Facebook Twitter

№ას-800-753-2012 9 ივლისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ. მ-ი

წარმომადგენელი - ვ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. კ-ა

წარმომადგენელი - დ. ნ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2012 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - ქორწინებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვ. კ-ს მიმართ ქორწინებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ვ. კ-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით ლ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ვ. კ-ს საკუთრებაში არსებულ ქ. რუსთავში, დ.-მ-ა ქ. №5-1-ში მდებარე ბინას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. კ-სა და ვ. გ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 30 ნოემბერსა და 2010 წლის 24 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ვ. კ-ს სახელზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ლ. მ-მა სასამართლოს წარუდგინა საჩივარი ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით ლ. მ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

კასატორის მითითებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიეღო, რადგანაც სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ გ. კ-ი მისი მეუღლე იყო და ამ უკანასკნელს ლ. მ-თან ერთ ოჯახად არასოდეს უცხოვრია, აღნიშნული კი, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. სასამართლომ, ასევე, არასწორად მიიჩნია ლ. მ-ი სარჩელი აღიარებითად და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად.

იმავე კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის წინააღმდეგაა გამოტანილი, ამასთან დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, იგივე მოსარჩელემ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი არსით პროცესუალურია და არა მატერიალური. იგი ერთგვარი სანქციაა იმ მხარის მიმართ, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ან დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულება დაარღვია, ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ მხარემ დავის მიმართ ინტერესი დაკარგა, შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში ან სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება საქმის მასალების შესწავლისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სააპელაციო საჩივარში ასახული ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარემ სააპელაციო შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ წარადგინა, ამასთან ლ. მ-ს განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლოს შედეგები. მხარეს შეეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე დაყრდნობით, გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა მოეთხოვა, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სრული საფუძველი გააჩნდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებზე კასატორი არ მიუთითებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე, 2321-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2012 წლის 19 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.