№ას-847-795-2012 9 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. რ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მინდობილობის ბათილად ცნობა, ჩუქებისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქონების მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. რ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ე-ის, პ-ა ჯ-ის, გ. ს-ის, ი. ს-ისა და სს „პ. ბ-ის“ მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების, მინდობილობის, ჩუქებისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ს. რ-ს 2007 წლის 20 ოქტომბერს გარდაეცვალა დედა ი. რ-ა, ი. რ-მ 1994 წელს ც. ე-ისაგან ისესხა 300 აშშ დოლარი, რომლის საგარანტიოდ ამ უკანასკნელის სახელზე გასცა გენერალური მინდობილობა, მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე. თანხის დაბრუნების შემდეგ, ი. რ-ს მინდობილობა უკან არ გამოუთხოვია, რითაც ისარგებლა ც. ე-მა და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადო ჩუქების ხელშეკრულება პ. ჯ-თან. მშობლის გარდაცვალების შემდეგ ს. რ-ს მზრუნველად დაენიშნა ი. რ-ს და - ი. ს-ი, რომელმაც სამკვიდროს გახსნის შემდეგ აღმოაჩინა რომ ბინა გაჩუქებული იყო. 2008 წლის 22 იანვარს აღნიშნული ბინა გადავიდა ი. ს-ის მეუღლე გ. ს-ის საკუთრებაში, რომელმაც სადავო ბინა დატვირთა იპოთეკით. 2010 წლის 21 ივლისს ი. ს-სა და მ. დ-ს შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება.
მოპასუხეებმა ც. ე-მა, პ. ჯ-მა, ი. ს-მა, გ. ს-მა და სს „პ-მა“ წარმოდგენილი შეასგებლებით სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ს. რ-ს კანონიერი წარმომადგენლის ნ. რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა ი. რ-ს მიერ ც. ე-ის სახელზე 1994 წლის 13 დეკემბერს გაცემული გენერალური მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი 1995 წლის 9 მარტის ჩუქების ხელშეკრულება ი. რ-ს წარმომადგენელ ც. ე-სა და პ. ჯ-ს შორის; ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 22 იანვარს პ. ჯ-სა და გ. ს-ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა გ. ს-სა და სს ,,პ-ს” შორის 2010 წლის 9 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ; ს. რ-ა ცნობილ იქნა ი. რ-ს სამკვიდრო ქონების, მდებარე, ქ.თბილისში, ქ-ის ქ.#12, ბინა #61, საკადასტრო კოდით: ... მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საქლაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების ასლი აპელანტ გ. ს-ის წარმომადგენელ თ. ბ-ს ჩაბარდა 2012 წლის 28 მარტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 29 მარტიდან და ამოიწურა 2012 წლის 12 აპრილს. დადგენილია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით - 2012 წლის 17 აპრილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო საჩივარი ქ.ს-ის საფოსტო განყოფილებას 2012 წლის 11 აპრილს ჩაჰბარდა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეზე დართული საფოსტო ბარათით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დადგენილია, რომ თბილისის საქალქო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2012 წლის 28 მარტს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 29 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 აპრილს. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას წარუდგინა კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილის ქვითრით, რომელზეც მითითებულია მიმღები - თბილისის საქალაქო სასამართლო, დასმული აქვს ბეჭედი და შესრულებულია ხელმოწერა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად მიიჩნევა, თუ მხარე აღნიშნულს წარადგენს სასამართლოში ან ამავე ვადის დაცვით გააგზავნის ფოსტის მეშვეობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ქვითრის შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე დასმულ ბეჭედზე მითითებულია, რომ იგი წარდგენილია 15 ფურცლად კონვერტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.