Facebook Twitter

№ას-870-816-2012 2 ივლისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა, სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ს-მ მოპასუხეების – რ. და მ. ლ-ების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე უძრავი ქონების რ. ლ-ს წილის (მთლიანი უძრავი ქონების ½) თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

ბ. მ. ლ-სათვის 42000 ლარის დაკისრება ამ უკანასკნელის ქონებაზე მის მიერ გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ს-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე უძრავი ქონების რ. ლ-ს წილის (რაც შეადგენდა მთლიანი უძრავი ქონების ½-ს) ½-ის მესაკუთრედ. შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში. რაც შეეხებოდა სარჩელის მეორე მოთხოვნას, აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. ლ-ს . ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა 24137.27 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 362.05 ლარის გადახდა. ამასთან, რ. ლ-ს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ნაწილის, 28.05 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას ნ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრა 24137.27 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

რ. ლ-ს მამა და მ. ლ-ს მეუღლე გ. ლ-ა გარდაიცვალა 1986 წლის 26 დეკემბერს.

გ. ლ-ს სამკვიდრო გაიხსნა 1986 წლის 26 დეკემბერს. სამკვიდროს გახსნის ადგილი იყო ქალაქი ფოთი, მ-ის ქუჩის №9.

გ. ლ-ს სამკვიდროს წარმოადგენდა ქ.ფოთში, მ-ის ქუჩის №9-ში მდებერე უძრავი ქონება.

მოპასუხეები წარმოადგენდნენ გ. ლ-ს პირველი რიგის მემკვიდრეებს: რ. ლ-ა – გ. ლ-ს შვილს, ხოლო მ. ლ-ა – მეუღლეს.

მოპასუხეებმა სამკვიდრო მიიღეს ფაქტობრივი ფლობით, 1986 წელს.

2009 წლის 6 თებერვალს გაიცა სამკვიდრო მოწმობა იმის თაობაზე, რომ გ. ლ-ს გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის სამკვიდროზე თანაბარი წილის უფლებით მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის მეუღლე – მ. ლ-ა და შვილი – რ. ლ-ა.

სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ.ფოთში, მ-ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხეების სახელზე 2009 წლის 16 მარტს.

ნ. ს-ა და რ. ლ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2001 წლის 20 ოქტომბრიდან.

2006 წლიდან ნ. ს-სა და რ. ლ-ს შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო ქორწინება.

ერთად ცხოვრების პერიოდში, 2002 წელს, ნ. ს-სა და რ. ლ-ს შეეძინათ შვილი – გ. ლ-ა.

ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ ნ. ს-ა შვილთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების ოჯახში, ხოლო რ. ლ-ა ქ.ფოთში, მ-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში.

მოსარჩელე, 2001 წელს, როდესაც მიმდინარეობდა სადავო სახლის რეკონსტრუქცია, მუშაობდა ბუღალტრის თანამდებობაზე, რამდენიმე ადგილზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა დაახლოებით 2000 აშშ დოლარს.

რ. ლ-ს შემოსავალი, სახლის გადაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის დროს, შეადგენდა 300 ლარს, ხოლო მოპასუხე მ. ლ-ა იყო პენსიონერი და პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნდა.

მოსარჩელის მიერ წარდგენილი, 2009 წლის 25 დეკემბრის დამოუკიდებელი აუდიტის შპს აუდიტორული ფირმა ,,გ. ა-ის’’ დასკვნით, ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე სახლზე განხორციელებულ რეკონსტრუქცია-მიშენებაზე გაწეული ხარჯები 15%-იანი ცდომილების გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს 80000 ლარი.

მოპასუხის მიერ წარდგენილი, 2010 წლის 27 იანვრის დამოუკიდებელი აუდიტის შპს აუდიტორული ფირმა ,,გ. ა-ის’’ დასკვნით ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე სახლის საბაზრო ღირებულებად 15%-იანი ცდომილების გათვალისწინებით შეიძლება მიღებულ იქნეს 51000 ლარი.

სასამართლოს მიერ დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. განჩინებით ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება მხარეებს დაეკისრათ სოლიდარულად.

რ. ლ-მ გააფორმა ხელშეკრულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, რის საფუძველზეც ჩატარდა ექსპერტიზა ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების და ასევე სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის მიზნით. ექსპერტიზის ხარჯები 1086.15 ლარის ოდენობით ექსპერტიზის ბიუროს მიერ მთლიანად დაეკისრა რ. ლ-ს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 28 ივნისის დასკვნით, ქ.ფოთში, მ-ის ქუჩის №9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, რ. ლ-ს მიერ მითითებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება მასალებისა და მომსახურების საბაზრო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა საორიენტაციოდ 48274.55 ლარით, დარიცხვის ჩათვლით. ექსპერტის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისას არ იქნა ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ხარჯები, ასევე მთელი რიგი სარემონტო სამუშაოების და სამშენებლო მასალის ღირებულება, რადგან მოპასუხე რ. ლ-ს მითითებით ისინი წარმოადგენდნენ საჩუქარს, ხოლო ნაწილი რამაზ ლაშქარავას მიერ იყო შეძენილი. ექსპერტის განმარტებით ექსპერტიზის დასკვნაში თავად მოპასუხის მითითებით, შეტანილი და აღრიცხული იყო ძირითადად მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები.

ნ. ს-სა და რ. ლ-ს ქორწინების პერიოდში, 2001 წლიდან, მოხდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე სახლის გადაგეგმარება, რეკონსტრუქცია. კერძოდ, სახლის პირველ და მესამე სართულებს მიუშენდა ფართი და სახლს დაუშენდა მესამე სართული, ასევე, სახლს ჩაუტარდა რემონტი.

ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე, რ. და მ. ლ-ების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები და კაპიტალური რემონტი ძირითადად ჩატარდა მოსარჩელის ხარჯებით, რაც შეადგენდა 48274.55 ლარს.

რ. ლ-სა და ნ. ს-ს ერთად ცხოვრების პერიოდში მ. ლ-ს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების, ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა.

სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 987-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირს რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ფოთის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ნ. ს-ს სარჩელი ნაწილობრივ, რადგანაც მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მთლიანად სახლზე განხორციელებული ხარჯების ოდენობა შეადგენდა 48274.55 ლარს, შესაბამისად, მ. ლ-ს (მოსარჩელე ნ. ს-ს დედამთილი) სწორად დააკისრა მისი წილის – მთლიანი სახლის 1/2-ის შესაბამისად, 48274.55 ლარის ნახევარის – 24137.27 ლარის გადახდა ნ. ს-ს სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განჩინება მ. ლ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ნ. ს-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, კასატორს მოსარჩელე ნ. ს-ს სასარგებლოდ დაეკისრება მხოლოდ 12068.63 ლარის გადახდა.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის ხელფასი, რომლითაც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მოხდა სახლის გადაკეთება და რემონტი, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით წარმოადგენდა მეუღლეების – რ. ლ-სა და ნ. ს-ს თანასაკუთრებას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა მეუღლეთა თანასაკუთრებით გაწეული ხარჯები, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხე მ. ლ-ს წილზე გაწეული ხარჯების ½-ის ანაზღაურება. შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული თანხებით მესამე პირის – მ. ლ-ს გამდიდრების შემთხვევაში, თითოეულ მეუღლეს მ. ლ.ს მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება გაწული ხარჯების მხოლოდ შესაბამის წილზე.

საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქ.ფოთში, მ-ის ქ.№9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასა და რემონტზე ძირითადად გაიხარჯა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სახსრები. სასამართლომ დასახელებული დასკვნა გამოიტანა მხოლოდ იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ნ. ს-ს ხელფასი შეადგენდა 2000 აშშ დოლარს და დაადგინა, რომ სწორედ ამ სახსრებით მოხდა სახლის რეკონსტრუქცია და რემონტი.

სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, მაგრამ არ დაადგინა აღნიშნული ნორმის სწორად შეფარდებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რა სახით არსებობდა სადავო უძრავი ნივთი ნ. ს-ს მიერ ხარჯების გაწევამდე (სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე) და რა სახით იქნა იგი გადაცემული მოპასუხე მ. ლ-სათვის; გამდიდრდა თუ არა მოპასუხე მისთვის გარემონტებული შენობა-ნაგებობების გადაცემით და რა ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.