საქმე №ას-751-705-2012 2 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ი. ნ-ი, მ. დ-ე, თ. ჯ-ე, ა. მ-ი, ს. ბ-ე, ა. ბ-ე, მ. ბ-ე, ნ. ნ-ე, ხ. ჯ-ა, მ. ხ-ე, ო. მ-ი, ქ. ჯ-ე, ნ. ქ-ე, ე. ვ-ი, ი. ვ-ე, გ. ყ-ე, ს. კ-ე, ჯ. კ-ე, დ. ბ-ე, ბ. უ-ა, რ. ბ-ე, ი. ი-ი, ი. ლ-ე, რ. ბ-ე, გ. გ-ე, ა. ზ-ე, ლ. ბ-ე, მ. ბ-ე, რ. ზ-ე, ლ. კ-ე, ნ. მ-ე, ნ. კ-ი, მ. ჯ-ე, მ. ა-ე, მ. ნ-ე, ნ. ნ-ე, მ. ვ-ე, გ. ბ-ე, ი. ნ-ე, გ. ბ-ე, შ. მ-ე, ნ. ვ-ე, ც. დ-ე, ზ. ღ-ი, ი. შ-ე, მ. გ-ე, ლ. მ-ე, ბ. კ-ე, მ. გ-ე, თ. ნ-ე, თ. კ-ა, თ. ც-ე, ს. დ-ე, ნ. ვ-ე, რ. ბ-ე, ჟ. ვ-ე, ს. შ-ე, ს. ჯ-ე, დ. ს-ე, ა. ქ-ე, თ. ჯ-ე, რ. ს-ე, მ. ბ-ე, ე. ლ-ე, ი. კ-ე თ. მ-ი, ი. გ-ე, ნ. შ-ე, ი. დ-ე, რ. ს-ე, მ. ბ-ე, თ. ლ-ა, ნ. შ-ე, ნ. დ-ე, მ. კ-ა, ლ. ს-ი, გ. კ-ე, თ. ნ-ე, ო. მ-ე, ზ. მ-ი, ბ. კ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე. ე-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – სს „ე. ე-ის“ დირექტორის 2010 წლის 8 ივნისის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ნ-მა, მ. დ-მ, თ. ჯ-მ და სხვებმა (სულ 81-მა პირმა) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ე. ე-ის“ მიმართ 2010 წლის 8 ივნისის ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელეები შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ სამსახურიდან და მის ნაცვლად გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის მითითება მოითხოვეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ნ-ის, მ. დ-ის, თ. ჯ-ისა და სხვების, სულ 81 პირის წარმომადგენელმა გ. წ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, თითოეულს 300-300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, გ. წ-ის სახელზე გაცემული მინდობილობების წარმოდგენა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, ასევე განისაზღვრა კასატორთა ვინაობის, მათი პირადი ნომრებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითების ვალდებულება.
2012 წლის 30 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორთა წარმომადგენელმა გ.წ-მ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 25 დღით გაგრძელების თაობაზე, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების ვადა 14 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 300-300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სათანადო წესით შედგენილი გ.წ-ის სახელზე გაცემული მინდობილობების წარმოდგენა, ასევე კასატორთა ვინაობის, პირადი ნომრებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითება.
საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უზენაესი სასამართლოს განჩინება გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა გ. წ-ს. რომელმაც, 2012 წლის 18 ივნისს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, მომართა სასამართლოს განცხადებით და იშუამდგომლა კასატორების (81 პირის) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე ან უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ 300 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, კასატორები არიან თანამოსარჩელეები, ასაჩივრებენ ერთ ბრძანებას და აღძრული აქვთ ერთი სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის, მ. დ-ის, თ. ჯ-ისა და სხვათა, სულ 81 პირის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, გამომდინარე იქიდან რომ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არ იყო მითითებული კასატორების ვინაობა, მათი პირადი ნომრები და საკონტაქტო მონაცემები, ასევე, გ. წ-ს საქმეში წარმოდგენილ, მის სახელზე გაცემული მინდობილობებით არ ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
2012 წლის 1 ივნისის განჩინებით გ.წ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 14 (თოთხმეტი) დღით და განემარტათ რომ, ხარვეზის სრულყოფილად შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
2012 წლის 18 ივნისს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. წ-მ და მოითხოვა მისი მარწმუნებლების, 81 კასატორის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ან უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ 300 ლარის გადახდევინება. საკასაციო პალატა აღნიშნული განცხადების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს რომ, განცხადება დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის ავტორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდისაგან გათავისუფლების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში კასატორთა წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს რა კასატორთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, მას არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის მისი მარწმუნებლების რთული ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახისაგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება კასატორთა წარმომადგენლის მოთხოვნას მხოლოდ 300 ლარის გადახდასთან დაკავშირებით, პალატა ვერც აღნიშნულს გაზიარებს და ვერ მიიჩნევს საფუძვლიანად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ საკასაციო პალატისათვის განსახილველად გადმოცემულ საქმეში მოსარჩელეებს, თანამოსარჩელეებს წარმოადგენენ კასატორები.
სადავო არ არის, რომ მოცემული დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი სს „ე.-ე-ის“ დირექტორის 2010 წლის 8 ივნისის ბრძანებაა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია მხარეთა საპროცესო თანამონაწილობის საკითხი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. დასახელებული ჩამონათვალით კანონმდებელმა განსაზღვრა და ერთმანეთისაგან გამიჯნა თანამონაწილოების სახეები. მითითებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ურთიერთობისას სარჩელის საგანს უნდა წარმოადგენდეს საერთო უფლება (სავალდებულო თანამონაწილეობა), ასეთ დროს საქმის განხილვა ამ უფლების ყველა ადრესატის მონაწილეობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია (ამ პირის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლები ვერ იქნება გავრცელებული მის მიმართ). რაც შეეხება ნორმის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით რეგულირებულ თანამონაწილეობას, აღნიშნული განიხილება არასავალდებულო, ფაკულტატურ თანამონაწილეობად, რა დროსაც პირთა სიმრავლე განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის საერთო საფუძვლიდან ან მათი ერთგვაროვნებიდან, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. ასეთ დროს პირთა სიმრავლე დასაშვებია სამოქალაქო პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, კერძოდ, არასავალდებულო თანამონაწილეობისას ხდება ერთგვაროვან მოთხოვნებსა თუ საერთო საფუძვლის მქონე მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღება და დავის პროცესუალური ეკონომიის ფარგლებში გადაწყვეტა. საყურადღებოა, რომ თანამონაწილოებისას კანონმდებელმა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრა თითოეული მოსარჩელის ან მოპასუხის უფლება მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოვიდეს დამოუკიდებლად.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომ თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს, ანუ თანამონაწილეები როგორც ერთად, ისე დამოუკიდებლად ახორციელებენ მათი საპროცესო უფლებების დაცვას საკუთარი შეხედულებით.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ სარჩელით სასამართლოს მიმართა რამოდენიმე პირმა და მოითხოვეს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთიანი სარჩელის პირობებში სახეზე იყო ერთგვაროვანი მოთხოვნები საერთო საფუძვლითა და საგნით და არა საერთო უფლება, რის გამოც მოსარჩელის მხარეს პირთა სიმრავლე მათი სუბიექტური გაერთიანებით შეიძლება აიხსნას, რასაც შედეგად ერთგვაროვანი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვებოდა პროცესუალური ეკონომიის გათვალისწინებით, ანუ სახეზე იყო მხარეთა ფაკულტატური თანამონაწილეობა. აღნიშნულს მოწმობს ის გარემოებაც, რომ არასავალდებულო თანამონაწილეობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მოსარჩელეებს ერთი და იგივე ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით დამოუკიდებლადაც შეეძლოთ სარჩელის აღძვრა და გადაწყვეტილების ერთი პირის მიმართ მიღება არანაირ გავლენას არ მოახდენდა სხვა პირის უფლებებსა და ინტერესებზე.
ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის სავალდებულო თანამონაწილეობა, არამედ რამოდენიმე პირის მიერ აღძრულია ერთიანი სარჩელი საერთო საფუძვლით, თითოეული თანამონაწილის მიმართ დავის საგნის ღირებულების გამოთვლა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებლად, იმგვარად, რომ ამ ვალდებულების ერთ-ერთი თანამონაწილის მიერ ჯეროვნად შესრულება გავლენას სხვა თანამონაწილის მიმართ ვერ იქონიებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის სუბიექტური გაერთიანება, რა დროსაც სასამართლოს რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია. საკასაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ.სუსგ №ას-1378-1215-2010, 2011 წლის 14 მარტი), სადაც ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სასარჩელო მოთხოვნის სუბიექტური და ობიექტური გაერთიანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორთა წარომადგენელ გ.წ-ის მოსაზრებას, რომ თანამოსარჩელეების მიერ ერთი სარჩელის აღძვრისას, რადგანაც ისინი მოითხოვენ ერთი ბრძანების გაუქმებას, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 300 ლარით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის სუბიექტური გაერთიანების პირობებში, როდესაც თანამოსარჩელეებს გააჩნიათ არა საერთო უფლება, არამედ ერთგვაროვანი მოთხოვნა საერთო საფუძვლითა და საგნით, სახეზეა ფორმალური თანამონაწილეობა, რაც, როგორც ითქვა, თითოეული თანამონაწილის მიმართ დავის საგნის დამოუკიდებლად განსაზღვრისა და ამ ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის, მ. დ-ის, თ. ჯ-ისა და სხვათა წარმომადგენელ გ. წ-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, ამასთან, რადგანაც კასატორებმა ვერ უზრუნველყვეს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მოცემული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, რაც მისი განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ნ-ის, მ. დ-ის, თ. ჯ-ის, ა. მ-ის, ს. ბ-ის, ა. ბ-ის, მ. ბ-ის, ნ. ნ-ის, ხ. ჯ-ს, მ. ხ-ის, ო. მ-ის, ქ. ჯ-ის, ნ. ქ-ის, ე. ვ-ის, ი. ვ-ის, გ. ყ-ის, ს. კ-ის, ჯ. კ-ის, დ. ბ-ის, ბ. უ-ს, რ. ბ-ის, ი. ი-ის, ი. ლ-ის, რ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. ზ-ის, ლ. ბ-ის, მ. ბ-ის, რ. ზ-ის, ლ. კ-ის, ნ. მ-ის, ნ. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ა-ის, მ. ნ-ის, ნ. ნ-ის, მ. ვ-ის, გ. ბ-ის, ი. ნ-ის, გ. ბ-ის, შ. მ-ის, ნ. ვ-ის, ც. დ-ის, ზ. ღ-ის, ი. შ-ის, მ. გ-ის, ლ. მ-ის, ბ. კ-ის, მ. გ-ის, თ. ნ-ის, თ. კ-ს, თ. ც-ის, ს. დ-ის, ნ. ვ-ის, რ. ბ-ის, ჟ. ვ-ის, ს. შ-ის, ს. ჯ-ის, დ.ს-ის, ა. ქ-ის, თ. ჯ-ის, რ. ს-ის, მ. ბ-ის, ე. ლ-ის, ი. კ-ის თ. მ-ის, ი. გ-ის, ნ. შ-ის, ი. დ-ის, რ. ს-ის, მ. ბ-ის, თ. ლ-ს, ნ. შ-ის, ნ. დ-ის, მ. კ-ს, ლ. ს-ის, გ. კ-ის თ. ნ-ის, ო. მ-ის, ზ. მ-ის, ბ. კ-ის წარმომადგენელ გ. წ-ის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ი. ნ-ის, მ. დ-ის, თ. ჯ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.