Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-815-767-2012 12 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ი, დ. ქ-ე, ი. ჩ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. მ-მა, დ. ქ-მ და ი. ჩ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ბ-სა და ლ. ა-ის მიმართ თანხის ანაზღაურებისა და იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. მ-ის, დ. ქ-ისა და ი. ჩ-ს სარჩელი მოპასუხე მ. ბ-ს მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა, ლ. ა-ისათვის კ. მ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 57 000 აშშ დოლარის, ი. ჩ-ს სასარგებლოდ დაკისრებული 13 341 აშშ დოლარისა და დ. ქ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 13 150 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე მ. ბ-ს საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ჯ-ს ქუჩა №8-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/24 და 4/24 წილები. ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე მ. ბ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით აპელანტ მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2012 წლის 12 მარტისა და 2 აპრილის განჩინებებით მხარეს აღნიშნული ვადა გაუგრძელდა.

2012 წლის 30 აპრილს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, მ. ბ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 48-ე და 102-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ აპელანტს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და სახლემწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად და აპელანტს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ბ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ მხარის მოთხოვნით რამდენჯერმე გაუგრძელა აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა, რა დროსაც არ გაითვალისწინა, რომ მხარის შუამდგომლობები ვადის გაგძრელების თაობაზე ნიშნავდა, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის თანხის მოძიება ვერ შესძლო. ამდენად, პალატას სახელმწიფო ბაჟის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა გადაევადებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება – სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით. აღნიშნული ვადა მხარის თხოვnით დამატებით ორჯერ 10-10 დღით გაგრძელდა და მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის დროულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საქმის მასალებიდან ირკვევა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მ. ბ-ს წარმომადგენელ მ. ე-ს ჩაბარდა 2012 წლის 19 აპრილს, რაც სასამართლო გზავნილის მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

აღნიშნული მეტყველებს, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 აპრილიდან და ამოიწურა 2011 წლის 30 აპრილს (ვინაიდან ვადის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს, იგი ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს). ამ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და კვლავ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს სასამართლოსათვის თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უდავოდ დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.