Facebook Twitter

საქმე №ას-792-745-2012 2 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ძ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის სანაცვლოდ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ძ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ის მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2011 წლის 3 ნოემბერს, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ამავე სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით ა. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. გ-ის წარმომადგენელ კ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და იმავე სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტ ა. გ-ს განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა: სახელმწიფო ბაჟის - 449,2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა. სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განჩინების ასლი გაეგზავნა ა. გ-ის წარმომადგენელ კ. ჩ-ს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და აღნიშნულ მისამართზე კორესპოდენცია კ. ჩ-ის მეუღლე შ. პ-ს 2012 წლის 3 აპრილს ჩაბარდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2012 წლის 29 მარტის განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 2012 წლის 29 მარტის განჩინების აპელანტისათვის 2012 წლის 3 აპრილიდან ჩაბარებულად მიჩნევის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან - 2012 წლის 4 აპრილიდან და ამოიწურა 2012 წლის 13 აპრილს, რომელიც იყო არასამუშაო დღე - პარასკევი, შესაბამისად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 17 აპრილს, სამშაბათს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არც აპელანტს და მისი წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მიუმართავს განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. გ-ის წარმომადგენელმა კ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის სანაცვლოდ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება უსაფუძვლოა, ასევე კანონსაწინააღმდეგოა სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით აპელანტისათვის 449,2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის დაკისრება, რადგანაც აღნიშნული მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს. სასამართლომ დავის საგნის ღირებულებად არასწორად მიიჩნია 12480 აშშ დოლარი, რადგანაც სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების საკითხი, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ანუ სადავოს წარმოადგენდა სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის საკითხი და არა ფულადი ვალდებულების დაკისრება, ამდენად, უკანონოა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმა, ისე გასაჩივრებული განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, 2011 წლის 3 ნოემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის, ასევე 6000 აშშ დოლარის 0,1%-ის (6 აშშ დოლარის) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2009 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, ა. გ-ი მოითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების მთლიანად გაუქმებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლზე, რომელიც ზოგადი ხასიათის ნორმაა და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ზემდგომი სასამართლოების მიმართ იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ზემდგომი წესით საქმის განხილვისთვისაა დადგენილი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. ამდენად, ვინაიდან გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლის მთლიანად გაუქმებასაც მხარე სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა, ა.გ-ს დაეკისრა როგორც ძირითადი თანხის - 6000 აშშ დოლარის, ისე ამ თანხის 0,1%-ის გადახდა 2009 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ა.გ-ის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება 6000 აშშ დოლარისა და ამ თანხის 3 წლის განმავლობაში გადასახდელი 0,1%-ის ჯამით (6000+(6 აშშ დოლარი * 365 დღეზე * 3 წელზე). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ქონებრივი დავისას მასზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარს შეადგენს, ასეთ დებულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი დანაწესი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორედ განსაზღვრა მოცემული დავის საგნის ღირებულება.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის მე-2 არგუმენტზეც, რომლის თანახმადაც სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ ჰყავს ორი შვილი, მეუღლე უმუშევარია, არ გააჩნია შემოსავალი და არის ინვალიდი. ამასთან, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო ქონებრივი მდგომარეობის მტკიცების ტვირთი სწორედ შუამდგომლობის ავტორს ეკისრება, რომელმაც ეს სათანადო მტკიცებულების წარდგენით უნდა დაადასტუროს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება. ინვალიდობის საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ასევე გათვალისწინებულია მოქმედი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული სათანადოდაა განმარტებული ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებაში, თუმცა აპელანტს არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, ხოლო სასამართლოს უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, სწორედ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა.

საკასაციო პალატა ასევე მიზანშეწონილად თვლის მიუთითოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაზე იმ ნაწილში სადაც საუბარია ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადაზე. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარეს სადავოდ არ გაუხდია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გადაცემის კანონიერება თუ საპროცესო ვადის გამოთვლის წესი. აღნიშნული გარემოებისა და საქმის მასალების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მითითებას, რომ 2012 წლის 3 აპრილს ა.გ-ის წარმომადგენლის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის დადგენის თაობაზე სწორედ აპელანტის ინფორმირებას წარმოადგენს, რაც საპროცესო ვადის დენის დაწყების საკმარისი საფუძველია, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ დადგენილი ხარვეზის 2012 წლის 17 აპრილამდე გამოუსწორებლობა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარ წინაპირობას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არსებითად სწორი განმარტებით უთხრა უარი ა.გ-ს სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.