საქმე №ას-804-757-2012 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ უკანონოდ დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 9 სექტემბრის №022-2132/1 აქტში მითითებული ნივთები: მაცივარი, ტელევიზორი, დივიდი პლეიერი, რბილი სამეული, ხის მაგიდა ოთხი სკამით, ხის საწოლი, ტანსაცმლის კარადა, ოთხი რკინის საწოლი და პატარა კარადა გათავისუფლდა ყადაღისაგან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ინდივიდუალურ მეწარმე „გ. გ-ს“ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, დაყადაღებულ იქნა ქ.ფოთში, ყ-ის ქ. №50-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები: მაცივარი, ტელევიზორი, დივიდი პლეიერი, რბილი სამეული, ხის მაგიდა ოთხი სკამით, ხის საწოლი, ტანსაცმლის კარადა, ოთხი რკინის საწოლი და პატარა კარადა.
ა. გ-ა არის გ. გ-ს შვილი. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები ძალიან ძველია და მოსარჩელის მიერ შეძენილია რამდენიმე ათეული წლის წინ. მათით სარგებლობს მოსარჩელე და არა მისი შვილი – მოპასუხე გ. გ-ა.
ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ტელევიზორი და დივიდი პლეიერი შეიძინა მოსარჩელემ.
გ. გ-ა არ არის 2011 წლის 9 სექტემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით დაყადაღებული მაცივრის, ტელევიზორის, დივიდი პლეიერის, რბილი სამეულის, ხის მაგიდის ოთხი სკამით, ხის საწოლის, ტანსაცმლის კარადის, ორი რკინის საწოლისა და პატარა კარადის მფლობელი. მოპასუხე გ. გ-ს ფაქტობრივ ადგილსამყოფელს არ წარმოადგენს ქ. ფოთი, ყ-ის ქ. №50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. იგი მუშაობს მძღოლად ტვირთის გადასაზიდ მანქანაზე და ძირითადად ცხოვრობს უკრაინაში, იშვიათად ჩამოდის ქ. ფოთში თავისი დედის ოჯახში, მის მოსანახულებლად. მოსარჩელესთან ერთად ქ. ფოთში, ყ-ის ქ.№50-ში ცხოვრობს მოსარჩელის მეორე ვაჟი ჯ. გ-ა ოჯახთან ერთად. ა. გ-მ იგივე განმარტა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც.
სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-40 მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 477-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სადავო ნივთები შეიძინა ა. გ-მ, იგი წარმოადგენს ამ ნივთების მფლობელს და არა მოპასუხე გ. გ-ა, შესაბამისად, მათ მესაკუთრესაც მოსარჩელე უნდა იქნას მიჩნეული. მით უმეტეს, რომ გ. გ-ა არ ცხოვრობს იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია და დაყადაღებულ იქნა სადავო ნივთები. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ამ ნივთების მფლობელსა და მოსარგებლეს.
პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს აქტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, სადავო მოძრავ ნივთებს ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე ა. გ-ა, ისინი შეძენილია მის მიერ, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სადავო ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.
სააპელაციო პალატამ გაიზაირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული მოსაზრებები გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე დაუსაბუთებელად ჩათვალა.
პალატის განმარტებით, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსჯადობის წესების დარღვევაზე. ვინაიდან, დავის საგანი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დარღვევიდან, ასეთ შემთხვევაში დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩჲვრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტების შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 241-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2.1 ნაწილის, ასევე მე-8 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ბიურომ სავსებით სწორად დააყადაღა სადავო ნივთები, ვინაიდან მხარის გ. გ-ს გააჩნდა საგადასახადო დავალება. აქტს ქონების დაყადაღების შესახებ ხელი მოაწერა თავად მოსარჩელე ა. გ-მ, რომელსაც დაყადაღებული ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით აქტზე რაიმე შენიშვნა არ გაუკეთებია.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, არასწორია სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მოსარჩელეს სადავო ნივთების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით არ წარუდგენია. აღნიშნულის სამტკიცებლად კი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ არის.
საქმეში სათანადო მოპასუხედ უნდა ჩართულიყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, რომელმაც უზრუნველყო სააღსრულებო მოქმედების განხორციელება და შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა კასატორის მითითება, რომ მოცემული დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.