№ას-808-761-2012 23 ივლისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ. (მ.) დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. (მ.) დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ქ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: გ.ქ-ე წლების განმავლობაში მოსარჩელეს სიტყვიერ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდა, თითქოს ის ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა ცილისწამების ნაწილში და გ.ქ-ს 300 ლარის გადახდა დააკისრა. მოპასუხე კვლავ განაგრძობს ცილისმწამებლური ცნობების გავრცელებას, რითაც მოსარჩელის პატივსა და ღირსებას ლახავს.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით შ. (მ.) დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შ. (მ.) დ-ე და გ. ქ-ე მეზობლები არიან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. (მ.) დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ქ-ს - მ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობაზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შემსინურ (მაყვალა) დიასამიძემ სარჩელში მიუთითა, რომ ის ფაქტი, რომ გულნარა ქონიაძე მის მიმართ ცილისწამებლურ განცხადებებს ავრცელებდა, დადასტურდა სასამართლო გადაწყვეტილებით, რისთვისაც ამ უკანასკნელს მის (შ. დ-ის) სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა, მაგრამ, სანამ აპელანტი სიმართლეს დაადგენდა, გასწია 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის (მგზავრობის, სასტუმროს, კვების, დოკუმენტაციის მოძიების, სარჩელისა და განცხადებების წერისა და ა.შ.) ხარჯები. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შ. (მ.) დ-ის მიერ ზემოაღნიშნული თანხის (2 500 ლარის) დახარჯვის ფაქტს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. (მ.) დ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2012 წლის მარტში ვ. ბ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კასატორს არ სურს მოწინააღმდეგე მხარესთან შერიგება. შ.დ-ის მიზანია, აღდგეს შელახული რეპუტაცია და სახელი. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. (მ.) დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
მოცემული დავის საგანია გაწეული ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. (მ.) დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.