Facebook Twitter

№ას-827-776-2012 16 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ბ-ი, ხ. ა-ე

მოპასუხე - ს. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ბ-მა და ხ. ა- სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ს. წ-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ს. წ-ის საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ იქნა მოსარჩელე ხ. ა-ის საკუთრებაში არსებული ნივთები. გამომდინარე იქიდან, რომ დაყადაღდებული ნივთები წარმოადგენენ მოსარჩელის და არა მოპასუხე ს. წ-ის საკუთრებას, მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 9 სექტემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №022-2046/1 აქტში შემდეგი ნივთების: მისაღები ოთახის კედლის, რბილი სამეულის, საძინებლის კომპლექტის, რომელიც შედგება ორადგილიანი საწოლის, კარადის, ტრილაჟისა და 2 ტუმბოსაგან, ტელევიზორის, კომპიუტერის და კონდენციონერის ყადაღისაგან განთავისუფლებას.

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არის ს. წ-ის საკუთრება.

მოპასუხე ს. წ-მა სარჩელი ცნო და აღნიშნა, რომ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღისაგან არ გათავისუფლდა რბილი სამეული და კონდიციონერი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ინდმეწარმე ,,ს. წ-ის’’ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, დაყადაღებულ იქნა ქ.ფოთში, თ. მ-ის ქ. №89-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები, მათ შორის: ზალის გარნიტური რომელიც შედგება კარადის, ტრილიაჟის, ვიტრინის, მაგიდის, 8 სკამისა და 2 სავარძლისაგან, ორი სასანთლე, მისაღები ოთახის კედელი, რბილი სამეული, საძინებლის კომპლექტი რომელიც შედგება, ორადგილიანი საწოლის, კარადის, ტრილიაჟისა და 2 ტუმბოსაგან, ტელევიზორი, კომპიუტერი და კონდენციონერი. ხ. ა-ე და რ. ბ-ი ცხოვრობენ ქ.ფოთში, თ. მ-ის ქუჩის №89-ში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხ. ა-ე და ს. წ-ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და განქორწინდნენ 2011 წლის 23 სექტემბერს. დაყადაღების აქტი შედგენილია 2011 წლის 18 ივლისს და დაყადაღების აქტში მითითებულია შენიშვნა, სადაც ხ. ა-ე არ ეთანხმება დაყადაღების აქტს და მიუთითებს, რომ დაყადაღებული ნივთები არის მისი საკუთრება. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები მოსარჩელის - ხ. ა-ის მიერ შეძენილია რამოდენიმე წლის წინ მისი მშობლების ნაჩუქარი თანხით.

რ. ბ-მა სს „ლ. კ-თან“ გააფორმა სესხის ხელშეკრულება და სესხის უზრუნველსაყოფად დააგირავა მის მიერ სადავოდ გამხდარი დაყადაღებული ნივთები. მხარეები არ დავობენ იმ გარემოების შესახებ, რომ გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული ნივთები მისაღები ოთახის კედელი, საძინებლის კომპლექტი, ტელევიზორი და კომპიუტერი არის იგივე ნივთები, რაც მითითებულია დაყადაღების აქტში. დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. ბ-ის მიერ მითითებული, დაყადაღებული ნივთები: რბილი სამეული და კონდიციონერი არ არის რ. ბ-ის საკუთრება, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ს. წ-ის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს არ წარმოადგენს ქ.ფოთში, თ. მ-ის ქ. №89-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ს. წ-სა და ხ. ა-ს შორის ფაქტობრივად ქორწინება შეწყვეტილია 2008 წლის შემდეგ. ამასთან უდავო ფაქტია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც განთავსებული იყო დაყადაღებული ნივთები იყო ხ. ა-ის მშობლების საკუთრება და ამჟამად, მესაკუთრეა ხ. ა-ე. მხარეები განქორწინდნენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და მათ ერთობლივ ქორწინებაში შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით არ უდავიათ. ს. წ-ი არ არის 2011 წლის 18 ივლისის №022-2132/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული დაყადაღებული ნივთების მფლობელი და მესაკუთრე. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქონება არც მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს, დადგენილია, რომ რ. ბ-ი არის ხ. ა-ის ნათესავი, რომელსაც ამ უკანასკნელმა, თავის საცხოვრებელ სახლში გამოუყო საცხოვრებელად რამდენიმე ოთახი. დადგენილია, რომ რ. ბ-ი არის ნივთების მესაკუთრე.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურსამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, განსახილველ შემთხვევაში, ს. წ-ის მიერ სარჩელის ცნობას, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევდა.

აღნიშული გარემოებები მოსარჩელეების: ხ. ა-ის, რ. ბ-ისა და მოპასუხე ს. წ-ის ახსნა-განმარტებების გარდა დასტურდებოდა მოწმეების – მ. გ-ს, ქ. ც-ს, მ. გ-ის, მ. ა-ისა და გ. ა-ის ჩვენებებით. სამოქალაქო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მართალია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სადავოდ გახადა მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები, მაგრამ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებით, ვინაიდან, ს. წ-ის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს წარმოადგენს ქ.ფოთში, თ. მ-ის ქ. №89-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ის ფლობს სადავო ნივთებს, მიჩნეულ უნდა იქნეს მის მესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ მფლობელობა მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდს წარმოშობს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მფლობელის საკუთრების უფლების სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ამ ვარაუდის გაქარწყლება შესაძლებელია, თუ წარმოდგენილ იქნება მტკიცებულება, რაც სხვა პირის საკუთრების უფლებას დაადასტურებს. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება გადადის მყიდველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. ა-მ ნაჩუქარი თანხით შეიძინა სადავო ნივთები და, ამასთან, იგი წარმოადგენს ამ ნივთების მფლობელს და არა მოპასუხე ს. წ-ი, მით უმეტეს, რომ ს. წ-ი არ ცხოვრობს იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია და დაყადაღებულ იქნა სადავო ნივთები. ამასთან, მოწმეთა ჩვენებითა და სს „ლ. კ-თან“ რ. ბ-ის მიერ 2010 წელს გააფორმებული სესხის ხელშეკრულებით დადგენილ იქნა, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს ხ. ა-ის ნათესავის რ. ბ-ის საკუთრებას, რომელსაც ამ უკანასკნელმა (ხ. ა-მ) თავის სახლში საცხოვრებელად რამდენიმე ოთახი გამოუყო. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა, აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა, კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალება არის გათვალისწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მოცემულ შემთხვევაში, დგინდებოდა, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა არა მოვალეს – ს. წ-ს არამედ ხ. ა-სა და რ. ბ-ს, გადაწყვეტილების აღსრულება კი, მხოლოდ მოვალის ქონების რეალიზაციით არის დასაშვები, რაც წარმოადგენს ამ ქონების დაყადაღების მიზანს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ანდა მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება, დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიურგოს. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი. აღნიშნული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამხდელის მიმართ ტარდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, სახელმწიფოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან ს. წ-ს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სააღსრულებო ბიუროს მიერ სრულიად კანონიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავს ფინანსთა მინისტრის ზემოთ მოყანილი ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები ამორიცხოს მესამე პირის ქონება, ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან“. მოსარჩელის მიერ კი, ასეთი მტკიცებითი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.

ქონების დაყადაღება განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს ინდივდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად. აქედან გამომდინარე კი, ქონებაზე საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ყადაღის პირობებში, ამ ქონების ყადაღის სიიდან ამორიცხვის საკითხის განხილვა უნდა განხორციელებულიყო ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების წესით და არა სამოქალაქო საქმეთა წარმოების წესით, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და 2012 წლის 24 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება №ას-305-293-2012).

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.