Facebook Twitter

№ას-810-763-2012 19 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. დ-ე, ი. გ-ა, მ. ა-ა, ნ. დ-ე, შ., მ. და მიხ. ნ-ები

მოწინააღმდეგე მხარე - დ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით: დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ც. დ-ის ქუჩა №261-ში, სადარბაზო 2, მე-3 სართულზე მდებარე ბინა №9, (საკადასტრო კოდი №...) გამოთხოვილ იქნა მ. დ-ის, ი.ა გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ის, შ. ნ-ის, მ. ნ-ის და მიხ. ნ-ის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე დ. დ-ს. მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს დ. დ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3680 (სამიათასექვსასოთხმოცი) ლარის გადახდა. მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს დ. დო-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 460 (ოთხასსამოცი) ლარის გადახდა ყოველთვიურად 2011 წლის 08 აგვისტოდან - ქ.თბილისში, ც. დ-ის ქუჩა №261-ში, სადარბაზო 2, მე-3 სართულზე მდებარე ბინა №9-ის გათავისუფლებამდე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. დ-მ, ი. გ-მ, მ. ა-მ, ნ. დ-მ, შ. ნ-მ, მ. ნ-მ, მიხ. ნ-მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტებს: მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 972,4 (ცხრა ასსამოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) (160+150+662,4) ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის26 მარტის, 2012 წლის 2 აპრილის და 2012 წლის 10 აპრილის განჩინებებით აპელანტებს, მათივე შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

2012 წლის 27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართეს აპელანტება და მოითხოვეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად შეგროვილი თანხა ოჯახის წევრის სამკურნალო ხარჯებში იქნა გადახდილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. დ-მ, ი. გ-მ, მ. ა-მ, ნ. დ-მ, შ. ნ-მ, მ. ნ-მ და მიხ. ნ-მ მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს დროულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიელბა მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტებს: მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 972,4 (ცხრა ასსამოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) (160+150+662,4) ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებითვე ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის, 2012 წლის 2 აპრილის და 2012 წლის 10 აპრილის განჩინებებით აპელანტებს, მათივე შუამდგომლობის საფუძველზე, გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა, რაც მათი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. დ-ს, ი. გ-ს, მ. ა-ს, ნ. დ-ს, შ. ნ-ს, მ. ნ-ს და მიხ. ნ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.