Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-844-792-2012 19 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ც-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ც-ე, გ. გ-ი, თ. მ-ი, ე. ს-ი, ს. მ-ი, თ. შ-ი, კ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ც-ის, გ. გ-ის, თ. მ-ის, ე. ს-ის, ს. მ-ის, თ. შ-ისა და კ. ა-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

ლ. ც-ე და ა. ც-ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. თანაცხოვრების შეწყვეტის დროისათვის ა. ც-მ სახლიდან წაიღო მის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენზე, რომლითაც დაკმაყოფილებულ იქნა მოპასუხეების სამოქალაქო სარჩელი და ა. ც-ს დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანი ანაზღაურება, გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების დროს ყადაღა დაედო ზემოთ ჩამოთვლილ მოძრავ ნივთებს, მიუხედავად იმისა, ისინი არ წარმოადგენდნენ ა. ც-ის საკუთრებას.

„სიმენსის“ ფირმის სარეცხის მანქანა და გაზის გამათბობელი შეძენილია მოსარჩელის მიერ მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დააკავეს. იგივე შეეხება აირგამათბობელ კერას. ყავისფერი კედელი არის მოსარჩელის დედის საჩუქარი, მაცივარი კი, შეძენილ იქნა ა. ც-სთან ერთად. რაც შეეხება ყავისფერ, უჯრებიან კომოდს, კომპიტერის მაგიდას და ტყავის სამეულს, ეს ნივთები გახლავთ მისი რძლის მზითევი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 დეკემბრის მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (მოვალე: ა. ც-ე, კრედიტორები: გ. გ-ი, თ. მ-ი, ე. ს-ი, ს. მ-ი, თ. შ-ის, კ. ა-ი) საფუძველზე ყადაღა დაედო ქ. რუსთავში, .. მიკრო რაიონის №22-ში მდებარე №3 ბინაში არსებულ მოძრავ ნივთებს. აღნიშნული ბინა წარმოადგენს ა. ც-ისა და ლ. ც-ის თანასაკუთრებას.

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. ამავე კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კედლის ავეჯი წარმოადგენს ლ. ც-ის საკუთრებას. იგივე შეეხება გაზის გამათბობელის საკითხს. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა საკუთრების უფლება მაცივართან დაკავშირებით. რაც შეეხება „სიმენსის“ ფირმის სარეცხის მანქანას, ის შეძენილია 2008 წლის 29 თებერვალს, სასამართლო განაჩენიდან კი დგინდება, რომ ა. ც-ე სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული იქნა 2008 წლის 13 სექტემბერს.

სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ კომპიუტერის მაგიდა, კომოდი და ტყავის სამეული არის მისი რძლის საკუთრება. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მოწმე ბ. ც-ის ჩვენებით დგინდება, რომ აირგამათბობელი „კერა“ მის მეუღლე ლ. ც-ის რძალს შეუძინა მამამ და ნივთი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ თითოეულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს საკუთარი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ზემოთ მითითებული საგნები არ წარმოადგენს მის საკუთრებას და არის რძლის მზითევი, შესაბამისად, ნივთების დაყადაღებით არ ირღვევა მისი უფლებები და იგი არ არის უფლებამოსილი იდავოს მათი ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში კი არ იკვეთება ლ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ც-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ.ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. ც-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ. ც-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ლ. ც-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 18 ივნისს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით ბ. ც-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.