Facebook Twitter

№ას-764-718-2012 9 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ი-ი, მ. ხ-ე, ნ. ჭ-ი, ნ. კ.-კ-ე, მ. კ-ე

მესამე პირები - ზ. ი-ი, ნ. ი-ი, გ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. და ნ. ი-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. ი-ის, ნოტარიუს მ. კ-ის, ნ. კ.-კ-ის, ნ. ჭ-ისა და მ. ხ-ის მიმართ და მოითხოვეს 2010 წლის 28 ოქტომბრისა და 2011 წლის 19 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობის გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 1979 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა ხ. ი-ი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა ქ.ქობულეთში, მ.კ-ს ქ.№18-ში მდებარე ორსართულიანი სახლი. მოსარჩელემ და მისმა დედამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, ხ. ი-ის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. ნოტარიუსმა მ. კ-მ ხ. ი-ის სამკვიდრო ქონებაზე 2010 წლის 6 ივლისს ისე გასცა სამკვიდრო მოწმობა მოსარჩელის და ნ. ი-ის სახელზე, რომ არ აცნობა გარდაცვლილის სხვა მემკვიდრეებს – მოსარჩელესა და დედამის ნ. ი-ს, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ აღნიშნულ სახლში. ნ. ი-ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ.ქობულეთში, მ.კ-ს ქ.№18-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამ ფაქტის შესახებ მემკვიდრეებისათვის ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც მ. ხ-ის, როგორც ახალი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, პოლიციამ მოითხოვა მოსარჩელისა და მისი დედის, ნ. ი-ის, საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება. როგორც გაირკვა, ნ. ი-ს ესაჭიროებოდა თანხა, რისთვისაც მთელი ქონება თავის სახელზე გადაიფორმა და სესხის აღების მიზნით ნ. ჭ-სა და ნ. კ.-კ-ს მიმართა, რომლებთანაც შეთანხმდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთებოდა ქ.ქობულეთში, მ.კ-ს ქ.№18-ში მდებარე სახლი. იპოთეკის ნაცვლად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოსარჩელის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულებები მოჩვენებითი გარიგებებია, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ნასყიდობის თანხა არ შეესაბამება ქონების საბაზრო ღირებულებას. მყიდველებს ნასყიდობამდე არ უნახავთ საცხოვრებელი სახლი.

მოპასუხეებმა, ნ. ჭ-მა და ნ. კ.-კ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, სადავო ქონება შეიძინეს გამოსყიდვის უფლებით 16800 აშშ დოლარად. ეს გარიგება მათთვის მისაღები იყო, რადგან აპირებდნენ კომერციული საქმიანობის დაწყებას. საჯარო რეესტრის მონაცემებით იმ დროისათვის ქონების ერთადერთი მესაკუთრე იყო ნ. ი-ი, რომელსაც ქონება საკუთრებაში მიღებული ჰქონდა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. მათ რაიმე დავის არსებობის შესახებ ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდათ. გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ, ნ. ი-მა სთხოვა მათ, რომ ქონება მისთვის მნიშვნელოვანი იყო, წარმოადგენდა მამაპაპისეულ სახლს და საშუალება მიეცათ, ახლობლის, მ. ხ-ის, მეშვეობით გამოესყიდა ქონება. მოპასუხეებმა გაითვალისწინეს მისი მდგომარეობა და შეძენილი ქონება იმავე ფასად მიჰყიდეს მ. ხ-ს. მათთვის უცნობია, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან ნ. ი-სა და მ. ხ-ს. ისინი კეთილსინდისიერი შემძენები და გამყიდველები არიან. მოსარჩელის პოზიცია გარიგების მოჩვენებითობის შესახებ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

მოპასუხე მ. ხ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით მიიღო ნ. ი-მა. 1979 წლის შემდეგ სხვა მემკივდრეებს არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად და 2011 წლის სექტემბრამდე პრეტენზია არ გამოუხატავთ. მესაკუთრე ნ. ი-მა მის სახელზე რიცხული ქონება გამოიყენა თავისი შეხედულებისამებრ. სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მოსარჩელე. მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ინახულა გასაყიდი სახლი, რომელიც გასაყიდი ფასის შესაბამისი იყო, რადგან სახლი სარემონტოა, არ შეესაბამება ქალაქის იერსახეს. სარჩელში მითითებული თანხა არარეალურია და ხელოვნურად გაზრდილი. მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია და მას იცავს კანონი. ამასთან, მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის გაუქმებაზე ხანდაზმულია სამოქალაქო კოდექსის 1424-ე და 1450-ე მუხლების თანახმად.

მოპასუხე ნ. ი-მა სარჩელი ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელემ მასთან ერთად მიიღო სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით, იგი თანახმაა, გაუქმდეს ნასყიდობის ხელშეკრულებები, რადგან დადებულია მოჩვენებით. რეალურად მან ნ. ჭ-სა და ნ. კ.-კ-სთან გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რადგან მათგან აიღო სესხი 15000 აშშ დოლარი. ასევე მოჩვენებითი გარიგება დაიდო ნ. ჭ-ს, ნ.კ.-კ-სა და მ. ხ-ს შორის. მათ სინამდვილეში დადეს სესხის ხელშეკრულება. ამ გარემოებას ადასტურებს ორივე ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მითითებული ნასყიდობის ფასი არ შეესაბამება უძრავი ქონების საბაზრო ფასს. საქმეში წარმოდგენილი ქონების შეფასების აქტით დასტურდება, რომ მისი საბაზრო ღირებულებაა 168 883 ლარი.

მოპასუხე ნოტარიუსმა მ. კ-მ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა. მან სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობა გასცა კანონით დადგენილი წესით იმ მემკვიდრეზე, რომელმაც მიმართა განცხადებით, სხვა მემკვიდრეებს მისთვის არ მიუმართავთ. მას კანონი არ ავალდებულებდა, მოეწვია სხვა მემკვიდრეები, ამიტომ მიაჩნია, რომ სამკვიდრო მოწმობა არ უნდა გაუქმდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ი-ისა და ნ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ხ. ი-ი გარდაიცვალა 1979 წლის 28 მარტს ქობულეთში. ხ. ი-ის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ, მეუღლე ნ. ი-ი და შვილები - ე. ი-ი, გ. ი-ი, ნ. ი-ი და ზ. ი-ი. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა რომ ხ. ი-ის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით ნოტარიუსს განცხადებით მიმართა მხოლოდ გარაცვლილის შვილმა ნ. ი-მა. 2010 წლის 6 ივლისს ნოტარიუსმა მ. კ-მ მოპასუხე ნ. ი-ის სახელზე, როგორც კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეზე, გასცა სამკვიდრო მოწმობა 1979 წლის 28 მარტს გარდაცვლილ ხ. ი-ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.ქობულეთში, მ.კ-ს ქ.№18-ში. ამავე თარიღით აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. ი-ის სახელზე.

2010 წლის 28 ოქტომბერს ნ. ი-ს, ნ. ჭ-სა და ნ. კ.-კ-ს შორის სანოტარო ბიუროში დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ქობულეთში, მ.კ-ს ქ.№18-ში. გამოსყიდვის უფლება განისაზღვრა 3 თვით, 2011 წლის 28 იანვრამდე. ხელშეკრულების თანახმად, თუ გამყიდველი არ ისარგებლებს გამოსყიდვის უფლებით, მყიდველს უფლება აქვს, ცალმხრივი განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს ნასყიდობის საგანზე არსებული შეზღუდვის მოხსნა. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 16800 აშშ დოლარად, საიდანაც ნ. კ.-კ-მ გადაიხადა 8960 აშშ დოლარი, ხოლო ნ. ჭ-მა – 7840 აშშ დოლარი. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. ჭ-ისა და ნ. კ.-კ-ის საკუთრებაში. გამყიდველ ნ. ი-ს გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია. 2011 წლის 19 თებერვალს ნ. ჭ-ს, ნ. კ.-კ-სა და მ. ხ-ს შორის სანოტარო ბიუროში დაიდო ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა განცხადებით ქონება გაიყიდა 16800 აშშ დოლარად. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მ. ხ-ის საკუთრებაში. ი-ების ოჯახი, მათ შორის, მოსარჩელე ე. ი-ი, მ. ხ-ის განცხადების საფუძველზე, პოლიციის მეშვეობით გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებასა და დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა სადავო გარიგებათა მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა. ასევე დაუდასტურებელია ქონების შემძენის არაკეთილსინდისიერება, რის გამოც დაუსაბუთებელია მოთხოვნა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, ქონების თავდაპირველ მესაკუთრეზე აღრიცხვისა და მოსარჩელისთვის მისი სამკვიდრო წილის მიკუთვნების თაობაზე. დადგენილია, რომ ნ. ი-ს, ნ. ჭ-სა და ნ. კ.-კ-ს შორის სანოტარო ბიუროში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია, მხარეებმა გამოხატეს ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით დადების ნება, ხოლო ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის სინამდვილეში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, დაუდასტურებელია. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის ფასის შეუსაბამობა საბაზრო ღირებულებასთან, ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილობის კანონიერი საფუძველი. მხარეები თავად განსაზღვრავენ ნასყიდობის ფასს და გასაყიდი საგნის ფასი მთლიანად ხელშემკვრელ მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქონების შემძენებისათვის, როგორც თავდაპირველი, ისე მ. ხ-ისათვის ცნობილი იყო აღნიშნულ ქონებაზე დავის არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან დადგენილია, რომ ხ. ი-ის კანონისმიერი მემკვიდრეებიდან მხოლოდ ერთმა მემკვიდრემ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების თაობაზე და ნოტარიუსის მიერ კანონშესაბამისად იქნა გაცემული სამკვიდრო მოწმობა ხ. ი-ის მემკვიდრე ნ. ი-ის სახელზე, ხოლო ის მოსაზრება, რომ ნოტარიუსისათვის ცნობილი იყო გარდაცვლილის სხვა მემკვიდრეების არსებობის შესახებ დაუსაბუთებელია. პალატამ დამატებით განმარტა, რომ ხ. ი-ის სამკვიდროს მიღება დანარჩენ მემკვიდრეთაგან, ფაქტობრივი ფლობით ან სანოტარო ორგანოში მიმართვით საქმის მასალებით არ დასტურდება.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეს შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. ამავე კოდექსის 1447-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრე, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს. ხ. ი-ის სამკვიდროს მიღების ფაქტი, ნ. ი-თან ერთად, გარდა საკუთრივ თავისი ახსნა-განმარტებისა, ე. ი-მა ვერ დაადასტურა, რაც მის მოთხოვნას სამკვიდრო მოწმობის ბათილობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს ხდის. ხ. ი-ი გარდაიცვალა 1979 წლის 28 მარტს. მას დარჩა კანონისმიერი მემკვიდრეები, მეუღლე ნ. ი-ი და შვილები - ე.ი-ი, გ. ი-ი, ნ. ი-ი და ზ. ი-ი. მემკვიდრეებიდან მხოლოდ ნ. ი-მა მიმართა განცხადებით ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ნოტარიუსმა მოპასუხე ნ. ი-ის სახელზე, როგორც კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეზე, გასცა სამკვიდრო მოწმობა ხ. ი-ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.ქობულეთში, მ.კ-ს ქ.№18-ში. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. ი-ის სახელზე, პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის ქმედება კანონშესაბამისია და აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. აღნიშნულ სადავო უძრავ ქონებაზე ნ. ი-ს, ნ. ჭ-სა და ნ. კ.-კ-ს შორის სანოტარო ბიუროში დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის უფლება განისაზღვრა 3 თვით, 2011 წლის 28 იანვრამდე. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. ჭ-ისა და ნ. კ.-კ-ის საკუთრებაში. გამყიდველ ნ. ი-ს გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია.

2011 წლის 19 თებერვალს ნ. ჭ-ს, ნ. კ.-კ-სა და მ. ხ-ს შორის სანოტარო ბიუროში დაიდო ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მ. ხ-ის საკუთრებაში. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებით დადებულად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მიერ გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების დასაფარად და მისაღწევად. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და გარიგების არც ერთ მხარეს არ სურს ამ გარიგების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ი-ს, ნ. კ-სა და ნ. ჭ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ხოლო შემდგომ ნ. კ-ე, ნ. ჭ-სა და მ. ხ-ს შორის) სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველთა სახელზე კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება მ. ხ-ის, როგორც მყიდველის კეთილსინდისიერების საკითხი სრულიად დადასტურებულია, ანუ დადასტურებულია, რომ მან არ იცოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შესახებ, მაგრამ პალატამ მიუთითა, რომ მყიდველის კეთილსინდისიერების საკითხს მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა დავის გადაწყვეტისათვის, თუ თავად გარიგება, რომელიც სადავოა არის ბათილი, მაგრამ შემძენი კეთილსინდისიერია. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გარიგება, რომელიც დაიდო სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არის ნამდვილი, იგი არ არის ბათილი გარიგება და იგი სრულიად კანონშესაბამისად დადეს მხარეებმა, ასევე დაუსაბუთებელია მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილობის მოთხოვნით, რადგან არგუმენტები, რომლებსაც მხარე ბათილობის საფუძვლად მიუთითებს დადასტურებული არ არის. გამომდინარე ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან, სრულიად დაუსაბუთებელია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვს სადავო უძრავი ქონების 1/3-ზე მესაკუთრედ ცნობას. არსებული ფაქტობრივი გარემოების რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რაც მოსარჩელის ამ მოთხოვნას კანონშესაბამის ხასიათს შესძენდა საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: გაურკვეველი დარჩა სასამართლოს მიერ 1421-ე მუხლზე მითითება რას ისახავდა მიზნად, აღნიშნულ ნორმის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების მიღება ხდება ორი ფორმით, პირველი, როცა მემკვიდრე სანოტარო ორგანოს მიმართავს განცხადებით სამკვიდროს მიღების თაობაზე და, მეორე, როცა მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ე. ი-მა სამკვიდრო მეორე შემთხვევის მიხედვით მიიღო, იგი მამის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ ცხოვრობდა სადავო სახლში, ფლობდა სამკვიდრო ქონებას მამის გარდაცვალების დღიდან, ვიდრე პოლიციის ძალით იძულებით გამოასახლებდნენ. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ითვალისწინებს სამკვიდროს მიღებას ნოტარიუსისათვის მიმართვის გარეშე, როცა მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობასა და მართვას.

რაც შეეხება, ნ. ი-ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს, უნდა აღინიშნოს, რომ ნ. ი-ის ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს განცხადებით კანონით დადგენილ 6 - თვიან ვადაში. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ. ი-ი გარდაიცვალა 1979 წლის 28 მარტს, ნ. ი-მა კი, სამკვიდროს მისაღებად განცხადებით მიმართა ნოტარიუსს 2010 წელს. სასამართლომ არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენება, რომლებმაც სასამართლოს დაუდასტურეს, რომ ნოტარიუსი კარგად იცნობს ი-ების ოჯახის თითოეულ წევრს, მისთვის ცნობილი იყო სხვა თანმყოფი მემკვიდრეების შესახებ, მიუხედავად აღნიშნულისა, ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა 1979 წელს გარდაცვლილი პირის მემკვიდრეობაზე 2010 წელს მხოლოდ ნ. ი-ზე, ისე, რომ სხვა თანმყოფი მემკვიდრეები არ მიუწვევია.

სასამართლომ სადავო საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1434-ე და 1447-ე მუხლები. აღნიშნული ნორმები არეგულირებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის საკითხს, კონკრეტულ შემთხვევაში ესმა ინაიშვილს სამკვიდროს მიღებაზე უარი არასდროს განუცხადებია, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საქმის განხილვისას სასამართლოში არ უმსჯელიათ.

თვალთმაქცური გარიგება მოჩვენებითი გარიგებისაგან იმით განსხვავდება, რომ გარიგების მონაწილეებს მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სურთ სხვა გარიგების დაფარვა, რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისახავენ. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა დაფარეს სესხის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მიზნად ისახავდა საკუთრების უზრუნველყოფის გადაცემას კრედიტორზე. სასამართლომ არ შეაფასა და საერთოდ არ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც უდავოდ ადასტურებდა ნასყიდობის გარიგებების თვალთმაქცურ ხასიათს, კერძოდ, არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა პირველი ინსტანციის მიერ დაკითხული მოწმეების - მ. თ-სა და მ. გ-ს ჩვენებები, სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა მოპასუხეების: ნ. ი-ის, ნ. კ.-კ-ის, ნ. ჭ-ისა და მ. ხ-ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებები, მოპასუხეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებების შინაარსიდან ცალსახად დასტურდებოდა გარიგებების თვალთმაქცური ხასიათი, სასამართლომ არ შეაფასა ასევე მ. ხ-ის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტება, რომელიც თავისი შინაარსით ადასტურებდა, რომ დაიდო არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულება. ამასთან, მოპასუხე ნ. ი-მა როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაში დაადასტურა, რომ ე. ი-ი მამის გარდაცვალებამდე და მამის გარდაცვალების შემდგომ დაუფლებული იყო სამკვიდრო ქონებას, რაც გამოიხატებოდა საცხოვრებელ სახლში ცხოვრებით და სამკვიდრო ქონების ფლობით. მსგავსი განმარტებები მისცა სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩართულმა მემკვიდრეებმა გ. და ზ. ი-ებმა, რომლებიც არიან ე. ი-ის დები. სასამართლომ არ შეაფასა ასევე პირველ ინსტანციაში მოწმის სახით დაკითხული მ. თ-სა და მ. გ-ს ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოს დაუდასტურეს, რომ ისინი ესწრებოდნენ მ. ხ-ის მეუღლესთან ნ. ი-ის შეთანხმებას, სადაც მხარეები შეთანხმდნენ სესხზე და არა ნასყიდობაზე. თავად მ. ხ-ის წარმომადგენელმა ლ. ვ-მა ორივე ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ნ. ი-სა და მ. ხ-ის მეუღლეს შორის არსებობდა სესხთან დაკავშირებული ურთიერთობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე და 1421-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.