№ას-865-811-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს, 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ზ. ჭ-ის სარჩელი ა. ჭ-ის წინააღდეგ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. ჭ-ს ზ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა; ა. ჭ-ს დაეკისრა ზ. ჭ-ის სასარგებლოდ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით; მოპასუხე ა. ჭ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით გაუქმდა და საქმე ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განჩინებით აპელანტ ა. ჭ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 320 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 13 აპრილს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 23 აპრილი. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჭ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ვერც აღნიშნულის თაობაზე ვერ შეატყობინა სასამართლოს დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განჩინებით აპელანტ ა. ჭ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 320 აშშ დოალრის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებითვე ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2012 წლის 13 აპრილს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ა. ჭ-ის ხელმოწერით (იხ.ს.ფ. 219). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10- დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 14 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 23 აპრილს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ვერც აღნიშნულის თაობაზე ვერ შეატყობინა სასამართლოს დროულად.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა, რაც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.