Facebook Twitter

ბს-509-483(კ-06) 8 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ვ. ჩ-ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა, საპენსიო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 15 ნოემბერს ვ. ჩ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ და პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე, შრომის მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებდა პენსიას _ 45 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ეკუთვნოდა პენსიაზე დანამატი. აღნიშნულის თაობაზე მან განცხადებით მიმართა მოპასუხეს, რომელმაც უარი უთხრა მოთხოვნაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ პენსიაზე დანამატის _ 42 ლარისა და მიუღებელი პენსიის _ 504 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს ვ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მეორე სახეობის მოხუცებულობის პენსიის, 42 ლარის, დანიშვნა და მუღებელი საპენსიო დავალიანების, 504 ლარის, გადახდა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2005 წლის 17 ივნისის კანონის საფუძველზე, რომელიც 2005 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა, ომის ინვალიდებსა და მონაწილეებს, შრომის ინვალიდობით გადიდებული პენსიის დანიშვნის უფლება მიეცათ. ამასთან, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, პირს წარსული დროისათვის, ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის მიღების უფლება ჰქონდა, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს შესული ცვლილების თანახმად, ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ მე-60 მუხლი საერთოდ გაუქმდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი «სახელმწიფო პენსიის შესახებ», რომლის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით განისაზღვრა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ» და «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირთა წრე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიის ოდენობები, ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდებოდა მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის ოდენობაზე ნაკლები ან მისი ტოლი იყო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ნს აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე არ მოუპოვებია ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ვ. ჩ-მა საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა, რაზეც მიუთითებდა სარჩელში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 25 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 6 სექტემბრამდე.

2006 წლის 6 სექტემბერს მომხსენებელი მოსამართლის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო, ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება გადაიდო 2006 წლის 13 სექტემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 8 ნოემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვარლამ ჩარკვიანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ვ. ჩ-ნი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, შრომის მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებს პენსიას _ 45 ლარს. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ეკუთვნოდა პენსიაზე დანამატი, რის თაობაზეც განცხადებით მიმართა მოპასუხეს, რომელმაც უარი უთხრა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ «სახელმწიფო პენსიის შესახებ» ახალ კანონზე და მართებულად აღნიშნა, რომ ვარლამ ჩარკვიანს აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე არ მოუპოვებია ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოქმედება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნისა და საპენსიო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, მართალია, მოცემული საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელემ ჯერ კიდევ «სახელმწიფო პენსიის შესახებ» ახალი კანონის ამოქმედებამდე, ძველი კანონის საფუძველზე და მოქმედების პირობებშივე გამოხატა ნება კუთვნილი უფლების განხორციელებაზე, მაგრამ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებისთვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლებას, მას არ ჰქონდა მინიჭებული აღნიშნული საპენსიო შეღავათის მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მიხედვით (2003 წლის 23 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შესრულებული ჰქონდათ 75 წელი ან/და იყვნენ I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლეოდათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებოდათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» 2003 წლის 23 ივლისის კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა ამ კანონის მე-60 მუხლი, კერძოდ, ომის მონაწილეთა ასაკი _ 75 წელი შეიცვალა 70 წლით. აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედებულიყო 2004 წლის 1 იანვრიდან. გარდა ამისა, «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში 2003 წლის 31 დეკემბერს შეტანილი დამატებების თანახმად, ამავე კანონს დაემატა გარდამავალი დებულებების შემცველი მერვე თავი, რომლის 63-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-60 მუხლის ახალი რედაქცია უნდა ამოქმედებულიყო 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2004 წლის 29 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილების მიხედვით, ამავე კანონის მე-60 მუხლის ახალი რედაქციის ამოქმედების ვადამ გადაიწია 2006 წლის 1 იანვრამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ამოღებულ იქნა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-7 და მე-8 თავები და, შესაბამისად, გაუქმდა ხსენებული კანონის მე-60 მუხლიც, რომელიც ამავე კანონის მე-7 თავში შედიოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» 2003 წლის 23 ივლისის კანონით ახლებურად ჩამოყალიბებული ამავე კანონის მე-60 მუხლის ახალი რედაქციის ამოქმედებამ ორჯერ გადაიწია და საბოლოოდ ხსენებული მუხლი ისე გაუქმდა (ამავე კანონის მე-7 თავის ამოღებით), რომ აღნიშნული ახალი რედაქცია, რომელიც ითვალისწინებდა საპენსიო შეღავათის გავრცელებას _ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნას 70 წლამდე მიღწეული ომის მონაწილეთათვის, საერთოდ არ ამოქმედებულა და, შესაბამისად, ხსენებულ ომის მონაწილეებზე, მათ შორის, ვ. ჩ-ზეც, აღნიშნული კანონის მე-60 მუხლის მოქმედება არ გავრცელებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერსვე მიღებულ იქნა «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლითაც სახელმწიფო პენსიების დაწესებისა და პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლები მოწესრიგდა. ხსენებული კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლით გარანტირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება, კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტით განსაზღვრულია ომის მონაწილეთა პენსიის განსხვავებული ოდენობები იმისდა მიხედვით, პირი განეკუთვნება მხოლოდ ომის მონაწილეს, ომის მონაწილე პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდს თუ ომის მონაწილე მესამე ჯგუფის ინვალიდს, მათ შორის, 70 წელს გადაცილებული II მსოფლიო ომის მონაწილეთათვის დადგენილია 70 ლარის ოდენობის პენსია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის ოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ვარლამ ჩარკვიანზე ავტომატურად ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული პენსიის შესაბამისი ოდენობა _ 70 ლარი ამავე კანონის ამოქმედებიდან _ 2006 წლის 1 იანვრიდან (ვინაიდან მისთვის დანიშნული პენსია _ 45 ლარი ხსენებული კანონით დადგენილ პენსიის ოდენობაზე _ 70 ლარზე ნაკლებია), რამაც ასევე ავტომატურად წარმოშვა მოპასუხის ვალდებულება, 70 ლარის ოდენობის პენსია დაენიშნა მოსარჩელისათვის 2006 წლის 1 იანვრიდან, ამასთან, აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს ხსენებული კანონის საფუძველზე პენსიის სრულად გაცემას და დანიშვნას 2006 წლის 1 იანვრიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ჩ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.