Facebook Twitter

№ას-843-791-2012 23 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სესხის თანხისა და სარგებლის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. თ-ის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 23 მარტს, ერთი მხრივ, ნ. ს-სა და, მეორე მხრივ, თ. თ-ის ნდობით აღჭურვილ პირ გ. თ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნ.ს-მ თ.თ-ს ასესხა 35000 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად, ქ.თბილისში, დ. ა-ის #83-ში თ.თ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა. 2011 წლის 10 ივნისს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ.ს-მ გ.ს-ს 35000 აშშ დოლარიდან დაუთმო 7000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული პროცენტისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობამ შეადგინა 17521 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბერს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხე თ.თ-ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 7000 აშშ დოლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს - 10 521 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2011 წლის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე გ. ს-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და მოპასუხეს განესაზღვრა 7 - დღიანი საპროცესო ვადა შესაგებლის წარმოსადგენად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე თ. თ-ს გაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, მასვე განემარტა დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე თ. თ-ის სახელზე გზავნილი ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს, შვილს - გ. თ-ს. 17.10.2011წ. შეტყობინების დასტურზე გზავნილის მიმღები პირის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ისე, ადრესატის შტრიხული ხელმოწერის სახით. გარკვევითაა მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი, ადრესატთან დამოკიდებულება და ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი. ის გარემოება, რომ გზავნილი ჩაჰბარდა მის შვილს, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი - სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, მოპასუხეს ჩაბარებული აქვს კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, გზავნილი ჩაჰბარდა მოპასუხის ქმედუნარიან შვილს - გ.თ-ს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შესაგებლის წარსადგენად დადგენილ 7 - დღიან ვადაში თ. თ-ს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; მოცემულ შემთხევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი რომელიმე პირობა, არ არსებობდა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად უთითებს მის ავადმყოფობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების, მოცემულ შემთხვევაში კი, შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების (შესაგებლის წარუდგენლობის) შეუძლებლობაზე. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება გზავნილის ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრება თ. თ-ის ავადმყოფობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, გაზიარებული არ იქნა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.თ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს უსაფუძვლოდ გამდიდრებას, რითაც ილახება კასატორის ინტერესები. თ.თ-ს მიაჩნია, რომ, მისი უფლებების დაცვის მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემული დავის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საქმე №ას-385-364-2012), რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. თ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1432 ლარის, 70% – 1002.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

თ. თ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1432 ლარის, 70% – 1002.4 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.