Facebook Twitter

საქმე №ას-803-756-2012 9 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - მ. ლ-ე, ა. კ-ე, ზ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ს. გ-ე

მესამე პირი - მ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეებმა მ. ლ-მ, ა. კ-მ და ზ. მ-მ 2010 წლის 9 იანვარს სანოტარო აქტის თანახმად, ს. გ-ისგან 105000 აშშ დოლარი სოლიდარულად ისესხეს. მხარეთა შეთანხმებით თანხა უნდა გადახდილიყო 2011 წლის ივლისამდე. მიუხედავად ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისა, მოპასუხეებს ვალი არ გადაუხდიათ, რის გამოც, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისგან სოლიდარულად 105000 აშშ დოლარისა და ვალის გადაცილებით გამოწვეული ზიანის - 3800 აშშ დოლარის ანაზაურებას. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მ. ლ-ე არის ა. ლ-ის პირველი რიგის ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე, იგი განზრახ არიდებს თავს საჯარო რეესტრში მამის სახელზე რეგისტრირებული ქონების მის საკუთრებად დარეგისტრირებას, რის გამოც იგი ითხოვს მ. ლ-ის დავალდებულებას, საჯარო რეესტრში დაირეგისტრიროს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ა. ლ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, დ-ის (ყოფილი ნ-ის) ქ. მე-16 ჩიხის №4.

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მ. ლ-მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ 2010 წლის 9 იანვრის ვალის აღიარების ხელშეკრულებით ვალის სოლიდარულად გადახდა კი არ უკისრია, მან ხელშეკრულებით დაადასტურა მხოლოდ თავისი პირადი ვალი – 35000 აშშ დოლარი.

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ზ. მ-მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა ვალის არსებობა 35.000 აშშ დოლარის ნაწილში და განმარტა, რომ 2010 წლის 9 იანვრის ვალის აღიარების ხელშეკრულებით მას არ უკისრია სოლიდარული პასუხისმგებლობა, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

მოპასუხე ა. კ-მ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

მოსარჩელე მ. ლ-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა აღიარებულ იქნეს მამის ა. ლ-ის დანაშთი ქონების ½ წილის მესაკუთრედ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე მიწის ნაკვეთები (ფართით 4813.23 კვ.მეტრი და საკადასტრო კოდი ..., ფართით 4692 კვ.მეტრი). მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა ა. ლ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 10 მარტს, რომელსაც დარჩა ორი შვილი მან. ლ-ე და მ. ლ-ე. მშობლების სურვილის გათვალისწინებით მას და მის ძმას შორის არსებობდა შეთანხმება მშობლების ქონების თანაბრად გაყოფის შესახებ. ა. ლ-ის სამკვიდრო მასა შედგება: ქ.ქუთაისში, დ-ის მე-16 ჩიხ №4-ში მდებარე უძრავი ქონებისა (361 კვ.მეტრის) და წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებისგან - 4813.23 კვ.მეტრისა და 4692.047 კვ.მეტრისაგან; იგი მამის გარდაცვალებიდან ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, რის გამოც ითხოვს ა. ლ-ის დანაშთი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ ცნობას.

მოპასუხე ს. გ-ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან. ლ-ს გარდაცვლილი ა. ლ-ის სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით არ მიუღია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ლ-ს, ა. კ-სა და ზ. მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 105000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ზიანის - 3800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამასთან, მ.ლ-ის საკუთრების უფლებით განხორციელდა რეგისტრაცია ა.ლ-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე. ამავე გადაწყვეტილებით, მან. ლ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მან.ლომიძე ცნობილ იქნა ა.ლ-ის დანაშთი ქონების ½ წილის მესაკუთრედ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით: 2012 წლის 10 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გადმოგზავნილ იქნა მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით, აპელანტებს - მ. ლ-ს, ა. კ-სა და ზ. მ-ს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე, ხარვეზის შევსებისათვის, კერძოდ კი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოსადგენად განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე. 2012 წლის 23 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის წარმომადგენლის ნ. ა-ის განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა ნაწილობრივ გამოასწორა ხარვეზი, წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაცვით შედგენილი. ამავე განცხადებით მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ა-მ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დავის დამთავრებამდე იმ მოტივით, რომ მ. ლ-ს, ა. კ-სა და ზ. მ-ს არა აქვთ საშუალება, გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტების - მ. ლ-ის, ა. კ-ის, ზ. მ-ის წარმომადგენელ ნ. ა-ის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა 7 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა. 2012 წლის 3 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მ. ლ-ის, ა. კ-ის, ზ. მ-ის წარმომადგენლის ნ. ა-ის განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განჩინებით აპელანტების - მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის წარმომადგენელ ნ. ა-ის განცხადება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა 5 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განჩინებით მ. ლ-ს, ა. კ-ს, ზ. მ-ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადა 5 დღით, ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განჩინება კანონით დადგენილი იმავე დღეს ეცნობა მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის წარმომადგენელ ნ. ა-ს და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. პალატამ განმარტა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი შეეძლო, შეევსო 2012 წლის 12 მაისის ჩათვლით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 12 მაისი, რაც იყო უქმე დღე, შაბათი, შესაბამისად, მომდევნო დღე იყო კვლავ არასამუშაო დღე კვირა. აპელანტებს - მ. ლ-ს, ა. კ-ს, ზ. მ-ს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა ეწურებოდათ მომდევნო სამუშაო დღეს - 2012 წლის 14 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ.ლ-მ, ა.კ-მ და ზ.მ-მ შემდეგი დასაბუთებით: საქმის მასალებით დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორების საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებულია, რის გამოც, ისინი ვერ შესძლებდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით ხარვეზი დაუდგინდა. ხარვეზის შევსების ვადა სასამართლომ არაერთხელ გააგრძელა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განჩინებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ხუთდღიანი ვადა დაარღვიეს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ, რომ მათ არ ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას კი, მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკმარისს არ წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება, შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს დაუდგინდათ რა ხარვეზი და შემდეგ გონივრული ვადით არაერთხელ გაუგრძელდათ. კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელება, წარმოადგენს არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ, პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ლ-ის, ა. კ-ისა და ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.