საქმე №ას-828-777-2012 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ს-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ს-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის – 1600 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ მორალური ზიანის – 100 ლარის და მატერიალური ზიანის – 260 ლარის გადახდის ნაწილში ცნო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. ს-ს ი. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 535,20 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხისათვის 1485,20 ლარის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა ო. ს-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. ს-ს დამატებით ი. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა მატერიალური ზიანის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 992-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თავის მხრივ, გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ ზიანსა და ზიანის მიმყენებლის ქმედებას შორის, რამაც გამოიწვია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ მიზეზობრივი კავშირი ო. ს-ის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის (ი. კ-ისათვის სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანების მიყენებაში) გამოიხატება საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, რაც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – ბრალის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევ უშუალო შედეგს.
სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ ო. ს-ის უშუალო ქმედებით, რაც გამოიხატა მის მიერ აპელანტის ცემაში, ი. კ-ს მიადგა გარკვეული სახის მატერიალური ზიანი. კონკრეტულად ზიანი გამოიხატა იმაში, რომ ო. ს-ის დანაშაულებრივ ქმედებაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიღებულ იქნა განაჩენი, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ი. კ-ს დასჭირდა ადვოკატის მომსახურება, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი 02.02.11 ხელშეკრულებით. შესაბამისად, ადვოკატის მომსახურება გულისხმობს გარკვეულ ხარჯს, რაც მისი მომსახურებისათვის უნდა იქნეს გაღებული კლიენტის მიერ.
წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის – 1000 ლარის ო. ს-ისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში პალატამ ჩათვალა, რომ აპელაცია ნაწილობრივ საფუძვლიანია. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ო. ს-ს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯებიდან ი. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21,40 ლარის გადახდა, უნდა გაუქმდეს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სს ,,ლ. ბ-ის” ჩხოროწყუს ფილიალის ქვითრებით პალატამ გონივრულად მიიჩნია ო. ს-ისათვის დამატებით 500 ლარის დაკისრება ი. კ-ის სასარგებლოდ, როგორც ი. კ-ის მიერ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი – მატერიალური ზიანის თანხა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
რაც შეეხება აპელანტის მიერ მოთხოვნილ თანხას (მკურნალობაზე, ექსპერტიზაზე, მედიკამენტებზე და ექიმთან ვიზიტებისას გადახდილ თანხებს) 260 ლარი ექსპერტიზის ხარჯი, ყადაღის მოხსნისათვის გაწეული 62 ლარი და მკურნალობის ხარჯი 163,20 ლარი, პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზისათვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით 260 ლარის ოდენობით ო. ს-მ ცნო სარჩელი (იგი ამასვე აცხადებს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელშიც) და ეს თანხა უდავოდ შედიოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის დაკისრებული თანხის ოდენობაში (535,20 ლარში).
პალატამ ამ თანხის ო. ს-ისათვის დაკისრება სამართლიანად მიიჩნია და, შესაბამისად, ამ თანხის დაკისრების საკითხზე ხელახლა არ იმსჯელა.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ავტომანქანებზე ყადაღის დადებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 62 ლარიც და დააკისრა ო. ს-ს გადასახდელად ი. კ-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილ მედიკამენტებში, მკურნალობისათვის და ექიმის ვიზიტებისას დახარჯული თანხიდან – 163,20 ლარიდან 113,20 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა ო. ს-ს.
სასამართლომ მტკიცებულებად არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარზე დართული ი. კ-ის მიერ ექიმთან ვიზიტისათვის გადახდილი 50 ლარის ქვითრები, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, ამ მტკიცებულებების წარდგენა მხარეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, ხოლო დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზზე მან ვერ მიუთითა. აპელანტის მიერ მითითებული გარემოება კი (ის, რომ ეს დოკუმენტები იყო დართული სისხლის სამართლის საქმეზე და მათ არ მისცეს მასალები საქმიდან, ხოლო სასამართლომ ეს დოკუმენტები თავისი ინიციატივით არ გამოითხოვა), პალატამ საპატიოდ არ მიიჩნია.
სასამართლომ იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტმა ი. კ-მ ვერ წარადგინა და სათანადო მტკიცებულებებით ვერ გაამყარა მისი პოზიცია მატერიალური ზიანის სახით (ექიმთან ვიზიტებისას) 50 ლარის გადახდის შესახებ, ხოლო სხვა დანარჩენ ხარჯზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სამართლიანად მიიჩნია და დაეთანხმა.
პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება უსწოროა ასევე ო. ს-ისათვის ბაჟის – 16,05 ლარის დაკისრების ნაწილშიც, კერძოდ, სასამართლომ ბაჟის თანხა ო. ს-ს დააკისრა მასზე დაკისრებული თანხის – 535,20 ლარის 3%-იდან გამომდინარე, რაც არასწორია, კერძოდ, მოცემული დავა მაგისტრატი მოსამართლის განსახილველია, რა დროსაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ნახევრდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. ამდენად, ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში ო. ს-ს უნდა დაკისრებოდა 50 და არა 16.05 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურების ანაზღაურებისა და ექიმთან ვიზიტის ღირებულების გადახდის ნაწილში ი. კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რა მიზეზით არ დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს საადვოკატო ხარჯი 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული საადვოკატო მომსახურება მხარეს გაეწია გამოძიების პერიოდში და იგი უნდა ანაზღაურებულიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 223-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ და „თ“ პუნქტების, ასევე 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოძიების მომენტისათვის მოქმედი რედაქციით.
სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 412-ე და 992-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. კასატორმა სრულად დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოებანი.
სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლითაც და არ გაითვალისწინა, რომ ექიმთან ვიზიტისათვის გადახდილი 50 ლარის ქვითარი ინახებოდა სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოთხოვაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეს უარი უთხრა. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენაზე იზრუნა თავად კასატორმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.