№ას-855-802-2012 2 ივლისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. სს „ე.-პ. ჯ-ა“;
2. შპს „პ. კ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
სს „ე.-პ. ჯ-ს“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 0,4 კვ ძაბვის ელენერგიის გატარებისათვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შპს „პ. კ-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების არსებობის აღიარება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „პ. კ-მა“ მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-ს“ მიმართ და მოითხოვა:
ა. სს „ე.-პ. ჯ-სათვის“ დავალიანების ასანაზღაურებლად 45000 ლარის დაკისრება;
ბ. მოპასუხისათვის მომსახურების საფასურის – 699408 ლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-14, 336-362).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „პ. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ე.-პ. ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 44782 ლარის გადახდა, მასვე შპს „პ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 22341.76 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში (მოპასუხისათვის 677284.24 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სს „ე.-პ. ჯ-ს“ შპს „პ. კ-ის“ სასარგებლოდ დაევალა 451 ლარის გადახდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში (ტომი 3, ს.ფ. 289-295).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სს „ე.-პ. ჯ-მ“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 22341.76 ლარის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 3, ს.ფ. 301-311).
აპელანტ შპს „პ. კ-ის“ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი 4, ს.ფ. 6-18).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ე.-პ. ჯ-სა“ და შპს „პ. კ-ის“ სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „პ. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს „ე.-პ. ჯ-ს“ შპს „პ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 3203.12 ლარის გადახდა, ამავდროულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 78368.5 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებითვე შპს „პ. კ-ს“ სს „ე.-პ. ჯ-ს“ სასარგებლოდ დაევალა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 67.72 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 1 ივნისს ერთი მხრივ, შპს „პ. კ-სა” და მეორე მხრივ, სს „ე.-პ. ჯ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება ელექტროგამანაწილებელი ქსელის დროებით სარგებლობაში გადაცემისა და მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შპს „პ. კ-მა” სს „ე.-პ. ჯ-ს” დროებით სარგებლობაში გადასცა მისი კუთვნილი ელექტროგამანაწილებელი ქსელები, რომლის მეშვეობითაც ქ.თბილისსა და გარდაბანში სს „ე.-პ. ჯ-ს” მომხმარებლებისათვის გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიით მომარაგება ხორციელდებოდა და იკისრა ვალდებულება მომსახურება გაეწია ამ ქონებისთვის და შესაბამისი სააბონენტო ბაზისათვის. კერძოდ: საანგარიშო თვის განმავლობაში ელექტროგამანაწილებელი ქსელებით გაეტარებინა ელექტროენერგია; ე.-პ-ს მოთხოვნის შესაბამისად, დაერიგებინა მომხმარებელებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადასახდელი ქვითრები; გამოეყენებინა მაქსიმალური ძალისხმევა მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ამოღების მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად; უზრუნველეყო ე.-პ-ს მიერ ცენტრალური აღრიცხვის პუნქტში ელექტროენერგიის დაფიქსირებული რაოდენობის საფასურის სრულად მიღება, ხოლო ე.-პ-ს მიერ ელექტროენერგიის საფასურის სრულად მიუღებლობის შემთხვევაში გადაეხადა ენერგო-პროს დანაკლისი მიღებულ თანხასა და ცენტრალური აღრიცხვის პუნქტში დაფიქსირებული რაოდენობის სრულ საფასურს შორის. გაწეული მომსახურეობის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის (შედარების აქტი) გაფორმებით.
ხელშეკრულების მე–5 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების წესი და პირობები იმგვარად უნდა განსაზღვრულიყო, რომ ელექტროენერგიის მომხმარებლების მიერ საანგარიშო თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ცალკეული კატეგორიების 10/6 კვ. ძაბვისა და 10/6-0.4 კვ. ძაბვის მიხედვით უნდა შეჯამებულიყო, რითაც მიიღებოდა მათი პროცენტული შეფარდება საერთო მოხმარებასთან მიმართებაში. ელექტროენერგიის შემოდინების წერტილში დაფიქსირებული რაოდენობა გაიყოფოდა ცალკეული კატეგორიების მიხედვით გამოყვანილი პროცენტული შეფარდებით და მას გამოაკლდებოდა ტექნიკური დანაკარგი შემდეგი კატეგორიების მიხედვით: 10/6 ძაბვის საფეხურისათვის – 2.6%; 10/6-0.4 ძაბვის საფეხურისათვის – 5.6%. ცენტრალური აღრიცხვის პუნქტში აღრიცხული 1 კვტ.-ს ღირებულება რომელიც გაცემულია აბონენტზე 6/10 კვ. ძაბვაზე შეადგენს 8.3 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 0.4 კვ ძაბვაზე – 10.6 თეთრს დღგ-ს ჩათვლით. გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების მიზნით, ენერგო-პრო მიმწოდებელს უხდიდა თანხას, რომელიც წარმოადგენდა განსხვავებას ცენტრალური აღრიცხვის პუნქტებში ელექტროენერგიის დაფიქსირებული რაოდენობის ღირებულებასა და მომხმარებლისგან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ამოღებულ თანხას შორის.
მე–6 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2 წელი. მხარეებს უფლება ჰქონდათ ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეეწყვიტათ ხელშეკრულება ერთი თვით ადრე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწვეტის შემთხვევაში, მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება შემდეგნაირად უნდა მომხდარიყო:
– უნდა დაანგარიშებულიყო ხელშეკრულების მოქმედების დაწყებიდან ცენტრალური აღრიცხვის პუნქტში დაფიქსირებული ელექტროენერგიის სრული საფასური აბონენტებზე მისაწოდებელი ტარიფით ძაბვებისა და საფასურების მიხედვით (6.5.1. პუნქტი).
– უნდა დაანგარიშებულიყო ხელშეკრულების მოქმედების დაწყებიდან სს „ე.-პ. ჯ-ს” მიერ ყოველთვიურად შესყიდული ელექტროენერგიის თვითღირებულება დღგ-ს ჩათვლით, რომელიც შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისაგან: ე.–პ-ს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის გენერაციის კომპონენტი; გადაცემის მომსახურების კომპონენტი 6/10 მიღებული 6/10 გაცემული ნორმატივის გათვალისწინებით; დისპეჩერიზაციის მომსახურების კომპონენტი; საქრუსენერგოს გადაცემის მომსახურების კომპონენტი; რეზერვის კომპონენტი ე.–პ-სათვის 1კვ.სთ-ზე გასაშუალებული ტარიფის გამოყენებით, მაღალი ძაბვის დანაკარგი (4.41%) (6.5.2. პუნქტი).
– 6.5.1. პუნქტში მითითებულ სრულ საფასურს უნდა გამოკლებოდა 6.5.2. პუნქტში მითითებული ელექტროენერგიის თვითღირებულება და მიღებული თანხის 45% ეკუთვნოდა მიმწოდებელს, ხოლო 55%, სს „ე.-პ. ჯ-ს”.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეწყვეტილა 2008 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედება გაგრძელდა. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:
საქმეში წარდგენილი 2007 წლის 29 ნოემბრის წერილის თანახმად, სს „ე. პ. ჯ-ა“ შპს ,,პ. კ-ს“ აფრთხილებს, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან შეწყდება მათ შორის გაფორმებული 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება ჩაბარდა შპს ,,პ. კ-ს“, რაც დასტურდება შპს ,,პ. კ-ის“ 2007 წლის 26 დეკემბრის წერილობითი პასუხით. საქმეში წარდგენილ შპს ,,პ. კ-ის“ 2008 წლის 18 მარტის წერილში, იგი ადასტურებს ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს და ითხოვს მხოლოდ დეკემბრის თვის მომსახურების ანაზღაურებას.
საქმეში წარდგენილი შპს ,,პ. კ-ის“ ელექტროგამანაწილებელ ქსელზე მიერთებული აბონენტების შპს ,,ს. ტ-ის“, შპს ,,ს.-ე.-ს.“-ს და შპს ,,მ-ის“ წერილების თანახმად, 2008 წლის იანვრიდან მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ანათვალის აღებას, ქვითრების და ანგარიშ-ფაქტურების მიწოდებას, ანგარიშსწორებას და გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორცილებდა უშუალოდ სს ,,ე. პ. ჯ-ა“.
გარდა ამისა, საქმეში წარდგენილი იყო 2008 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებები, გაფორმებული შპს ,,ი-სა“ და სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ შორის და ქ.თბილისის შსს მთავარ სამმართველოსა და სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ შორის. ამ ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენდა აბონენტისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი ქვითრის ყოველთვიურად წარდგენა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.
სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ სამარშუტო ფურცლების, გათიშვის ჯგუფური აქტების რეგისტრაციის ჟურნალის და გათიშვის ჯგუფური აქტების ასლებით დასტურდება, რომ შპს ,,პ. კ-ის“ ქსელზე მიერთებული აბონენტებისათვის მოწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის დადგენის მიზნით მრიცხველებიდან ანათვალის აღებას აწარმოებდა კომპანიის თანამშრომელი ლ.გ-ი, ხოლო ელექტროენერგიის ჩართვა-გათიშვის მომსახურებას ახორციელებდა სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ გარდაბნის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მ.მ-ე და ო.დ-ა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა სადავო ფაქტი იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეწყვეტილა 2008 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედება გაგრძელდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულის თაობაზე უსაფუძვლო იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობიდან გამომდინარე, დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2008 წლის 1 იანვრიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,ე.- პ. ჯ-ს“ გააჩნდა გარკვეული დავალიანება შპს ,,პ. კ-ის“ წინაშე, თუმცა, მხარეთა შორის სადავო იყო დავალიანების გაანგარიშების წესი და ოდენობა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების მე–6 მუხლზე, რომლითაც განსაზღრულია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორების წესი და პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების მოქმედების დაწყებიდან ცენტრალური აღრიცხვის პუნქტში დაფიქსირებული ელექტროენერგიის სრული საფასურის დაანგარიშება აბონენტებზე მისაწოდებელი ტარიფით ძაბვებისა და საფასურების მიხედვით, უნდა დაანგარიშებულიყო ხელშეკრულების მოქმედების დაწყებიდან სს „ე.-პ. ჯ-ს” მიერ ყოველთვიურად შესყიდული ელექტროენერგიის თვითღირებულების დღგ-ს ჩათვლით, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ე.–პ-ს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის გენერაციის კომპონენტი; გადაცემის მომსახურების კომპონენტი 6/10 მიღებული 6/10 გაცემული ნორმატივის გათვალისწინებით; დისპეჩერიზაციის მომსახურების კომპონენტი; საქრუსენერგოს გადაცემის მომსახურების კომპონენტი; რეზერვის კომპონენტი ე.-პ-სათვის 1 კვ.სთ-ზე გასაშუალებული ტარიფის გამოყენებით, მაღალი ძაბვის დანაკარგი (4.41%). სრულ საფასურს უნდა გამოკლებოდა ზემომითითებული წესით დაანგარიშებული ელექტროენერგიის თვითღირებულება და მიღებული თანხიდან 45% უნდა მიკუთვნებოდა მიმწოდებელს, ხოლო 55% – სს „ე.-პ. ჯ-ს”.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ 2008 წლის 1 იანვრამდე არსებული დავალიანება გამოიანგარიშა არა მითითებული წესით, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ზოგადი ნორმებით, რომლებიც მოქმედებდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (ხელშეკრულების მე–5 მუხლი)
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის ანგარიშსწორების სპეციალური ნორმები, რომლებიც ამოქმედდა ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ანგარიშსწორების განსხვავებულ წესზე, ვიდრე ეს ხელშეკრულების მოქმედების პირობებში იყო (ხელშეკრულების 6.5 პუნქტი).
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სს „ე.-პ. ჯ-ს” მიერ წარდგენილი გაანგარიშებით, რომელიც შედგენილი იყო ხელშეკრულების 6.5 პუნქტის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულ გაანგარიშებაში მოყვანილი გარკვეული მონაცემების უზუსტობასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,პ. კ-ს“ თავის მხრივ აღნიშნული გაანგარიშების საპირისპიროდ სხვა გაანგარიშება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ხსენებულ გაანგარიშებაში მითითებული, გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის სისწორე.
წარდგენილი გაანგარიშებით, 2008 წლის 1 იანვრამდე სს ,,ე. პ. ჯ-ს“ დავალიანება შპს ,,პ. კ-ის“ წინაშე შეადგენდა 3203.12 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული დავალიანების თანხა სრულად უნდა ანაზღაურებულიყო მოსარჩელისათვის მოპასუხის მხრიდან.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით შპს „პ. კ-ის” კუთვნილ ქსელში გატარებული იქნა 22391000 კვტ.სთ ელექტრო ენერგია. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიანტის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და ამ ქსელით სარგებლობისათვის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებისათვის) მიიღოს სათანადო კომპენსაცია, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიანტი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიანტსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება. მე-4 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიანტს უფლება არ აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2008 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, მითითებული პერიოდის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულებით ვეღარ განხორციელდებოდა ანგარიშსწორება მხარეთა შორის. მართალია მხარეები 2008 წლის 1 იანვრიდან აღარ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში, თუმცა უდავო იყო, რომ ფაქტობრივად სს ,,ე.-პ. ჯ-ა“ სარგებლობდა შპს ,,პ. კ-ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგამანაწილებელი ქსელებით და მათი მეშვეობით აწვდიდა ელექტროენერგიას აბონენტებს. შესაბამისად, სს ,,ე.-პ. ჯ-ა“ ვალდებულია შპს ,,პ. კ-სათვის“ გადაეხადა ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის გარკვეული კომპენსაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან სადავო პერიოდზე, რომელიც მოიცავდა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდგომ პერიოდს, მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია შეთანხმებას კონკრეტულ ტარიფზე და არც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუდგენია ტარიფის ოდენობა, ამიტომ, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა დაედგინა და განესაზღვრა სს ,,ე. პ. ჯ-სათვის“ გონივრული ტარიფი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა სემეკის მიერ ელექტროენერგიის გატარებისათვის და ენერგეტიკული მომსახურებისათვის მანამდე დადგენილ ტარიფებთან. სააპელაციო სასამართლომ, ტარიფის დადგენისას გაითვალისწინა მხარეთა შორის 2008 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება, კერძოდ 6/10 კვ. ძაბვის გატარებაზე მოსარჩელისათვის გადასახდელი საფასური შეადგენდა 0.055 ლარს, ხოლო 0.4 კვ. ძაბვის გატარებაზე – 0.032 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ელექტროქსელებით გატარება ხორციელდებოდა როგორც 6/10 კვ. ძაბვის, ისე 0.4 კვ. ძაბვის ელექტროენერგიის.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სს ,,ე. პ. ჯ-ს“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია დაეკისრა მხოლოდ 6/10 კვ. ძაბვის ელ.ენერგიის გატარებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ყოველ გატარებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე (6/10 კვ. ძაბვის და 0,4 კვ. ძაბვის ელექტრო ენერგიის გატარებისათვის) გონივრული ტარიფი იქნებოდა 0.0035 ლარი. შესაბამისად, გატარებულ 22391000 კვტ. ელექტროენერგიაზე გადასახდელი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა (22391000კვტ. X 0.0035 ლარზე) 78368.50 ლარს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სს ,,ე. პ. ჯ-ს“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის შპს ,,პ. კ-სათვის“ კომპენსაციის სახით უნდა გადაეხადა 78368.5 ლარი (ტომი 4, ს.ფ. 84-97).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სს „ე.-პ. ჯ-მ“ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი ელექტროქსელებით 0.4 კვ ძაბვის ელექტროენერგიის გატარების ფაქტის დადგენილად ცნობისა და 0.4 კვ ძაბვის ელექტროენერგიის გატარებისათვის კომპენსაციის – 78368.5 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება, აგრეთვე, შპს „პ. კ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება სს „ე.-პ. ჯ-სათვის“ 44782 ლარის დაკისრების ნაწილში.
აღნიშნული საკასაციო საჩივარი მოტივირებულია შემდეგი არგუმენტებით:
სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელთა თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, ვალდებულია ითმინოს მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობა და მიიღოს ამ ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაცია. ამ ნორმის საფუძველზე კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია რამდენიმე წინაპირობის არსებობა, მათ შორის, ქსელის კუთვნილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 6 კვ ქსელის კუთვნილება, თუმცა 0.4 კვ ქსელის კუთვნილების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ დევს.
სს „ე.-პ. ჯ-ს“ სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით 6 კვ ქსელით სარგებლობისათვის სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით უკვე დამკვიდრებული, 1 კვ-ზე 0.002 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო სამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოპასუხეს დამატებით დააკისრა კომპენსაცია 0.4 კვ ქსელით სარგებლობისათვის და საკომპენსაციო ტარიფად განსაზღვრა 6/10 და 0.4 კვ ქსელებით ერთდროულად სარგებლობისათვის გონივრულად მიჩნეული ტარიფი. მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა მითითებული ტარიფის გონივრულად მიჩნევას 6/10 კვ და 0.4 კვ ქსელით ერთდროულად სარგებლობისათვის, მაგრამ მიიჩნევდა, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, რადგან სარგებლობა სახეზე იყო მხოლოდ მოსარჩელის კუთვნილი 6/10 კვ ქსელით, რისთვისაც სს „ე.-პ. ჯ-ს“ შესაძლებელია დაკისრებოდა მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკით ხალსახად დადგენილი კომპენსაცია.
შპს „პ. კ-ი“ როგორც სარჩელით, ისე სააპელაციო საჩივრით, ითხოვდა ხელშეკრულების ძალაში მყოფად აღიარებას და ამ ხელშეკრულების ფარგლებში კუთვნილი თანხების ანაზღაურებას. მას არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა 0.4 კვ ძაბვის ქსელებზე საკუთრების უფლებას და/ან მიუთითებდა, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია იქნა გატარებული 0.4 კვ ძაბვის ქსელში. ეს გარემოება არც წარმოადგენდა მისი სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს. სასამართლომ, საკითხის გარკვევის გარეშე გამოიყენა ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც არც მხარეები მიუთითებდნენ და არც სასამართლოს დაუდგენია. საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ 2008-2010 წლებში ელექტროენერგია მიეწოდა თეთრიხევი ფიდერი №17-ს (ანუ 6/10 ქსელს) და არა 0.4 კვ ქსელს. საკითხი იმის შესახებ, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია მიეწოდა 0.4 კვ ქსელს ან საერთოდ მიეწოდა თუ არა, სასამართლოს არ გაურკვევია. ამდენად, სასამართლომ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მტკიცებულების არარსებობის პირობებში დადგენილად მიიჩნია უძრავი ქონების (ხაზობრივი ნაგებობის) კუთვნილების ფაქტი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზოვანი ნაგებობა ითვლება უძრავ ნივთად და მასზე საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით (სპევიალური მტკიცებულებით). საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომელთა თანახმად, შპს „პ. კ-ს“ საკუთრებაში აქვს 6 კვ ძაბვის გადამცემი ხაზები. მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა 0.4 კვ ძაბვის ხაზებზე მისი საკუთრების უფლება, რისი ვალდებულებაც მას გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ 0.4 კვ ძაბვაზე ელექტროენერგიის გატარების ფაქტი დადგენილად გამოაცხადა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ხელშეკრულებით 6/10 კვ ძაბვის გატარებაზე მოსარჩელისათვის გადასახდელი საფასური შეადგენდა 0.055 ლარს, ხოლო 0.4 კვ ძაბვის გატარებაზე – 0.032 ლარს. ასეთი რამე ხელშეკრულებაში არ წერია. დასახელებული ხელშეკრულება მოიცავდა ქსელით სარგებლობას და სხვა არაერთ მომსახურებას და ანგარიშსწორების წესი კავშირში არ იყო მოსარჩელის კუთვნილებაში არსებული ქსელის პარამეტრებთან. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, საანგარიშსწორებო თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობს ცენტრალური აღრიცხვის პუნქტში აღრიცხული კილოვატების ოდენობა, მისი ღირებულების პირობითი ტარიფი (რომელიც დიფერენცირებულია მომხმარებლის კატეგორიის და არა ხაზის პარამეტრის მიხედვით), აგრეთვე, თანხების ამოღების ფაქტობრივი მაჩვენებლები. აქვე, კასატორი განმარტავს, რომ მომხმარებლის კატეგორია გულისხმობს შესაბამის ძაბვაზე (6/10 ან 0.4) მოწყობილ აღრიცხვის კვანძს და განსაზღვრავს მომხმარებელთან საანგარიშსწორებო ტარიფს.
სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადაწყვეტილება გამოიტანა იმგვარად, რომ შპს „პ. კ-ის“ ქსელით 2008-2010 წლებში გატარებული 22391000 კვტ.სთ ელექტროენერგია მიიჩნია სრულად როგორც 6./10 კვ, ისე 0.4 კვ ქსელში გატარებულად.
შპს „პ. კ-ი“ საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
სასამართლომ არ შეაფასა და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაითვალისწინა შპს „პ. კ-ის“ მითითება, რომ ურთიერთობები მხარეებს შორის ეყრდნობოდა მხოლოდ 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებას და მისი მარეგულირებელი არც ერთი სხვა კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლომ არ იმსჯელა და გადაწყვეტილებაში არ მიუთითა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიულად დადგენილი დანაწესი, რომლის თანახმადაც, ქირავნობის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით ავტომატურად გაგრძელება, თუ დამქირავებელი ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც სარგებლობს ქირავნობის საგნით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილის 4.3 პუნქტში სასამართლო მსჯელობას და თავის მოსაზრებას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები იძულებითი წესით რეგულირდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 29-ე მუხლითა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლით, თუმცა აქვე სასამართლო არ მსჯელობს, არსებობდა თუ არა სამართლებრივი იძულების საფუძვლები მაშინ, როდესაც მხარეებს შორის არსებული ურთიერთობები დარეგულირებული იყო ხელშეკრულებით. ამდენად, დასახელებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად საკმარისად დასაბუთებული.
კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივად საკმარისად დასაბუთებული არ არის 6-10/0.4 კვტ. სიმძლავრეზე გაწეული მომსახურებიდან მხოლოდ 6-10 კვტ. ძაბვის საფეხურზე გატარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებისა და გატარების საფასურად 0.035 ლარის მიკუთვნების საკითხი, მაშინ როდესაც მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებისათვის მსგავს მომსახურებაზე დადგენილია ბევრად მეტი ღირებულება.
უდავოა, რომ ნებისმიერი პირის დავალდებულება, უპირობოდ ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა სხვა პირის მიერ, არის მესაკუთრის იძულება და მისი საკუთრების უფლების ხელყოფა, თუმცა სადავო პერიოდში (2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) არ არსებობდა არც ერთი კანონი, რომელშიც გათვალისწინებული იყო ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის (გადამცემი ქსელების) მესაკუთრის იძულების შემთხვევა და იძულების წესი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლები, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტი წინააღმდეგობაშია სამართლებრივი იერარქიით ყველაზე მაღლა მდგომი აქტის – საქართველოს კონსტიტუციის ნორმებთან, დავის განხიოლვისას მათი გამოყენება დაუშვებელია და წარმოადგენს არსებით სამართლებრივ უსწორობას, რაც დაუშვა სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას.
შპს „პ. კ-ის“ სარჩელის მოთხოვნაშიც და სასამართლო განხილვის პროცესშიც არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ იმ ქონების გამოყენებით, რომელიც მას მიღებული ჰქონდა 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით, ეს ხელშეკრულება ჩაითვალა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 599-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან და მხარეთა შორის ურთიერთობის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. უდავოა, რომ სასამართლომ 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 599-ე მუხლის საფუძველზე 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შესახებ და არ მიუთითა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული იმპერატიული ხასიათის ნორმა. აღნიშნული ისეთი სახის სამართლებრივი უსწორობაა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას და რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტი მიიჩნევს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე.-პ. ჯ-სა“ და შპს „პ. კ-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ე.-პ. ჯ-სა“ და შპს „პ. კ-ის“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ სს „ე.-პ. ჯ-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1679.30 ლარი) 70% – 1175.51 ლარი, ხოლო შპს „პ. კ-ს“ – 5600 ლარი (8000 ლარის 70%).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ე.-პ. ჯ-სა“ და შპს „პ. კ-ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ე.-პ. ჯ-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1679.30 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 14 ივნისი, ელექტრონული საგადახდო დავალება № 064, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 1175.51 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. კასატორ შპს „პ. კ-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 18 ივნისი, საგადახდო დავალება № 1, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 5600 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.