№ას-760-714-2012 16 ივლისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა. +“, დირექტორი - ო. დ-ა
წარმომადგენელი – ა. ო-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, ნასყიდობის ფასის დაბრუნება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ა.+“-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის, ნასყიდობის ფასის დაბრუნებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ნ. ჯ-ს სარჩელისა გამო შპს „ა. +“-ის მიმართ მოპასუხედ ჩაება ი.ბ.ა. „ა. პ. - 2“. ხოლო 2011 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინებით კი, საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ლ. გ-ე და შპს „ს. ს. კ-ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით ნ. ჯ-ს სარჩელი მოპასუხე „ა. პ. - 2“-ის დამფუძნებელი წევრის - ლ. გ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ს სარჩელი; შპს „ა.+“-ს და შპს „ს. ს. კ-ს“ ნ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 52098 ევრო, ნ. ჯ-ს მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე შპს „ა. +“-მა და შპს „ს. ს. კ-ის“ წარმომადგენელმა მათთვის ნ. ჯ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა.+“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ს. ს. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვტეილება: ნ. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრი,; შპს „ა.+“-ს ნ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 52098 ევროსა და წლიური 9%-ის გადახდა 2011 წლის მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შპს „ა.+“-ს ნ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციაში გაწეული სასამართლო ხარჯების ნაწილის – 4645,40 ლარის გადახდა, შპს „ა.+“-ს ნ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაწეული სასამართლო ხარჯების ნაწილის – 741,50 ლარის გადახდა, დადგინდა გადაწყვეტილება აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ა. +“-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „ა.+“-ისათვის ნ. ჯ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით შპს „ა. +“-ს ხარვეზის შევსების მიზნით, 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 269,345 ლარისა და 3308,223 ევროს ეკვივალენტის ლარებში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა.
აღნიშნული განჩინების პასუხად, კასატორის წარმომადგენელმა 2012 წლის 19 ივნისს განცადება შემოიტანა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობდა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა. აღნიშნული განჩინება კასატორს 2012 წლის 27 ივნისს ჩაბარდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლების თანახმად, ვადის დენა 28 ივნისიდან დაიწყო და 9 ივლისს ამოიწურა. კასატორს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ა. +“-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ა.+“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.