Facebook Twitter

საქმე №ას-754-708-2012 12 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ვ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ი, ნ. გ-ე, ნ. ბ-ი, ხ. ბ-ი, თ. დ-ე, ხ. თ-ე, კ. კ-ე, მ. ლ-ე, მ. მ-ი, შ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-მა, ნ. გ-მ, ნ. ბ-მა, ხ. ბ-მა, თ. დ-მ, ხ. თ-მ, კ. კ-მ, მ. ლ-მ, მ. მ-მა და შ. თ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო. ა-ის, მ. ლ-ის, ვ. ს-ის, მ. ა-ისა და ი.ბ.ა. ,,ბ. XXI“-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის, ნ. გ-ის, ნ. ბ-ის, ხ. ბ-ის, თ. დ-ის, ხ. თ-ის, კ. კ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ისა და შ. თ-ის სარჩელი ო. ა-ის, მ. ლ-ის, ვ. ს-ის, მ. ა-ისა და ი.ბ.ა. ,,ბ. XXI“-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. ა-მ, მ. ლ-მა და ვ. ს-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ო. ა-ისა და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა მ. ლ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ვ. ს-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. ს-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება ვ. ს-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 30 მაისს (იხ.ტ.II, ს.ფ.201).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 31 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 4 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, კერძოდ სასამართლოში არ წარმოუდგენია გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. 2012 წლის 1 ივნისს ვ. ს-მ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მისთვის განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნა, რადგან მან სატელეფონო საუბარი ნორმალურად ვერ მოისმინა და მისი შინაარსი ბუნდოვანი დარჩა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი მოხელე 2012 წლის 1 ივნისს დაუკავშირდა ვ. ს-ს და აცნობა, რომ ვ. ს-ე უფლებამოსილი იყო განცხადებაში მითითებული განჩინება ჩაებარებინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნებისმიერ დროს, სამუშაო საათების გათვალისწინებით (იხ. აქტი ტ.II, ს.ფ.205). ასევე 2012 წლის 30 მაისის ტელეფონოგრამის შესწავლით დასტურდება, რომ ვ. ს-მ ტელეფონით მიწოდებული ინფორმაცია გაიგო, დაეთანხმა სატელეფონო შეტყობინებას და მისი შინაარსის ბუნდოვნებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ს-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.