№ას-788-741-2012 16 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ. უ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჩ-ე, ა. ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. უ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჩ-ისა და ა. ფ-ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2004 წლის 28 მაისს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ა.წ-ის გამზირ 111-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ, რომ ფართის სანაცვლოდ, მოსარჩელეს უნდა მიეღო 90 000 დოლარი, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებულია 77350 ლარი. მ.უ-მა საერთო ჯამში მიიღო 47000 აშშ დოლარი. ვინაიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო 77350 ლარი, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს დანარჩენი თანხის გადახდაზე.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: გარემოება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით სხვა თანხა იყო გათვალისწინებული და რეალურად სხვა თანხაზე არსებობდა შეთანხმება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. რაც შეეხება, კეთილსინდისიერი შემძენის საკითხს, ეს გარემოებაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადაც მოპასუხეთა კეთილსინდისიერ შემძენობას თვითონ მოსარჩელე ადასტურებს, ასევე აღსანიშნავია, რომ სარჩელი, თუ იგი მოტყუებით ბათილობას ეფუძნება, ხანდაზმულია და, შესაბამისად, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004 წლის 28 მაისს, ერთი მხრივ, მ. უ-ს (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, ა. ფ-სა და გ. ჩ-ს შორის (მყიდველები) გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გ. ჩ-მ მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ა. წ-ის გამზირ #111-ში მდებარე უძრავი ქონება მიჰყიდა ა. ფ-სა და გ. ჩ-ს. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანხამად, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 77 350 ლარით. 28.05.2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, ა. წ-ის გამზირ #111-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ჩ-ისა და ა. ფ-ს სახელზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო კოლეგიის 03.04.2007წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. უ-ის სარჩელი მოპასუხეების - ა. ფ-სა და გ. ჩ-ის მიმართ ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნით. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო კოლეგიის 03.04.2007 წლის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ 2004 წლის 28 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი შეადგენდა 77350 ლარს, რომელიც მოპასუხეებმა სრულად გადაიხადეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მ. უ-ის პოზიცია მასზე, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება 90 000 აშშ დოლარი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო კოლეგიის 16.06.2008წ. გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა გ. ჩ-ისა და ა. ფ-ს სარჩელი მოპასუხე მ. უ-ის მიმართ დავალების გარეშე გადაცემული 7 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 16.06.2008წ. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ნასყიდობის ფასად 90 000 აშშ დოლარის განსაზღვრის თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაში, არ არის დადგენილი გარემოება მხარეთა შორის 2004 წლის 28 მაისის ხელშეკრულებაში განსხვავებულ თანხაზე შეთანხმების შესახებ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მხოლოდ დაფიქსირებულია მ.უ-ის პოზიცია ზედმეტად გადაცემული თანხის მიზნობრიობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობები. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება მყიდველების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის - ნივთის ღირებულების გადახდის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით). ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძვლით 28.05.2004 წელს მ. უ-სა, ა. ფ-სა და გ. ჩ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.უ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიცემული ახსნა-განმარტებები. სასამართლოს განმარტება, რომ გადახდილია ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, არასწორია. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის ძირითად მოთხოვნაზე, კერძოდ, გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა. წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია აშკარა შეუსაბამობა, რადგანაც გადასახდელია 77350 ლარი და გადახდილია 75810 ლარი. გამყიდველმა, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მაგრამ შეთანხმებული საზღაური არ მიუღია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
მოცემული დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების კანონირებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. უ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.