Facebook Twitter
saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w

საქმე №ას-744-700-2012 28 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „...“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტისა და 25 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ფართის 2008 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 15 იანვრამდე უკანონოდ სარგებლობით მიყენებული ზიანის – 80650,68 აშშ დოლარის, 2006 წლის 10 ივლისიდან 2011 წლის 15 იანვრამდე მიწის ნაკვეთის უკანონოდ სარგებლობისათვის 40095 აშშ დოლარისა და შპს „...-ის“ მიერ ჯ. მ-ის კუთვნილი ფართის უკანონოდ ქვექირავნობით მიღებული შემოსავლის – 20 000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ იჯარის ქირის დავალიანების – 16500 ლარის ნაწილში ცნო დღგ-ს გადასახადის გამოკლებით, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...-ს“ ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 22740 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – მოსარჩელემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 22740 ლარისა, ჯ. მ-ის სასარგებლოდ შპს „...-სათვის” 15905 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით, მოპასუხემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „...-ს” ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 900,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება შპს „...-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ჯ.მ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ჯ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით შპს „...-ს“ აეკრძალა გ. პ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შპს „...-სათვის“ გადასაცემად ჩარიცხული 38361 ლარის გატანა და განკარგვა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მიუთითა, რომ განცხადებაზე დართული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, გ. პ-ს დაეკისრა შპს „...-ის“ სასარგებლოდ 37361 ლარისა და საპროცესო ხარჯების გადახდა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დასაბუთებულად ჩათვალა ჯ. მ-ის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსრულების მომენტისათვის შესაძლებელია, შპს „...-ს“ არ აღმოაჩნდეს საჭირო ღირებულების ქონება, რაც გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მის აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „...-მა“ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ჯ.მ-ს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის შპს „...-ის“ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება. დაუშვებელია კერძო საჩივრის ავტორისათვის სადავო თანხის მიღების აკრძალვა, რადგან შპს „...“ აწარმოებს ჟანგბადს და აწვდის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს.

იმ შემთხვევაში, თუ გართულდებოდა სადავო გადაწყვეტილების აღსრულება, მხარეს უნდა მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა შპს-ს ქონების გასხვისების აკრძალვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენდაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას სასამართლო ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის სამართლებრივ პერსპექტიულობას, თუმცა თავისთავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლოს სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას არ აწესებს.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ჯ. მ-მ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რომლითაც შპს „...-ს” ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 900,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. პ-ს დაეკისრა შპს „...-ის“ სასარგებლოდ 37361 ლარისა და საპროცესო ხარჯების გადახდა. სწორედ აღნიშნული თანხის ფარგლებში მოხდა სადავო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას საჩივრის ავტორმა საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ჯ. მ-ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია შპს „...-ის“ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება და, ამასთან, გადაწყვეტილების უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო ქონების გასხვისების აკრძალვის გზით.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ შპს „...-ს“, როგორც საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის მტკიცებულება მის სახელზე რაიმე სახის ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება შპს „...-ის“ ვერც ის არგუმენტი, რომ იგი აწარმოებს ჟანგბადს და ამარაგებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს, რადგან აღნიშნული ფაქტი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ვერანაირ სამართლებრივ გავლენას ვერ მოახდენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ჯ. მ-ის სარჩელის ნაწილობრივ – 100 900,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ფარგლებში დაკმაყოფილების გათვალისწინებით სავსებით სწორად გამოიყენა 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება და გასაჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „...-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტისა და 25 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.