საქმე ას-773-726-2012 9 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ჟ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ჟ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ის მიმართ განქორწინების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მხარეები 1996 წლის 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და შეეძინათ შვილი ნ. ჟ-ა. ქორწინების განმავლობაში თ.მ-მ მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, რაც დაკმაყოფილდა, რის შემდგომაც, ხ.ჟ-მ დარჩენილი ½ წილი თავის შვილს აჩუქა. თ.მ-ის ზემოაღნიშნულმა ქმედებამ განაპირობა მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვა.
თ. მ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეები არ უნდა განქორწინდნენ, რადგან მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჟ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 9 მარტის განჩინება აპელანტს პირადად ჩაჰბარდა 2012 წლის 22 მარტს. 2012 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტ თ. მ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მითითებული განჩინება აპელანტს პირადად ჩაჰბარდა 2012 წლის 31 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2012 წლის 31 მარტს. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 აპრილიდან და ამოიწურა 2012 წლის 5 აპრილს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2012 წლის 5 აპრილის ჩათვლით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თეა მელქაძემ შემდეგი დასაბუთებით: თ.მ-ე მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ვერ შესძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტ თეა მელქაძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მითითებული განჩინება აპელანტს პირადად 2012 წლის 31 მარტს ჩაჰბარდა.
აქედან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ხუთდღიანი ვადა დაარღვია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 5 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.