№ას-775-728-2012 5 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ი. გ-ე, მ. ხ-ე, მბ. ხ-ე, შ. კ-ა და ო. ხ-ი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი – მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ი. გ-ს, მ. ხ-სა და მბ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2009 წლის 3 ნოემბრის №5/1/3165/1 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების – 31364,55 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 221,5 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების – 38512,63 აშშ დოლარის, სულ 70098,68 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს – ი. გ-ს, მ. ხ-ა და მბ. ხ-ს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2009 წლის 4 ნოემბრის №5/1/3165/2 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების – 47381,31 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების – 59426,86 აშშ დოლარის, სულ 106808,17 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების (ჯამში 176906,85 აშშ დოლარი“) დაფარვის მიზნით განხორციელდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) შ. კ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, შ-ის ქ. №1-ში, ფართი: 97,73 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...; ბ) ო. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ლ-ის ქ. №... ნაწილი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.... იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, აღსასრულებლად მიექცა სოლიდარული მოვალეების – ი. გ-ის, მ. ხ-ისა და მბ. ხ-ის საკუთრებაში არსებული ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ. ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ. ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ი. გ-ისათვის, მ. ხ-ისა და მ. ხ-ისათვის სს„ პ. ბ-ის“ სასარგებლოდ 2009 წლის 3 ნოემბრის №5/1/3165/1 და 2009 წლის 4 ნოემბრის №5/1/3165/2 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და აღნიშნული ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. გ-ს, მ. ხ-სა და მბ. ხ-ს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 2009 წლის 3 ნოემბრის №5/1/3165/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება 840,37 აშშ დოლარისა და 2010 წლის 21 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კრედიტის ძირითადი თანხის – 31364,55 აშშ დოლარის წლიური 20%-ის ოდენობით. ი. გ-ს, მ. ხ-სა და მბ. ხ-ს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 2009 წლის 4 ნოემბრის №5/1/3165/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება 2951,22 აშშ დოლარისა და 2010 წლის 21 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კრედიტის ძირითადი თანხის – 47381,31 აშშ დოლარის წლიური 20%-ის ოდენობით. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების წესით, წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მიუღებელი შესამოსავლის სახით ამოღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2009 წლის 3 ნოემბრის №5/1/3165/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 38512,63 აშშ დოლარს, ხოლო 2009 წლის 4 ნოემბრის №5/1/3165/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 59426,86 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ. ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2012 წლის 11 ივნისს ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2012 წლის 13 ივნისის განჩინებით ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის წარმომადგენელ მ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2012 წლის 18 ივნისს კასატორების წარმომადგენელმა მ. ს-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე.
საკასაციო პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ. ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის წარმომადგენელ მ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ მ. ს-ს 2012 წლის 22 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ. ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ მიხეილ სარჯველაძეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 22 ივნისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.178).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 23 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 27 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის, მ. ხ-ის, მბ. ხ-ის, შ. კ-სა და ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.