საქმე №ას-766-719-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ზ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, წილების რეალურად გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ზ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ნ.დ-ისა და მ-ის ქ.№43/1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება და წილთა რეალურად გაყოფა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება ქ. ქუთაისში, ნ. დ-ისა და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ის და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორ თანამესაკუთრეს – გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის; მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამყოფი ზოლი მოეწყო შემდეგი წესით: მიწის ნაკვეთის დასავლეთით, ნ. დ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 6,9 მ. სიგრძის კედლის ჩრდილო-დასავლეთის კუთხიდან, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომზ 3,45 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა ნ. დ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილად; მიწის ნაკვეთის სამხრეთით, მ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 14.4 მეტრ სიგრძის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადაიზომა 3,3 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა მ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილად; ნ. დ-ის ქუჩის მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს, გადაიზომა 13,5 მეტრი, რომლის პერპენდიკულარულად, საზიარო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის საზღვრის ხაზიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მხარეს გადმოიზომა 3,45 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 13,5 მეტრის სიგრძეზე მისი გადაკვეთა დადგინდა №2 გამმიჯნავ წერტილად (საექსპერტო დასკვნის №2 დანართით გათვალისწინებული №2 და №3 გამიჯვნის წერტილები თანხვდება ერთმანეთს და №3 გამიჯვნის წერტილი უქმდება); მ-ის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარის კედლის გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს, გადაიზომა 7,8 მეტრი და დადგინდა იგი №4 გამმიჯნავ წერტილად; №1, №2, №4 და №5 გამიჯვნის წერტილებზე გატარდა გამმიჯნავი ხაზი, რაც ჩაითვალა გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის საზიარო უფლების მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საზღვრად; ამ წესით ქ. ქუთაისში ნ. დ-ის და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ის და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე 438.8 კვ.მ მიწის შემოსაზღვრულ ფართობზე მოსარჩელე გ. კ-სა და მოპასუხე მ. ზ-ის საზიარო უფლება გაუქმდა და თავიანთი წილი გამიჯნული მიწის ფართი აღირიცხა მოსარჩელე გ. კ-ისა და მოპასუხე მ. ზ-ის პირად საკუთრებაში; გამიჯვნის ზემოაღნიშნული წესით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და წილობრივი მონაწილეობით, მოეწყო გამმიჯნავი ღობე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ზ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება ქ. ქუთაისში, ნ. დ-ისა და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ისა და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორ თანამესაკუთრეს – გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის; მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაიყოს სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად შემდეგი სახით:
მიწის ნაკვეთის დასავლეთით ნ. დ-ის (ნ-ის) ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 6,9 მ სიგრძის კედლის ჩრდილო- დასავლეთის კუთხიდან სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 1,87 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა ნ. დ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილად; მიწის ნაკვეთის სამხრეთით მ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 14,4 მეტრ სიგრძის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს, გადაიზომოს 1,5, მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდეს მ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №3 წერტილად; ნ. დ-ის ქუჩიდან, მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადაიზომა 15,4 მეტრი; გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხიდან სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 1,23 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 15,4 მეტრ სიგრძეზე მისი გადაკვეთა დადგინდა №2 გამმიჯნავ წერტილად;
გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადაიზომა 1,27 მეტრი; მ-ის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №3 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარეს კედლის გასწვრივ მთელ სიგრძეზე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 7,8 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 15,4 მეტრის სიგრძეზე გადაკვეთასთან დადგენილ №2 წერტილს შეუერთდა ნ. დ-ის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადმოიზომა 6,3 მეტრი და დადგინდა იგი №4 გამმიჯნავ წერტილად; აღნიშნულ წერტილამდე გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 1,84 მეტრი; №1, №2, №3 და №4 გამიჯვნის წერტილებზე გატარდა გამმიჯნავი ხაზი, რაც ჩაითვალა გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის საზიარო უფლების მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საზღვრად; ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მ. ზ-ის მიერ აღდგენილ იქნეს გამმიჯნავი ღობე; სპეციალისტის მიერ 2012 წლის 12 მარტის წარმოდგენილი ნახაზი წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.
მ. ზ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და არ გაიზიარა განმცხადებლის პრეტენზია, რომ გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი გაუგებარია, ვინაიდან გადაწყვეტილებას ერთვის სპეციალისტის დასკვნა, რომლითაც სავსებით გასაგები ხდება საზიარო საგნის გაყოფის წესი.
რაც შეეხება მხარის პრეტენზიას სველი წერილით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა, შესაბამისად, არც ამ კუთხით გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ზ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად, ვინაიდან მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. გაუგებარია, რომელ მხარეს დარჩა ეზოში მდებარე სველი წერტილი, მ. ზ-ს აქვს თუ არა აღნიშნული სველი წერტილით სარგებლობის უფლება. ასევე არ ირკვევა, რომელ მხარეს გადაეცა მ. ზ-ის საკუთრებად რეგისტრირებული მყარი ღობე. განმარტების მიზანია, გაირკვეს, ხომ არ წაერთვა მ. ზ-ს ამ გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება მყარ ღობეზე, როცა სარჩელის საგანი მ. ზ-ის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ და არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მ. ზ-ე მოითხოვს, კანონიერ ძალაში არ შესულა, მეტიც იგი საკასაციო წესით გასაჩივრებულია თავად მ. ზ-ისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის მიერ.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილების განმარტება ემსახურება მისი აღსრულების გამარტივებას, ამდენად, ცხადია, განმარტებას ექვემდებარება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბუნდოვანი ნაწილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს და გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანი დებულებების გამოკვლევის მოთხოვნა მხარეს უნდა დაეფიქსირებინა მის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.