. ც-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და უ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ც-ს უ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 172 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 28 ივლისის მინდობილობის საფუძველზე უ. მ-მა ი. ც-ს მიანიჭა უძრავი ქონების გაყიდვის, ფასისა და პირობების თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრის, მისი კუთვნილი თანხის მიღების უფლებამოსილება.
სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მითითებული დავალების შესრულების ფარგლებში ი. ც-ე, ადვოკატ ლ. ჩ-სთან ერთად ურთიერთობას აწარმოებდა შპს „ნ. ბ. ჯ-თან“.
სააპელაციო წესით სადავო არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „ნ. ბ. ჯ-ისგან“ ი. ც-ის მიერ მიღებულია 15000 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი გადაეცა მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა ჩაირიცხა უ. მ-ის დის – მ. მ-ის ანგარიშზე მათივე მამის, ა. მ-ის მითითებით.
სასამართლოს მოსაზრებით, მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ა. მ-ი იყო უ. მ-ის მინდობილი მესაკუთრე. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ასევე სანოტარო აქტით. მოპასუხეებთან ურთიერთობას აწარმოებდა ა. მ-ი. მისივე მითითებით მოხდა შპს „ნ. ბ. ჯ-სგან“ ი. ც-ის მიერ მიღებული 10 000 აშშ დოლარის მ. მ-ისთვის გადარიცხვა, რაც მოსარჩელემ ჩათვალა ი. ც-ის მიერ ვალდებულების შესრულებად.
სამოქალაქო კოდექსის 725-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ უ. მ-ის განმარტებით დაადგინა, რომ შპს „ნ. ბ. ჯ-ისაგან“ ლ. ჩ-მ მიიღო 15000 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი გადასცა მას. ამავე გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის მიხედვით, 15 000 აშშ დოლარი აქტის ხელმოწერის მომენტისათვის მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა მოსარჩელისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ნ. ბ. ჯ-ს“ 15000 აშშ დოლარი ი. ც-ისთვის გადახდილი ჰქონდა 2010 წლის 14 ივნისისათვის, ანუ, მორიგების აქტის დამტკიცების მომენტისათვის.
სააპელაციო სასამართლოში სადავოა ი.ც-ის მიერ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის – 5000 აშშ დოლარის უ. მ-ისათვის გადაცემის საკითხი.
პალატის განმატებით, სს „ს. ბ-დან“ ი. ც-ის პირადი ანგარიშის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდა ზემოხსენებული 10 000 აშშ დოლარისა, 2009 წლის 16 ოქტომბერს ი. ც-მ მ. მ-ს გადაურიცხა 2 328,38 აშშ დოლარი, 2009 წლის 18 ნოემბერს კი – 2500 აშშ დოლარი.
მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გადარიცხვა ხდებოდა მ. მ-ის და არა უშუალოდ კრედიტორ უ. მ-ის ანგარიშზე, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ი. ც-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დასტურად.
სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „ნ. ბ. გ-სგან“ ი. ც-ის მეშვეობით 10 000 აშშ დოლარის მიღება (რაც მოსარჩელემ ვალდებულების შესრულებად ჩათვალა) განხორციელდა სწორედ მ. მ-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მ. მ-ისათვის თანხის გადარიცხვა ხდებოდა ა. მ-ის მითითებით და უ. მ-ს სადავოდ არ გაუხდია ამ გზით შესრულების (10000 აშშ დოლარის) მიღების ფაქტი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მ. მ-ი, როგორც კრედიტორის მიერ უფლებამოსილი პირი იღებდა ი. ც-ისაგან 2009 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ შესრულებას. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი 5000 აშშ დოლარიდან დასტურდება მხოლოდ 4828 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
რაც შეეხება დარჩენილ 172 აშშ დოლარს, აღნიშნული თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ტვირთი ეკისრებოდა ამ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს – ი. ც-ს, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული თანხა ბანკის მომსახურების საკომისიოს წარმოადგენს. პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ნაწილში, აპელანტმა ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 172 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, რომ 4828 აშშ დოლარი მ. მ-ისთვის გადარიცხულ იქნა სხვა ვალდებულების ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უ. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძველებით:
სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში უ. მ-ის მიერ შეტანილ იქნა სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ მოპასუხე შპს „ნ. ბ. გ-ის“ მიმართ. სასამართლო პროცესზე შედგა მორიგების აქტი, რომლის თანახმად შპს „ნ. ბ. გ-ს“ წარმოეშვა ვალდებულება უ. მ-ის მიმართ, კერძოდ, 2010 წლის 20 მაისს თანხის ნაწილი 150000 აშშ დოლარი შპს-მ გადაურიცხა უ. მ-ის რწმუნებულს ი. ც-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 10000 აშშ დოლარი 2010 წლის 24 მაისს გადაურიცხა უ. მ-ის დას – მ. მ-ს. თანხის მიღებას უ. მ-ი აღიარებს. დარჩენილი 5000 აშშ დოლარი კი, ი. ც-ს უ. მ-ისთვის დღემდე არ გადაუცია და ვერ ადასტურებს მისი გადაცემის ფაქტს.
სააპელაცო სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რადგან სასამართლო დაეყრდნო 2009 წლის 16 ოქტომბერს ი. ც-ის მიერ მ. მ-ისთვის გადარიცხულ 2328,38 აშშ დოლარს და 2009 წლის 18 ნოემბერს გადარიცხულ 2500 აშშ დოლარის გადახდის ქვითრებს. მან მიიჩნია მტკიცებულებად ის, რაც არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულებები, რადგან უ. მ-სა და ი.ც-ს შორის ეს კონკრეტული ვალდებულება წარმოიშვა 2010 წლის 20 მაისს, როდესაც შპს „ნ. ბ. გ-მა“ უ.მ-ის მიმართ არსებული დავალიანებიდან – 130533.33 აშშ დოლარიდან 15000 აშშ დოლარი გადაურიცხა ი. ც-ს, როგორც უ. მ-ის წარმომადგენელს და, შესაბამისად, 2009 წელს გადარიცხულ თანხებს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
სასამართლომ მიიღო მიკერძოებული გადაწყვეტილება, ვინაიდან მან გაიზიარა ერთი მხარის – ი. ც-ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, რომელშიც მ. მ-ის ანგარიშზე თანხების გადარიცხვის დანიშნულება არ არის მითითებული და არ დაეთანხმა უ. მ-ის მიერ წარმოდგენილ გადარიცხვის ქვითრებს, რომლებიც ადასტურებს, რომ შპს „ნ. ბ. გ-მა“ უ.მ-ის რწმუნებულ ი.ც-ს 20 000 დოლარი გადაურიცხა, რადგან არ ჩანდა გადარიცხვის კონკრეტული დანიშნულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით უ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა უ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ უ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ. მ-ის მიერ 2012 წლის 10 მაისს გადახდილი 400 ლარის 70% – 280 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ უ. მ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 10 მაისს №5129609 სალაროს შემოსავლის ორდერით ვ. მ-ის მიერ გადახდილი 400 ლარის 70% – 280 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.