Facebook Twitter

№ას-753-707-2012 12 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ს წაინააღმდეგ და მოითხოვა არასრულწლოვანი გ. გ-ის მიმართ მოპასუხის მამობის დადგენა და არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 3000 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, მხარეებს თანაცხოვრებისას, 2003 წლის 31 მაისს შეეძინათ შვილი გ. გ-ე. ბავშვის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ მამას ბავშვთან კონტაქტი არ ჰქონია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოსარჩელეს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, რასაც დაემატა გ-ის ავადმყოფობაც. ვალების გამო მოუხდა ბინის გაყიდვა და დღეს ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. მოპასუხემ დახმარებაზე განუცხადა უარი იმ მიზეზით, რომ არ არის დარწმუნებული, რომ გ. მისი შვილია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 დეკემბრის გდაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2003 წლის 31 მაისს დაბადებული გ. გ-ის მამად აღიარებულ იქნა გ. კ-ა, რის შესახებაც შევიდა ცვლილება გ. გ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში #...; მოპასუხე გ. კ-ს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2003 წლის 31 მაისს დაბადებული გ. გ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, 2011 წლის 14 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

გ. კ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ალიმენტის ოდენობის თვეში 200 ლარით განსაზღვრა.

მ. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით გ. კ-სა და მ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. გ-ე ცხოვრობს დედასთან, მ. გ-სთან;

მ. გ-ს 2003 წლის 31 მაისს შეეძინა შვილი გ. გ-ე;

მოპასუხე გ. კ-ა არის გ. გ-ის ბიოლოგიური მამა.

მოპასუხე გ. კ-ს გ. გ-ის გარდა ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ს. კ-ა, დაბადებული 2010 წლის 16 ივლისს.

მოპასუხე გ. კ-ა არის შპს ,,ლ.-მ-ის’’ გენერალური დირექტორი და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 6750 ლარს.

მოპასუხე გ. კ-ს სს ,,ს. ბ-დან’’ გამოტანილი აქვს კრედიტი 114000 ლარის ოდენობით 2010 წლის 23 ივნისიდან 2013 წლის 20 დეკემბრამდე ვადით, რომლის დასაფარავად ყოველთვიურად იხდის 3508.41 ლარს. სესხი უზრუნველყოფილია მისი მეუღლის ე. კ-ის საკუთრებაში არსებული ბინით, მდებარე ქ. თბილისი, ლ. გ-ს ქ. №12, ბ. 29.

მოპასუხე გ. კ-ს სს ,,ს. ბ-დან’’ გამოტანილი აქვს კრედიტი 1800 ლარის ოდენობით 2010 წლის 03 დეკემბრიდან 2011 წლის 03 ნოემბრამდე ვადით, რომლის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 186.40 ლარს. აღნიშნული თანხით შეძენილ იქნა „ნოუთბუქი“.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციით ფიზიკურ პირზე გ. კ-ზე 2010 წელში გაცემულია 116895 ლარი.

გ. კ-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის (თრომბოზის) გამო იმყოფება მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ გ. კ-ს შემოსავლებისა და გასავლების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად (გონივრულად) განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა 800 ლარის ოდენობით, რომელიც ყოველთვიურად უნდა გადახდეს მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის - გ. გ-ის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისასა არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

კასატორის განმარტებით, მართალია მისი ხელფასი შეადგენს 6750 ლარს, მაგრამ იგი ხელზე იღებს 5400 ლარს, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ 2010 წლისთვის გ. კ-ს სახელზე გაცემულია 116895 ლარი, არარეალურია, ვინაიდან გაცემული (ხელზე ასარები) თანხა შეადგენდა 89350 ლარი.

ამასთან, კასატორის განმარტებით, მის მიერ აღებული სესხი არ წარმოადგენს ბიზნეს სესხს, არამედ იგი განკუთვნილი იყო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით გ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. კ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (400 ლარი) 70% – 280 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ. კ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №5110287 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 3 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (400 ლარი) 70% – 280 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.